2013 და 2014 წლების ბიუჯეტების შესრულების განხილვის დროს, როგორც წესი, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროული და დიდი მასშტაბით განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ინფრასტრუქტურულ პროგრამებს შორის, რომლებიც რეგიონებში ხორციელდება, აღსანიშნავია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და რეგიონებში განსახორციელებელი პროგრამების ფონდი, რომელთა დაფინანსებაც ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობით ხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ შეისწავლა ამ პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისობა არსებულ საჭიროებებთან და ის ეფექტი, რომელსაც მსგავსი პროექტები ახდენს ეკონომიკაზე.
კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ 2013 და 2014 წლის პროგრამებში პრიორიტეტების პროცენტული განაწილება ერთმანეთის მსგავსია:
2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთლიანი ფინანსური რესურსის 28% ხვდა წილად, რაც, თანხობრივად, 13,2 მილიონი ლარის ტოლია. გზის რეაბილიტაციას ამ თანხის 24% უჭირავს, წყლით მომარაგებას - 18%. ერთადერთი, 2013 წლისგან განსხვავებით, წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების დანახარჯები და, შესაბამისად, მთლიან პრიორიტეტებში იგი 5%-ს იკავებს.
2014 წლის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის პრიორიტეტებში - როგორც პროექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ისე დაფინანსების კუთხით - ლიდერობს გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. მთლიანად პროექტების რაოდენობაში მას 45% უკავია, ხოლო დაფინანსებაში - 53%, რაც, თანხობრივად, 73 მილიონ ლარს აღემატება. შემდგომ ადგილზე წყალ-კანალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებია, რასაც საერთო პროექტების რაოდენობის 27% უკავია, რაზეც ფინანსური რესურსის 21% იხარჯება. დაფინანსების კუთხით მესამე ადგილს სახლების რეაბილიტაცია იკავებს, 9%-ით, ხოლო პროექტების რაოდენობით კი - სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ასევე 9%-ია;
პროექტების პრიორიტეტები, არსებითად, თანხვედრაშია ქვეყნის მასშტაბით არსებულ საჭიროებებთან, თუმცა მყისიერ გავლენას მათზე, ცხადია, ვერ ახდენს. მთავარი საერთო პრობლემა, რომელიც ყველა რეგიონს მეტ-ნაკლები სხვაობით აერთიანებს, ეს არის დასაქმების პრობლემა. ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც ასევე ყველა რეგიონში გამოიკვეთა, არის საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალი (თუმცა, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში წყლის პრობლემას უფრო მკვეთრად გამოყოფენ, ვიდრე დასავლეთ საქართველოში).
2014 წლის ეკონომიკური მაჩვენებლების გადახედვა ცხადყოფს, რომ ამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გადარიცხული თანხები რეგიონის ეკონომიკაზე, ბიზნესის აქტივობასა და ბიზნესში დასაქმებაზე პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს. თუმცა, ცხადია, ირიბი ზეგავლენა არსებობს, რადგან განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ რეგიონში შექმნილი ინფრასტრუქტურა შემდგომში ბიზნესის წახალისებისა და მოზიდვის წინაპირობაა. რეგიონების ეკონომიკაზე პირდაპირი ზეგავლენის არარსებობა, დიდი ალბათობით, განპირობებულია იმით, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლები, როგორც წესი, ადგილობრივი კომპანიები არ არიან. ამიტომ ეს პროექტები, შესაძლოა, ციფრობრივად ვერ უზრუნველყოფს რეგიონალურ ეკონომიკურ ზრდას, თუმცა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უდავოდ აისახება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, 2012 წლიდან მოყოლებული, ინფრასტრუქტურული ხარჯების წილი საბიუჯეტო ასიგნებებში 14-დან 11 პროცენტამდე შემცირდა. ნაწილობივ სწორედ ეს ტენდენცია განაპირობებდა 2013 წლის შენელებულ ეკონომიკურ ზრდას და უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით ზრდის გარეშე ეს ტენდენცია, შესაძლოა, წელსაც გამეორდეს.