საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივთა დიდი ნაწილი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სოფელში შეყვანილია ბუნებრივი აირი, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იქ მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი გაზს გასათბობად ვერ იყენებს და მაინც შეშას აგროვებს.
ენერგოვაუჩერები კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებული საჭიროებებისთვის სახელმწიფო დახმარებას ყოველწლიურად იღებენ.
- ენერგოვაუჩერებს ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად იყენებს.
- კირბალისა და სხვა მეზობელი სოფლების მცხოვრებლებმა ჯერ არ იციან, როდის დაიწყებს სახელმწიფო 200-ლარიანი ენერგოვაუჩერების გაცემას.
კონფლიქტის ზონაში მცხოვრებნი ხელისუფლებას ენერგოვაუჩერების დარიგებას სთხოვენ. საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს ენერგოვაუჩერებს ურიგებს, წელს კი ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ კირბალის მკვიდრი მამუკა სამხარაძე ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს. სამხარაძის ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ოჯახს შეშა არ ჰქონდა, გასათბობად ვერც ბუნებრივ აირს მოიხმარდა, ამიტომ მამუკა სამხარაძე იქვე სოფლის მახლობელ ტყეში შევიდა შეშის დასამზადებლად, მაგრამ რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მამუკა სამხარაძის თქმით, 200-ლარიანი დახმარება უკვე ჩარიცხული რომ ჰქონოდა, რისკს აღარ გასწევდა და ტყეში აღარ წავიდოდა.
მამუკა სამხარაძის მეუღლე ნატალია გელაძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირის დანახარჯის გადახდის საშუალება ოჯახს არ გააჩნია, ამიტომ მისი მეუღლე ხშირად რისკავს. მამუკა სამხარაძე ბოლო წლების განმავლობაში უკვე მესამედ იყო დაკავებული.
კირბალისა და სხვა მეზობელი სოფლების მცხოვრებლებმა ჯერ არ იციან, როდის დაიწყებს სახელმწიფო 200-ლარიანი ენერგოვაუჩერების გაცემას. მათი თქმით, თანხის სიმცირის მიუხედავად, ეს დახმარება თითოეული ოჯახისთვის მცირე შეღავათის მომტანი მაინც იყო.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამშვიდებს და ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება, წინა წლების მსგავსად, მოსახლეობას ენერგოვაუჩერებით წელსაც დაეხმარება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებული საჭიროებებისთვის სახელმწიფო დახმარებას ყოველწლიურად იღებენ. მათ შორისაა ენერგოვაუჩერების გაცემა. ამ ვაუჩერებს ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად იყენებს. ადგილობრივი მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ეს თანხა მხოლოდ ორ თვეს თუ ეყოფათ, მაგრამ მაინც გარკვეული შეღავათია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ზამთრის სეზონზე გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის გადაწყვეტილება კი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.