Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლებაზე მეტი ნდობით სარგებლობს


ევროპული სამეზობლოს მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ევროკავშირი საქართველოში გამორჩეული ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობს. რესპონდენტთა პასუხებით ირკვევა, რომ სწორედ ამ საერთაშორისო სტრუქტურას უკავშირდება ეკონომიკასა თუ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული იმედები, ხოლო ნდობის პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის მისამართით აღემატება ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ნდობას. რამდენად ლოგიკური და ადეკვატურია ასეთი შედეგი?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროპულ სამეზობლოში საზოგადოების განწყობების შესწავლას ისახავს მიზნად, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში 1004 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართველების 71% ევროკავშირს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად თვლის, ხოლო 62%-ის აზრით, ევროკავშირსა და საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საკმარისი საერთო ღირებულებები აქვთ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი ევროპული სამეზობლოს აღმოსავლეთ ნაწილში.

ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოში ევროკავშირს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე - მაგალითად, ნატოსა და გაეროზე - მეტად ენდობიან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისადმი 71%-იანი ნდობა აღემატება ხალხის ნდობის მაჩვენებელს საკუთარი მთავრობის მისამართითაც - ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მაღალია პარლამენტისადმი ნდობის მაჩვენებელზეც, რაც 62%-ს შეადგენს. კვლევის მიხედვით, საკმაოდ დაბალია და, კერძოდ, 46%-ს უტოლდება გამოკითხულთა ნდობა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების მიმართ.

ამაში ვგულისხმობ იმას, რომ, ვთქვათ, 92%-ის აზრით, ევროკავშირთან თანამშრომლობა სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე იმოქმედებს და ეს არის აბსოლუტურად სწორი...
ვიქტორ დოლიძე
გამოკითხვის შედეგებს სავსებით ლოგიკურად და ადეკვატურად მიიჩნევს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მაჩვენებლები, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ ნებას, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უკავშირდება და ეს ნება მტკიცე და უცვლელი იქნება ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. ამასთან, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დაკვირვებით, საქართველოში სულ უფრო იზრდება საზოგადოების პოლიტიკური კულტურა:

”ამაში ვგულისხმობ იმას, რომ, ვთქვათ, 92%-ის აზრით, ევროკავშირთან თანამშრომლობა სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე იმოქმედებს და ეს არის აბსოლუტურად სწორი, ისევე როგორც 87%-იანი მაჩვენებელი - ადამიანის უფლებების დაცვასა და ვაჭრობაზე. როგორც ცნობილია, ევროკავშირთან ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმების უმთავრესი ნაწილია”.

იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირს საკუთარ ხელისუფლებაზე მეტად ენდობიან, ევროპული დემოკრატიის მოდელისკენ სწრაფვის გამოვლინებად მიიჩნევს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყველაფერს შედარება განაპირობებს:

”საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური სისტემის საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, რომლისკენ სწრაფვაც არის ყველაზე პოპულარული საგარეო პოლიტიკური კურსი. სწრაფვა გულისხმობს, რომ ჯერ იქ არა ხარ, ანუ იქ არის იდეალური ტიპი და ყველაფერი, რაც იქით მიდის, ჯერ არ არის იდეალური”.

ჩვენ არ ვართ ევროკავშირის კოლონია ან რაღაც ასეთი... აშკარად ვხედავთ, რომ უფრო მეტს ხარჯავს ევროკავშირი საქართველოში, ვიდრე რაღაც მოგებას ნახულობს. თან გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოების...
კახა გოგოლაშვილი
ევროკავშირი საქართველოში პოპულარული იქნება ნებისმიერი მთავრობის პირობებში და ამას წინა წლებში ჩატარებული გამოკვლევებიც ადასტურებს, - ამბობს ჩვენთან საუბრისას „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. ანალიტიკოსს არ უკვირს, რომ ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლებაზე მეტი ნდობითაც კი სარგებლობს და ეს, მისი აზრით, იმიტომ ხდება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ხალხი უფრო მეტს სთხოვს და, შესაბამისად, მეტადაც აკრიტიკებს, ხოლო ევროკავშირი, საზოგადოების აღქმით, ”მეტად პოზიტიური გარე აქტორია”, რომელიც მხოლოდ კარგს აკეთებს მათი ქვეყნისთვის:

”ჩვენ არ ვართ ევროკავშირის კოლონია ან რაღაც ასეთი... აშკარად ვხედავთ, რომ უფრო მეტს ხარჯავს ევროკავშირი საქართველოში, ვიდრე რაღაც მოგებას ნახულობს. თან გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოების. რაც შეუძლია გარე აქტორს, ევროკავშირის მხრიდან კეთდება თითქმის მაქსიმუმი”.

კახა გოგოლაშვილს არც ის უკვირს, რომ ევროკავშირი საქართველოში ნატოზე მეტი ნდობითაც სარგებლობს, რადგან, მისი თქმით, ნატო ამ ეტაპზე საქართველოს ძირითადად მხოლოდ ”პოლიტიკური მხარდაჭერის ელემენტებით ასაზრდოებს”, ხოლო ევროკავშირი აქტიურად არის ჩაბმული ქვეყნის რეფორმირების პროცესში.

რაც შეეხება ზოგიერთ სხვა მონაცემს ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული გამოკვლევიდან: რესპონდენტების დიდ უმრავლესობას სურს, რომ ევროკავშირმა აქტიური როლი ითამაშოს მათი ქვეყნის განვითარებაში, 92% ასეთ სურვილს ეკონომიკას უკავშირებს, 87%-87% - ვაჭრობასა და ადამიანის უფლებებს, 85% - დემოკრატიულ განვითარებას, ხოლო 83% - ქვეყნის რეგიონალურ თანამშრომლობას. რეგიონის საშუალო მაჩვენებელს ეს მაჩვენებლებიც აღემატება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობები გამოკითხულთა 82%-ს ეგულება და მხოლოდ 8%-ია საპირისპირო აზრზე.

აი, ასეთი შედეგები გამომჟღავნდა ევროპული სამეზობლო ბარომეტრით, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროექტის ფარგლებში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG