ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო. განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და ის ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარისა. იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ, მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშული თანხის გაზრდის საკითხიც განიხილება.
დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და 2015 წლის 15 მაისამდე გაგრძელდა. იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 410-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა.
საპილოტე პროექტის დაწყების მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 257 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილთა ოჯახების რიცხვი კი თითქმის 85 ათასს შეადგენს. მათგან მხოლოდ 23 ათასი ოჯახი იყო დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ხოლო 5 ათასს საცხოვრებლის შესაძენად მიღებული ჰქონდა კომპენსაცია.
შესაბამისად, 49 ოჯახი ამ სტატისტიკაში, ცხადია, საერთო სიტუაციას ვერ ცვლის.
ამ პროექტის გარდა, სახელმწიფო ცდილობს პრობლემა ბინების შესყიდვითაც გადაჭრას. 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით,დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ დაასრულა თბილისის ბინების განაწილების პროცესი. კომისიის შემადგენლობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, შედიოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები.
განაცხადი 10 010-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. კომისიამ შეარჩია ის 561 დევნილი ოჯახი, რომელიც ამ ეტაპზე მიიღებს ბინას - მათ შორის, თბილისის ზღვაზე, ე. წ. “ოლიმპიურ სოფელში“, - 330 და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში - 231 დევნილი ოჯახი.
ცხადია, რომ, ასეთი მოთხოვნის პირობებში, ყოველთვის ჩნდება ხოლმე კითხვები კორუფციულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და პრეტენზიები. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საზოგადოების სამსჯავროზე სახელმწიფო შემდეგ პრინციპს წარმოადგენს: დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა; სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით; კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
ამ პრინციპებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნოემბერში სამინისტრომ გამოაქვეყნა 456 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც მიიღებენ 1, 2, და 3-ოთახიან ბინებს. 4-ოთახიან ბინებზე გამოცხადებულია დამატებითი კონკურსი, ამიტომ 105 დევნილი ოჯახის სია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შესაბამისად, დევნილთა საჭიროებებზე სრული პასუხის გასაცემად საქართველოს სახელმწიფოს რესურსები კიდევ კარგა ხანს არ ექნება. ამ პრობლემას საბოლოო პასუხი, ალბათ, უფრო ეკონომიკის ზოგადმა გაჯანსაღებამ და წინსვლამ შეიძლება გასცეს, როცა დევნილების დიდი ნაწილი განვითარებული ეკონომიკის პირობებში ახალი შესაძლებლობების გამოყენებით თავად შეძლებს საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას.