Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EPRC-მ გამოსცა ჟურნალ The American Interest-ის პირველი ქართულენოვანი ნომერი


„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ (EPRC) გამოსცა ჟურნალ The American Interest-ის ქართულენოვანი ვერსია. ეს არის ჟურნალის პირველი უცხოენოვანი გამოცემა.

EPRC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალის ქართული ვერსიის გამოცემა რთულ დროს დაემთხვა და ამ ვითარებაშიც:

„მეტი ცოდნა მეტი გამოცდილება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი მომავალი სირთულეების გადალახვაში. ეს ჟურნალი სწორედ ამისთვის არის. უფასოდ გავრცელდება ქართულენოვანი მკითხველისთვის. როგორც მისი დამფუძნებელი და გამომცემელი ფრენსის ფუკუიამა იტყოდა, ეს ჟურნალის არის იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოს ამერიკა მსოფლიომ და ამერიკელებმა - დანარჩენი მსოფლიო“.

The American Interest-ის მთავარი რედაქტორი - ჯეფრი გედმინი, სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე - ფრენსის ფუკუიამა და გამომცემელი - ჩარლზ დევიდსონი ქართულენოვანი გამოცემის მკითხველისადმი მიმართვაში წერენ:

„ჩვენთვის დიდი პატივია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მეგობრებთან ერთად „ამერიკული ინტერესის“ ქართულენოვან გამოცემაზე მუშაობა! „ამერიკული ინტერესი“ მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ ეხება, ეს არის ჟურნალი ამერიკასა და მსოფლიოზე, თანამედროვე სახელმწიფოს მრავალფეროვან პრობლემებსა და გამოწვევებზე. თავად ამერიკული პოლიტიკის კუთხით ჩვენი პრიორიტეტი „პოლიტიკური ცენტრის აღდგენაა“. სახიფათო და არაჯანსაღი ექსტრემისტული ტენდენციების შესაკავებლად შეერთებულ შტატებში დინამიური და ინკლუზიური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გვჭირდება.

ვფიქრობთ, ანალოგიური პრობლემა ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც დგას. „ამერიკულ ინტერესში“ ვმსჯელობთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე. გვჯერა, რომ ავტოკრატებსა და კლეპტოკრატებს სათანადო პასუხი უნდა გაეცეთ. ვაფასებთ მოკავშირეებს - გვჯერა, რომ ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, რომელთა მიღწევაში შეერთებულ შტატებს ალიანსები ეხმარება. თუმცა, ეს კავშირები ეფექტიანი მხოლოდ მაშინაა, როცა ერთმანეთს ვუსმენთ, ვსწავლობთ, ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს პარტნიორებისა ინტერესებსა და ღირებულებებთან ვაჯერებთ. თანამოაზრე ქართველებთან მუშაობა ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა“, - ვკითხულობთ The American Interest-ის ქართულენოვან გამოცემაში.

ცალკე გავრცელდა ჩარლზ დევიდსონისა და ჯეფრი გედმინის ვიდეომიმართვა The American Interest-ის ქართულ ენაზე გამოცემის დაწყების აღსანიშნავად:

ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა: „აპირებდნენ ჩამოსულიყვნენ საქართველოში ამ გამოცემის აღსანიშნავად, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო გადაიდო მათი ვიზიტი. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მხარდამჭერები არიან“.

The American Interest 2005 წლიდან გამოიცემა ორ თვეში ერთხელ. ასეთივე იქნება ქართულენოვანი გამოცემის პერიოდულობაც. საწყის ეტაპზე ჟურნალში ამერიკული გამოცემის მასალა დაიბეჭდება, თუმცა იგეგმება ქართული გამოცემისთვის ექსკლუზიური მასალის შექმნა და დამატება.

XS
SM
MD
LG