Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წელს თელავში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 341 შემთხვევა გამოვლინდა


კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში უპატრონო ძაღლების თავშესაფარი არ არსებობს. არადა, თითოეულ რაიონში მათი რაოდენობა თითქმის ყოველდღე მატულობს. წელს მხოლოდ თელავში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 341 შემთხვევაა დაფიქსირებული. რა კეთდება ამ მხრივ რაიონში?

კახეთის მუნიციპალურ სამსახურებს ოფიციალური მონაცემები არ მოეპოვებათ ამა თუ იმ კონკრეტულ რაიონში რამდენი მაწანწალა ძაღლი ბინადრობს, თუმცა მოსახლეობა საკუთარი დაკვირვების საფუძველზე გვეუბნება, რომ ასეთი ცხოველების რაოდენობა დღითი დღემატულობს. რესპონდენტთა თქმით, მოსახლეობას ყოველდღიურად ასობით ცხოველი უქმნის საფრთხეს.ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა ცოფიანი და აგრესიულია. მშიერი ძაღლები საცხოვრებელ სახლებშიც შედიან, ერჩიან ფეხით მოსიარულეებს და ბავშვებს.

„ეს ამდენი ძაღლი ქუჩა-ქუჩა დაწანწალებს და ბავშვები ქუჩაში ვეღარ გამიშვია, რადგან გავიგე, რომ ერთ-ერთ ბავშვს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა. რაღაც უნდა მოხერხდეს,გალიები უნდა გააკეთონ“.

„ყოველ ღამით 6-7 ძაღლი მოდის და ქათმები მიჰყავს“.

მაწანწალა ძაღლები - ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არამარტო კახეთშია მოუგვარებელი. საზოგადოება ძაღლების დახოცვის წინააღმდეგია. მათ კონკრეტული ინიციატივები აქვთ - მაგალითად, ცხოველთა თავშესაფრები:

„ადრე კლავდნენ ძაღლებს, მაგრამ მე არასწორად მიმაჩნია. თუმცა გამოსავალი ხომ უნდა იყოს?! რადგან ნებადართულია, რომ ძაღლებმა ქუჩა-ქუჩა უნდა იარონ და ხმა არ უნდა გასცე, გააკეთონ თავშესაფრები, ისე როგორც სხვა ქვეყნებშია. სხვანაირად როგორ შეიძლება?!“.

თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისდირექტორის შუქია გიორგელაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცხოველის მიერ დაზარალებული ადამიანების რიცხვმა 341-ს მიაღწია. აქედან ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვთა რაოდენობა 104-ია. გიორგელაშვილისავე თქმით, გასულ წელს ძაღლმა 821 მოქალაქეს მიაყენა დაზიანება. ეს არიან როგორც შინაური ძაღლები, ასევე მაწანწალა.

„2015 წელს ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის სულ 341 შემთხვევა გვაქვს. აქედან 104 ბავშვია, დანარჩენი მოზარდები არიან. პატრონიანი ძაღლი იყო 290, უპატრონო - 51. 2014 წელს ძაღლებმა სულ 821 მოქალაქე დაკბინეს ან დადორბლეს. აქედან 254 ბაშვი იყო“, - განაცხადა შუქია გიორგელაშვილმა.

თელავის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, პრობლემა მასშტაბურია და ის ცივილიზებურად უნდა მოგვარდეს. ამ მხრივ მერიას მუშაობა უკვე დაწებული აქვს. ვიცე-მერი კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს, როდის მოეწყობა თელავში უპატრონო ძაღლების თანამედროვე თავშესაფარი, თუმცა იცის, რომ ის პირველ ეტაპზე 100 ძაღლზე იქნება გათვლილი. მერიაში ამბობენ, რომ პროექტის პირველადი საფასური 400-450 ათასი ლარია.

„ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკა არ შემიძლია. მოვლენებს ვერ გავასწრებ. მე ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ამ პრობლემაზე აქამდე არავის უმუშავია, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ფიქრი და გამოვნახეთ კონკრეტული ადგილი, სადაც თავშესაფარი მოეწყობა... შესაბამისად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე მიმდინარეობს“.

ხალხი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხელისუფლება პრობლემას აღიარებს, თუმცა მისი მოგვარების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG