„სამხრეთ ოსეთი სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობების მონტაჟს იწყებს“- ეს განცხადება ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა გააკეთა. რუსეთის მესაზღვრეები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟს ზაფხულიდან სოფელ არანგარონის მიმართულებით დაიწყებენ. არანგარონი სოფელ იონჩას ახალი სახელია. 2008 წლის ომის შემდეგ არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ტოპონიმიკის შეცვლა დაიწყო და იონჩასაც არანგარონი უწოდა. ეს სოფელი ზნაურის მიმართულებით ქარელის მუნიციპალიტეტის ქართულ სოფლებს ესაზღვრება. სანაკოევის თქმით, იქ ადგილობრივმა მოსახლეობამ მსხვილფეხა პირუტყვი დაკარგა და ამის გამო სასაზღვრო მავთულხლართების მონტაჟი მოითხოვა.
სანაკოევის პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო და დიპლომატიურ მექანიზმს გამოიყენებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კონფლიქტის ზონაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს. კიდევ ერთხელ დაისვა გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი. გასულ წელს გიუნაშვილი ჯერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ტერორისტულ-დივერსიული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს და 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, ისევე როგორც წაყენებული ბრალდებები, არის საფუძველს მოკლებული, ხელოვნურად შექმნილი და სრულიად პოლიტიზებული.
ქართული მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია გიორგი გიუნაშვილის უახლოეს პერიოდში უპირობოდ გათავისუფლება. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა აღნიშნა, რომ გიუნაშვილს აქვს უფლება მოინახულოს ნათესავები და მიიღოს მედიკამენტები. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, არაღიარებული რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, გამოსცემს თუ არა ამნისტიის აქტს და შეეხება თუ არა იგი გიუნაშვილს. სანაკოევმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის შექმნისკენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის უკანონო ქმედებები არღვევს ადგილობრივთა ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ უკანონოდ აღმართული ბარიერების გამო ადამიანთა გადაადგილების უფლება ირღვევა.
შეხვედრის ბოლოს ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა ტრადიციული პრეტენზიებით მიმართა ჟურნალისტება. მას არ მოსწონს ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების ენა, როდესაც რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიად მოიხსენიებენ და დაკავებულებს გატაცებულებს უწოდებენ. გასული ერთი თვის განმავლობაში გამყოფ ხაზთან 9 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. უმრავლესობა უკვე თავისუფალია. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი სამუშაო შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.