Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს წარმომადგენელი სამხედრო ინტერვენციის საფრთხეზე ალაპარაკდა


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში ოთხ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დღის წესრიგში ცხრა საკითხი იყო განსახილველი, მაგრამ მთავარი საკითხის განხილვამ ყველაზე დიდი დრო წაიღო - მხარეები ქართული სოფლების გასწვრივ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და მძიმე ტექნიკის მობილიზაციის საკითხზე მსჯელობდნენ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ დამატებითი ძალების შეყვანა და ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მართლაც ჰქონდათ მიღებული, მაგრამ საზღვრებთან ეს გადაადგილებები მხოლოდ 22 სექტემბრამდე შეინიშნებოდა:

„როგორც კი პირველი შეშფოთება იყო ქართული მხრიდან, ისინი დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და ჩვენ ავუხსენით, რომ ეს დაკავშირებული იყო სადღესასწაულო დღეებთან და, ბუნებრივია, როცა მასშტაბური ზეიმი იმართება, ასევე მასშტაბურად ხდება უსაფრთხოების ზომების გატარება. ამ შეხვედრაზე ევროკავშირის დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, რომ იქ 22 რიცხვიდან საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღებული ფორმირებების ყოფნა აღარ შეინიშნება.“

გაგლოითის არ ეთანხმება ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების, ტექნიკის გადაადგილება და მობილიზაცია ქართულ სოფლებთან ახლაც შეინიშნება და ეს ყველაფერი საქართველოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, ეს სამხედრო ინტერვენციის საფრთხეა:
დღეს მე ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა, თუ გარკვეულმა ძალებმა მოინდომეს, მაშინ შეიძლება ნებისმიერი პროვოკაციის მოწყობა და შემდეგ გადაზრდა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში ...
ირაკლი ალადაშვილი

„სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა გარკვეულწილად დააფიქსირეს ეს ფაქტი და განაცხადეს, რომ 22 რიცხვამდე აღნიშნული გადაადგილებები ნამდვილად ხორციელდებოდა. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ასეთი ტიპის გადაადგილებები დღესაც ხორციელდება. რეალური საფრთხე არსებობს, რადგან ასეთი გადაადგილებები ადრე არ ხორციელდებოდა და ეს არის სამხედრო ინტერვენციის საფრთხე.“

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ დღეს ვერ ხედავს სამხედრო დაპირისპირების წინაპირობებს. მისი აზრით, ახლა კონფლიქტის ზონაში ისეთი ესკალაცია არ არის, როგორიც 2008 წლის დასაწყისში იყო:

„დღეს მე ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა, თუ გარკვეულმა ძალებმა მოინდომეს, მაშინ შეიძლება ნებისმიერი პროვოკაციის მოწყობა და შემდეგ გადაზრდა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში.“

ერგნეთში მხარეებმა დაკავებულების გათავისუფლების საკითხებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრეს. ცოტა ხნის წინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი დაეშვა, მაგრამ სწრაფადვე გაფრინდა ცხინვალის მიმართულებით. ეს ფაქტი ოსურმა მხარემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ინციდენტი ნავიგაციის პრობლემების გამო მოხდა.

დღესვე ოსურმა მხარემ ზარდიანთკარის საგუშაგოს გადაწევის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, მაგრამ ქართული მხარე აღარ აპირებს ამ პრობლემის განხილვას, რადგან საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელში მდებარეობს და, ქემოკლიძის თქმით, ოსური მხარის პრეტენზია მიუღებელია.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა ზუსტად ერთი თვის შემდეგ გაიმართება.
XS
SM
MD
LG