Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიუბილეო შეხვედრა ერგნეთში


ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 50-ე, საიუბილეო, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის სამი კარავი დადგა. ძირითად კარავში მოლაპარაკება გაიმართა, მეორე კარავში მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მესამე კარავში კი საიუბილეო ვახშმისთვის სუფრა გაიშალა. 50-ე შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა. მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, შეხვედრის დაწყებამდე კი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 2009 წლის აპირილიდან ჟენევის დისკუსიის ფორმატში ერგნეთისა და გალის შეხვედრები ამოქმედდა. ამ შეხვედრებზე ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებული პრობლემებისა და დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხები განიხილება. წელიწადზე მეტია, აფხაზური მხარის პროტესტის გამო, გალის შეხვედრები აღარ იმართება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ტოივო კლაარმა იმედი გამოთქვა, რომ ერგნეთის მსგავსი შეხვედრები გალის მიმართულებითაც აღდგება.

მხარეების წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციის ფორმატს პოზიტიურად აფასებენ. მათი აზრით, ამ შეხვედრებზე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არაერთი სამეურნეო საკითხი მოგვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი კახაბერ ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლობა მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ხელს შეუწყობს.

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, ოსურმა მხარემ სოფლების დირბისა და კოდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიებზე ცეხლსასროლი იარაღით ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დაცხრილვა გააპროტესტა და ქართულ მხარეს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად სიფხიზლისკენ მოუწოდა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები უკვე ხშირად მეორდება და აუცილებელია მხარეებმა პროვოკაციის თავიდან აცილება შეძლონ.

ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთის შეხვედრა

გარდა ამისა, დღესვე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს მათ მიერ სამი ძებნილი პირის დაკავება და გადმოცემა მოსთხოვა. გაგლოითის ინფორმაციით, პირებმა რომლებმაც დანაშაული ცხინვალში ჩაიდინეს, თავს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას აფარებენ და აუცილებელია მათი დაკავება. ქართულმა მხარემ საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეების დამონტაჟების პროცესი გააპროტესტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს იმ ადამიანებისთვის, ვინც შეშის დასამზადებლად ტყეში შედის. დღესვე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხი.

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა აგრეთვე დაჩქარდეს ახალგორის მოსახლეობის გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემის საკითხის განხილვა. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება, მანამდე კი მხარეები დეკემბერში ჟენევის დისკუსიის ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG