ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შიდა ქართლში შეხვედრები სოფელ ხურვალეთიდან დაიწყო, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს გაესაუბრა. რა საფრთხეების წინაშე დგას 86 წლის მოხუცი და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები. როგორ აღიქვამენ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და როგორ რეაგირებს ამაზე საქართველოს ხელისუფლება. მაგალითად, დავით ვანიშვილისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ეზოში გამოსვლა და სტუმრებთან გასაუბრებაა, რადგან ამის გამო იგი, შესაძლოა, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვდეს. გარდა ამისა, მას ეკონომიკური პრობლემებიც აწუხებს.
დავით რაქვიაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი ხურვალეთში გააკეთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო შენაერთების შემადგენლობაში შეიყვანოს. რაქვიაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები არალეგიტიმურია და უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გორიდან დაიწყეს. გორის უნივერსიტეტში ისინი სტუდენტებს, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეს ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის და უსაფრთხოების ერთიანი ხედვით საზოგადოების გაერთიანებას ისახავს მიზნად. დისკუსია 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული ქვეყნის სტრატეგიული საკითხების შესახებ. გორში ჯერ ისევ საკამათოდ რჩება რუსეთის მტერმოყვრობის საკითხი. ყველაზე დიდ საფრთხედ კი ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება რჩება განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო და რადიო არხები დაუბრკოლებლად მაუწყებლობენ. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე გაოცებული დარჩა ახალგაზრდების არაინფორმირებულობით. მისი აზრით, სწორედ გორსა და მის მიმდებარე სოფლებშია დიდი სამუშაო ჩასატარებელი, რათა ახალგაზრდები რუსული პროპაგანდის მსხვერპლად არ იქცნენ და გააცნობიერონ ის საფრთხეები, რაც ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის.
შეხვედრაზე საუბარი დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, რუსეთი სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამს, არამარტო საქართველოსთვის სახიფათოს.
შეხვედრის ბოლოს საზოგადოებრივი დისკუსიის ერთგვარი შეფასებით გამოვიდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. დავით რაქვიაშვილის თქმით, შეხვედრა გორში მისთვის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით იყო, რომ შეიტყო, როგორ აღიქვამენ საფრთხეებს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები.
უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებსა და ექსპერტებს უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებმაც გააცნეს. მათი აზრით, აუცილებელია პროცესში მეტი ახალგაზრდის ჩართვა და პირველ რიგში მათი ინფორმირება, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რაც ახალგაზრდების განათლებასა და ინფორმირებულობას ხელს შეუწყობს.