Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მართავენ, მუქარის მიუხედავად


რეგიონში რეგისტრირებულია 5.3 მილიონამდე ამომრჩეველი
რეგიონში რეგისტრირებულია 5.3 მილიონამდე ამომრჩეველი

ჩრდილოეთ ერაყში მოსახლე ქურთებმა ორშაბათს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გამართეს - ბაღდადის მხრიდან ზეწოლის, თურქეთისა და ირანის მხრიდან მუქარის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, რომ რეფერენდუმმა შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს რეგიონალური კონფლიქტი.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ქურთთა ავტონომიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმზე, გავრცელებული ვარაუდით, ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს დამოუკიდებლობას, თუმცა რეფერენდუმის შედეგს სავალდებულო ძალა არ ექნება. შედეგის მთავარი ფუნქცია იქნება ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელის მასუდ ბარზაისთვის ერთგვარი მანდატის მინიჭება, რათა მან მოლაპარაკება გამართოს ამ ნავთობის მაწარმოებელი რეგიონის გამოყოფის შესახებ.

ერაყელი ქურთებისთვის - უდიდესი ეთნიკური ჯგუფისთვის, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს გარეშე დარჩა - ეს რეფერენდუმი ისტორიული მნიშვნელობის შესაძლებლობას წარმოადგენს, მიუხედავად ინტენსიური საერთაშორისო ზეწოლისა მისი გაუქმების მოწოდებით.

ჩვენ უარესიც გვინახავს - უსამართლობა, მკვლელობა და ბლოკადა...
ერთ-ერთი ამომრჩეველი

„ჩვენ უარესიც გვინახავს - უსამართლობა, მკვლელობა და ბლოკადა“, - უთხრა ამომრჩეველმა, სახელად თალატმა, „როიტერსს“ საარჩევნო უბანთან რეგიონალურ დედაქალაქ ირბილში.

ირბილიდან დასავლეთით, ფეშმერგას ძალების ფრონტის ხაზის სიახლოვეს, ქურთი მებრძოლების გრძელი რიგები იდგა შენობასთან, რომელშიც უწინ სკოლა იყო, ახლა კი საარჩევნო უბანია განთავსებული, - იუწყება „როიტერსი“. მათი უმეტესობა უბნიდან გაღიმებული გამოდიოდა და ხალხს მარკირებულ თითს უჩვენებდა, არჩევანის გაკეთების დასტურად.

„როიტერსს“ ბაღდადელი ადვოკატის ადილ სალმანის სიტყვებიც მოაქვს - რეფერენდუმი ერაყის მთავრობის სისუსტის შედეგიაო. „სცენარი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სახელმწიფოს დაშლას უდრისო“, ამბობს ის.

ქურთები აცხადებენ, რომ რეფერენდუმი ირეკლავს მათ მიღწევებსა და შენატანსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში - მას შემდეგ, რაც მათ 2014 წელს ერაყის არმია დაამარცხეს და ქვეყნის მესამედზე კონტროლი დაამყარეს.

თუმცა იმ ფონზე, როცა 30 მილიონი ეთნიკური ქურთი მთელ რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფოში სახლობს, თეირანი და ანკარა შიშობენ, რომ ქურთთა სეპარატიზმის ახალი ტალღა მათ ქვეყნებზეც გავრცელდება.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, თურქეთი გადაკეტავს მილსადენს, რომელსაც ნავთობი ჩრდილოეთ ერაყიდან გააქვს მსოფლიოშიო, რაც ქურთებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იქნება.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

„ამის შემდეგ ვნახავთ, რა გზებს გამოიყენებს ჩრდილოეთ ერაყის რეგიონალური მთავრობა თავისი ნავთობის გარეთ გასატანად ან სად გაიტანს მას“, - განაცხადა სტამბოლში მყოფმა ერდოანმა და დასძინა: ჩვენ შეგვიძლია მილსადენი გადავკეტოთ და როგორც კი ამას გავაკეთებთ, ყველაფერი დასრულდებაო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქურთები გასულ კვირაში გააფრთხილა, კამათის საგნად ქცეულ ადგილებში რეფერენდუმის გამართვა განსაკუთრებულად მაპროვოცირებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევიაო.

რეფერენდუმი ტარდება არა მხოლოდ ერაყის ქურთთა ავტონომიურ რეგიონში, არამედ ასევე ქვეყნის ჩრდილოეთის იმ ადგილებშიც, სადაც ქურთთა ძალებმა გამარჯვებები მოიპოვეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამ ადგილების მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ქურთი.

ქურთისტანი 1991 წლიდანაა ავტონომიური და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. რეგიონში რეგისტრირებულია 5.3 მილიონამდე ამომრჩეველი. პირველად შედეგებს რეფერენდუმიდან 24 საათის განმავლობაში მოელიან.

XS
SM
MD
LG