ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების უკანონო დაკავებისა და სოფელ ტახტისძირში განახლებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს საოკუპაციო რეჟიმებსა და რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით არ არის ეფექტიანი.
„ისინი დღეს სრულად ვერ პასუხობს იმ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ, ორივე მხარეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EMC-ში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ და საერთაშორისო აქტორებმა უნდა გადახედონ არსებულ ფორმატებს და შეიმუშაონ ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი სტრატეგიები ამ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული კრიზისის მართვისა და კონფლიქტების რეგულირების მიზნით.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:
- გააძლიეროს საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად, მათ შორის, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების დროული გათავისუფლების მიზნით;
- ეფექტიანად და უფრო აქტიურად გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ოკუპაციის რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით;
- მიიღოს დროული პოზიტიური ნაბიჯები, საოკუპაციო ხაზს მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გასაძლიერებლად.