Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბანი, რომელიც შედეგზე გავლენას ახდენს


გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მე-4 საარჩევნო უბნის არჩევნები ჩაშლილად გამოაცხადა. გადაწყვეტილებას კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ უბანში 1400 ამომრჩეველია. კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი დეპუტატობის კანდიდატი კი კონკურენტს 494 ხმით უსწრებს, ამიტომ ამ უბანზე, სავარაუდოდ, განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს.

1 ოქტომბერს მე-4 საარჩევნო უბანში პოლიცია იმ დროს შევიდა, როცა ხმების დათვლის პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო. პოლიციამ უბნიდან ყველა დოკუმენტაცია დაულუქავად წაიღო და საოლქო კომისიას მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაუბრუნა. პოლიცია საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა, რომელმაც ახსნა-განმარტებით ბარათში დაწერა, რომ ”ქართული ოცნების” დამკვირვებელს ჩანთაში, 5-ნომრიანი ბიულეტენები აღმოაჩნდა და იგი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხმების მოპარვაში დაადანაშაულა. კოალიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამ უბანს ”ნაციონალური მოძრაობა” დიდი სხვაობით აგებდა და ბიულეტენების სხვის ჩანთაში ჩადებით არჩევნები ჩაშალა. პოლიციამ მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია უბნიდან ისე გაიტანა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც კი არ ჩაუყენებია საქმის კურსში. კომისიის გადაწყვეტილებას მე-4 უბანზე არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმაც მხარი დაუჭირეს. შორენა მგალობლიშვილის აზრით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ნამდვილად არსებობდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პოლიციისგან დაულუქავი დოკუმენტაცია მიიღო და ბიულეტენების გადათვლას აზრი აღარ ჰქონდა.

კოალიცია ”ქართული ოცნების” შტაბი განმეორებითი არჩევნებისთვის უკვე ემზადება. დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ მე-4 უბანში, სადაც ამომრჩეველს ნება გამოხატული ჰქონდა და შედეგები, რომელთა ასახვაც ოქმში ვერ მოესწრო, მათთვის დამაიმედებელია.

გორში, მე-4 საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები სავარაუდოდ 15 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების წინ კოალიციის კანდიდატს 494-ხმიანი უპირატესობა აქვს. უბანში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
XS
SM
MD
LG