Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის თანხის დაზოგვა დისკრიმინაციის ხარჯზე?


არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების შეიკრება
არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების შეიკრება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში მედიის, არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დისკუსიის თემა თვითმმართველობის კანონში შესატანი ცვლილებები იყო. გორის საკრებულომ ბიუროზე რამდენჯერმე ჩააგდო საკითხი საკრებულოს წევრების სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურების შესახებ. საკრებულომ უნდა მიიღოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ვის აუნაზღაურდეს სადეპუტატო ხარჯები, თუმცა დეპუტატები ვერ თანხმდებიან, ეს თანხა მხოლოდ თანამდებობის გარეშე, ესე იგი უხელფასოდ დარჩენილმა საკრებულოს წევრებმა უნდა მიიღონ თუ ყველამ. გორის საკრებულო ახლა კანონში ცვლილების შეტანას ელოდება. კანონში სადეპუტატო ხარჯებთან დაკავშირებული მუხლი დღევანდელი რედაქციით ასე გამოიყურება: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილი წესით“. ამ მუხლში შესატან ცვლილებაში კი წერია: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით“. ამ ცვლილების მიხედვით, პარლამენტი ამბობს, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები სადეპუტატო ხარჯებს ვეღარ მიიღებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზე დისკუსია გაიმართა. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ამომრჩევლებთან შესახვედრად ხარჯის გაღება ყველა დეპუტატს უწევს და კანონმდებლობით არ უნდა მოხდეს დეპუტატების დახარისხება. ამ აზრის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები ისედაც ხელფასს იღებენ და მათთვის დამატებითი ხარჯების ანაზღაურება აღარ უნდა მოხდეს.

წინა მოწვევის საკრებულოში ყველა დეპუტატი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 500-ლარიან ანაზღაურებას იღებდა, ამ თანხის მისაღებად კი მათ საკრებულოს აპარატში მხოლოდ მოხსენებითი ბარათის წარდგენა ევალებოდათ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დეპუტატებს მოჭრილი თანხა არ უნდა ეძლეოდეთ და ხარჯის ანაზღაურება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ უნდა ხდებოდეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ კანონში შესატანად გამზადებული ცვლილება ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიას და დისკრიმინაციულია.

გორის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები ვერ ახერხებენ შეთანხმებას ხარჯის ანაზღაურების რომელ წესს დაუჭირონ მხარი. მისი აზრით, საკრებულოს ხელფასიან თანამდებობის პირებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, გაწეული ხარჯი აინაზღაურონ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კანონში ეს ცვლილება ბიუჯეტის თანხების ეკონომიისთვის არის განსაზღვრული, თუმცა, მათი აზრით, თანხის დაზოგვა დისკრიმინაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ახალგაზრდა იურისტთა აზრით, ის ფაქტიც დისკრიმინაციულია, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ სტრუქტურებში საკონკურსო გამოცდების ჩაბარება სამსახურების უფროსების გარდა ყველა საჯარო მოხელეს ევალება.

XS
SM
MD
LG