თავდაპირველად, 2024 წლის 6 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ დელეგაცია კონფერენციაზე მიიწვიეს პოლონეთის სენატისა და სეიმის - პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების - ევროკავშირთან ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, აგნიეშკა პომასკამ და ტომაშ გროდსკიმ.
თუმცა 2024 წლის 23 დეკემბერს მათ გადაწყვეტილება შეცვალეს, ღონისძიებაზე მიწვევა გააუქმეს და განაცხადეს:
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა გადაწყვიტეს. საქართველოს ქუჩებში დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანების მდგომარეობა უარესდება. ჩვენ ვდგავართ მათ მხარეს, ვინც იცავს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს“.
მიწვევის გაუქმება
სეიმისა და სენატის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნებისთვის“ გაგზავნილ წერილში გაიხსენეს ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუცია, რომელიც, პოლონელი პარლამენტარების სიტყვებით, ევროკავშირს მოუწოდებს, „მკაცრად მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან მაღალი რანგის კონტაქტების ლიმიტირება“ და განაცხადეს:
„დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა COSAC-ის თავმჯდომარეთა კონფერენციაში, რომელიც 2025 წლის 26-27 იანვარს ვარშავაშია დაგეგმილი“.
„ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ღირებულებების [დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების] დარღვევას. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს ევროპულ საზოგადოებაში“, - განაცხადეს პომასკამ და გროდსკიმ.
„ოცნების“ პასუხი
2025 წლის 6 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დაგმო პოლონელი პარლამენტარების გადაწყვეტილება. მან გამოაქვეყნა მათდამი 6 იანვარსვე გაგზავნილი წერილი, რომელშიც წერს:
„გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას - ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს“.
ამ წერილში მახაშვილი იმეორებს „ქართული ოცნების“ მტკიცებას და წერს, რომ „საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რჩება კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ერთგული“.
ლევან მახაშვილი წერს იმასაც, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა „ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას“ და „უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“.
„შეშფოთებით მივიღე თქვენი წერილი, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას, ასევე, უარყოფითად მოქმედებს თავმჯდომარე ქვეყნის - პოლონეთის - ავტორიტეტზე, სანდოობასა და ლიდერობაზე“, - წერს ლევან მახაშვილი.
რა არის COSAC-ი?
COSAC-ი, - რომელზეც „ქართულ ოცნებას“ მიწვევა გაუუქმეს, - არის „ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია“.
მისი მიზანია ევროკავშირის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხელშეწყობა; მისი მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, წელიწადში ორჯერ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, იმსჯელონ და განიხილონ ევროკავშირის პოლიტიკები, კანონმდებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
COSAC-ის წევრები არიან ევროკავშირის ყველა ქვეყნის პარლამენტთა ევროპულ საქმეთა კომიტეტები. დამკვირვებლის სახით კი მონაწილეობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც.
მაგალითად, 2024 წლის მარტში COSAC-ის 71-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა მაშინდელი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
დასკვნით დოკუმენტში, რომელიც 24-26 მარტის სესიას მოჰყვა, COSAC-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას და - „დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად“ - ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა საქართველოსთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნისკენ.
2025 წლის 6 იანვარსვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი განუსაზღვრელი ვადით გადადო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ. კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ არსებობდა რისკი, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ვიზიტი „პროპაგანდისტული მიზნებისთვის“ გამოეყენებინა იმ პირობებში, როდესაც მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები.
ფორუმი