Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე ლაპარაკობენ და დახმარებას ელიან


ზუგდიდის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და დასახლებაში არსებულ ანტისანიტარიაზე ლაპარაკობენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაპირებები არ შეასრულა და იმედი გაუცრუა, მაინც მისგან ითხოვენ ისინი პრობლემაზე რეაგირებას. დევნილები დახმარების მოლოდინში არიან.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 35-მდე ოჯახს ზუგდიდში, ბერანძის ქუჩაზე განთავსებულ საერთო საცხოვრებელში მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. სამსართულიან კორპუსს სიძველის გამო ჭერი გაბზარული აქვს, კედლებიდან ბათქაში ცვივა, გაუმართავია წყლის გაყვანილობის მილები. დასახლებას არ აქვს კანალიზაცია. ჩასახლების მცხოვრებთა განცხადებით, მათი მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რადგან ანტისანიტარიის გამო მღრღნელები და ქვეწარმავლები მომრავლდნენ. მშობლები განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების გამო შიშობენ.

ოკუპირებული გალის მკვიდრი მონიკა ესართია თვისი ოჯახის მთავარ პრობლემებზე საუბრობს:

„ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. სამი არასრულწლოვანი შვილი მყავს. აქ ადრე, ბინები როცა გასცეს, მე არ მომცეს. პირველ სართულზე ვცხოვრობ და წყალია დაგუბებული ჩვენს ქვევით. გველებია უკვე და გვეშინია ბავშვებს არ უკბინონ. დახმარება ვთხოვეთ სამინისტროს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს“.

დასახლების გვერდით დევნილთათვის განკუთვნილი ახალგარემონტებული კორპუსებია, სადაც უკვე ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. მათთვის ბინების გადაცემის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა უკვე ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე დაესწრო. ბერანძის ქუჩის N9-ში მცხოვრებნი იხსენებენ, რომ მაშინ მინისტრს პრობლემით დაინტერესება და ადგილის მონახულება სთხოვეს, მაგრამ: „აქ იყო გვერდით. ვთხოვეთ მოსულიყო, რომ გვეთქვა რა გვიჭირს და რა არა. ის ადგა და წავიდა. სულ 20-30 მეტრია აქამდე. მერე უთქვამს, ჩვენ არ ვიცოდით აქ დევნილები თუ ცხოვრობდნენო“, - ამბობს ასევე გალის რაიონიდან დევნილი დაზმირ ქეცბაია.

მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების კითხვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში პასუხობენ. უწყების აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟვანია აცხადებს, რომ დევნილთა საცხოვრებლებში არსებული პრობლემები მოგვარდება. ჟვანიას ცნობით, პირველ ეტაპზე კანალიზაციის სისტემა გაიმართება, თუმცა კითხვაზე, როდის, ის პასუხობს, ეტაპობრივადო:

„რაც შეეხება კანალიზაციას, ჩვენი სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად მუშაობს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. ყველა ოჯახს აქვს კითხვარი შევსებული. ამ კითხვარით, ქულების მიხედვით იქნება შემდეგ მათი გამოსახლება“.

როდის მოხდება ბერანძის ქუჩაზე მცხოვრებთა ახალ საცხოვრებლებში დაბინავება, მალხაზ ჟვანიას ვადის დასახელება უჭირს. მისი თქმით, განსახლება მიმდინარეობს სპეციალური ქულების მიხედვით და პირველ ეტაპზე ბინა გადაეცემა შედარებით მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

XS
SM
MD
LG