Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ გეგმებს აწყობს


შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა

იმ ფონზე, როცა 2012 წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ძირითადად სოციალურად ორიენტირებულია და მასში ნაკლებად არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯები, ხელისუფლება აცხადებს, რომ სამომავლოდ რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის გაგრძელებას ან დაწყებას აპირებს. ამ საქმეში მთავრობას ინვესტიციების მოზიდვის იმედი აქვს. მსგავსი განცხადებები გასული დღეების განმავლობაში თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გაკეთდა.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში განახლდება, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროექტში გარკვეული კორექტივები შევიდა:

"თბილისის შემოვლითი რკინიგზა ფინანსდებოდა ევრობონდებისგან მოზიდული რესურსით და, სავარაუდოდ, ამავე რესურსით გაგრძელდება ამ პროექტის დაფინანსება. ეს იქნება სუვერენული რესურსით დაფინანსებული პროექტი. შემდგომში, უკვე მომდევნო ეტაპზე, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის პროექტებზე განხილული იქნეს კერძო სექტორთან ერთად კონცესიური მოდელები“.

მთავრობაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ასევე ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის ახალ პროექტზე, ვინაიდან ადრე არსებული პროექტი არ აღმოჩნდა საერთაშორისო კომპანიებისთვის კონდიციური.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს არის დაწყებული დაგაგრძელებას დღევანდელი ხელისუფლება „განახლებული ვერსიით“ აპირებს, რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზაა. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ჩქაროსნული გზა ფასიანი იყოს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო ნორმების თანახმად, ახალი ჩქაროსნული გზატკეცილი შესაძლოა ფასიანი გახდეს მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში. მათივე ინფრომაციით, ფასიანი გზის მშენებლობის შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული გზის განტვირთვა და სატრანზიტო მიმოსვლის გაუმჯობესება, რაც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, „თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, საქართველოს ექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები ინტენსიურად გადაადგილდებიან ამ ავტობანზე. 30-დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე".

ხელისუფლება აცხადებს, რომ, გზების პროექტების გარდა, მუშაობა მიმდინარეობს კურორტების განვითარების გენერალურ გეგმებზე. მათ შორისაა წყალტუბო, გონიო და სამხრეთ საქართველოს არაერთი მიმართულება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, ეს პროექტები უკვე მუშავდებადა მალე მზად იქნება ინვესტორებისთვის.

ზემოთ მოყვანილი განცხადებები და გასულ კვირას „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ხელისუფლების პირველი პირების მიერ გაკეთებული აქცენტები ცხადყოფს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით ეკონომიკის ამოძრავება ამჯერადაც აქტუალურია, თუმცა ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტში საამისოდ ნაკლები თანხებია და ხელისუფლებას უფრო კერძო ინვესტიციების იმედი აქვს. თუ რამდენად რეალისტურია ეს იმედი, დღევანდელი გადასახედიდან, საკმაოდ ძნელი სათქმელია.

ამ ეტაპზე, მაგალითად, შეიძლება ის ითქვას, რომ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩინურ კორპორაცია Donfang Electric Corporation Limited-სადა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორისრამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დღეისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ნახშირის ქვესადგური, რომელიც ტყიბულში აშენდება. ეს იქნება 150 მეგავატის სიმძლავრის სადგური და პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 200 მილიონი დაიხარჯება. მინისტრის თქმით,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვესადგური იმუშავებს საქართველოში მოპოვებულ ნახშირზე, რაც ხელს შეუწყობს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას როგორც ნახშირის მოპოვების, ასევე თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში და შემდეგ, როცა სადგურის მშენებლობა დასრულდება, შეიქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები.

XS
SM
MD
LG