დღეს, ახალი წლის პირველი ეკონომიკური მიმოხილვის დროს, გადავწყვიტეთ საზოგადოების ყურადღება შევაჩეროთ იმ ეკონომიკურ მემკვიდრეობაზე, რაც 2015 წელს 2014 წლისგან ერგო.
გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არა მხოლოდ 2015, არამედ მომდევნო წლებშიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, გახლავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისხელმოწერა. დოკუმენტის სრულ რატიფიცირებამდე, გასული წლის შემოდგომაზე, უკვე ამოქმედდა შეთანხმების ნაწილი და ასევე შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. არსებული გათვლებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ურთიერთობათა გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ინვესტიციების მიმართულებებით.
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე, გასული წლის მაისში, რუსეთის ბაზრის კარი, ღვინისა და მინერალური წყლების შემდეგ, საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულისთვისაც გაიხსნა. ამან, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა და თითქმის სრული ექსპორტის 10 პროცენტამდე აიყვანა რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში, მეორე მხრივ კი, გაზარდა, თუმცა არა ტრაგიკულ ნიშნულამდე, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთის ეკონიმიკაზე, რამაც წლის ბოლოს მწვავედ იჩინა თავი.
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება კი უკვე აისახა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, კერძოდ, საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody's Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვის შეზღუდვა გასულ წელს არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ეს შეზღუდვა რეალურად არ მოხსნილა. ამას დაემატა საქართველოს საიმიგრაციო კანონმდებლობაში 2014 წლის პირველი სექტემბრიდან შესული ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს სავიზო რეჟიმი გამკაცრდა. ამ ვითარებამ უარყოფითად იმოქმედა საინვესტიციო გარემოზე, ასევესაგანმანათლებლო და ტურისტული მიმართულებების განვითარებაზე.
2014 წელს მთავრობამ ახალი ეკონომიკური პროგრამები დაიწყო: 1 ივნისიდან ამოქმედდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.პროგრამის ფარგლებში 50 პროექტია დამტკიცებული, რომელთა ჯამური ღირებულება 225 მილიონ ლარს აღემატება.ბიზნესის ხელშემწყობი კიდევ ერთი ინიციატივა დაიწყო 2014 წლის შემოდგომაზე: 5 000-ლარიანი გრანტი ბიზნესის დასაწყებად გადაეცემა მას, ვისაც სოფლად ბიზნესის დაწყება სურს და მზადაა ამ საქმეში 1000 ლარის ღირებულების ქონება ჩადოს. ჯერჯერობით ამ ინიციატივის შედეგები ცნობილი არ არის.
გასულ წელს დაიწყო ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესიც. ასევე დაიწყო მუშაობა აგროდაზღვევის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. დაიწყო აგროდაზღვევის პოტენციალის გამოკვლევა და კონცეფციის შემუშავება.
ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებაც, რომელიც ითვალისწინებს ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყებას.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებიდან აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გაიზარდა ლუდსა და თამბაქოზე.
გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაბალი იყო, თუმცა მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ 508 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
წლის ბოლოს ყველაზე აქტუალური თემები გაუფასურებული ლარი, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და მისი ეკონომიკური ეფექტი და ბიუჯეტის შესრულება-არშესრულების საკითხი იყო.
ასე რომ, 2015 წელს საკმაოდ წინააღმდეგობრივი ეკონომიკური მემკვიდრეობა ხვდა წილად. ახლა მთავარი ისაა, ამ მემკვიდრეობიდანრომელი ტენდენციები -დადებითი თუ უარყოფითი - იმძლავრებს.