Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": უარი წარსულს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეკრება სპორტის სასახლეში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეკრება სპორტის სასახლეში
8 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 11 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, წინასაარჩევნო შეკრება გამართა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები წინასაარჩევნო პროგრამას სპორტის სასახლეში გაეცნენ. რა პრიორიტეტებზე ამახვილებენ ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ქვეყნის პირველი პირი, რომელმაც სპორტის სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა?

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა შეკრება ჯერ კიდევ 6 საათისათვის დაიწყეს. მათ საშვს წითელი და თეთრი მაისურები წარმოადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებსაც აქტივისტები მწყობრად მიუძღოდნენ სპორტის სასახლისკენ, მაისურების გარეშე დარბაზში არ დაიშვებოდნენ. შეკრება, რომელიც 8 სექტემბერს 7 საათზე იყო დაგეგმილი, 9-ის 20 წუთზე, „ზუმბალენდის“ კონცერტით დაიწყო.

თუკი ოთხი სიტყვით დავახასიათებთ სპორტის სასახლეში გამომსვლელთა წინასაარჩევნო სიტყვას, ასეთ წინადადებას მივიღებთ - არა წარსულს! წინ მომავლისკენ!.. ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის, თბილის მერისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავასა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, რომელშიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოპონენტები ხან „წარსულის აჩრდილებად“, ხან „დინოზავრებად“, ხან კი „მუმიებად“ ევლინებოდნენ სპორტის სასახლეში შეკრებილ თეთრ და წითელ მაისურებში გამოწყობილ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, რომლებსაც გულზე ეწერათ ”მე მიყვარს საქართველო”.
ყველაფერი კეთდება საქართველოს განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისათვის, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყანა გამთლიანდება და გაბრწყინდება...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ, ხელისუფლება, მე და ყველა დანარჩენი, მუმიებს კი არ გადავაბარებთ ჩვენ ხელისუფლებას, არამედ თქვენ - ჩემო ახალგაზრდა დებო და ძმებო.“

გიგი უგულავა: „ვის აბრუნებენ საქართველოს პოლიტიკაში? უმაქნის, უპასუხისმგებლო და სიძულვილით სავსე ადამიანებს. შეუძლებელია, რომ ქვეყანამ ასე გარისკოს“.

სპორტის სასახლეში სიტყვით გამომსვლელები იმაზეც ერთხმად თანხმდებოდნენ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანისათვის არის ჯანდაცვა ხელმიუწვდომელი, თუმცა იქვე პირობასაც დებდნენ, რომ მომავალი წლები სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. მაგალითად, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სიტყვებს მოვიშველიებთ, მაშინ „ჩვენი ერთად ყოფნა მომავალ წლებშიც უნდა გაგრძელდეს, რათა მოხერხდეს ამ პრობლემების მოგვარება“. ”ხელშეკრულება საქართველოსთან”, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა სპორტის სასახლეში ხელი მოაწერეს, სწორედ იმ გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალია, რასაც ნაციონალური მოძრაობა უახლოეს მომავალში გეგმავს. მათ შორის არის, უმუშევრობის დაძლევა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება, ჯანდაცვა, 1000-ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც არჩევნების შემდეგ ყველა ოჯახი მიიღებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტებზე საუბრისა, აფხაზ და ოს ხალხსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათი მომავლის გზა ერთიან საქართველოზე გადის:
ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

„მათი მომავალი, მომავალი, სადაც ისინი იქნებიან პიროვნულად თავისუფალნი, მომავალი, სადაც მათ ექნებათ ხიდი ევროპაში, დასავლურ ცივილიზაციაში, მათი მომავლის გზა გადის ერთიან საქართველოზე და ჩვენ, ქართველები, მზად ვართ ხელი გავუწოდოთ მათ.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა სპორტის სასახლეში შეკრებილმა 10 000-მდე ადამიანმა მოისმინა. აი რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პროგრამაზე, რომელსაც ”მეტი სარგებელი ხალხს” ჰქვია:

- ყველაფერი კეთდება საქართველოს განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისათვის, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყანა გამთლიანდება და გაბრწყინდება.

- ნაციონალებს იმიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი, რომ ისინი ყველაზე მაგრები არიან.

- პროგრამაში გაწერილი ყველა პრიორიტეტი მნიშვნელოვანია - ჯანდაცვა, უმუშევრობა, და ვიცი, რომ ამ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებენ.
XS
SM
MD
LG