Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპოზიტების დინამიკა საქართველოს ბანკებში


საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს თვიურ მიმოხილვებს, რომლებშიც საუბარია თვის ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებზე. ბოლო ასეთი მიმოხილვა ბანკს 2014 წლის დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით აქვს გამოქვეყნებული და მასში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას შეხვდებით საქართველოს საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების შესახებ.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ლარის კურსის რყევის პირობებშიც კი, საქართველოში დეპოზიტების უმეტესობა ლარშია დენომინირებული, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ლარის ძირითადი ნაწილი მიმდინარე ანგარიშებზეა აკუმულირებული, ეს ანგარიშები კი ხშირად სახელფასოა. შედარებით უცნაურია, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2014 წლის დეკემბერში 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

საინტერესოა, რომ, ზოგადად, ეს პერიოდი დეპოზიტების ზრდით აღინიშნებოდა როგორც ლარში, ისე დოლარში:

2014 წლის დეკემბერში ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 144.2 მლნ ლარით (3.2 პროცენტით) და 4.6 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშებზე. ლარის რესურსის 64.7 პროცენტი მიმდინარე ანგარიშებზე მოდის.

უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე მიმდინარე ანგარიშების წილი 31.4 პროცენტს შეადგენდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 3.1-პროცენტიანი (112.6 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 3.75 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო იურიდიული პირების ვადიანი დეპოზიტების მატებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2014 წლის დეკემბერში 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.1 პროცენტს გაუტოლდა. დეკემბრის ბოლოსთვის იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 48.9 და 81.2 პროცენტს შეადგენდა.

უნდა ითქვას, რომ 2014 წლის დეკემბერში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე შემცირდა და წლიური 5.3 პროცენტი შეადგინა.

კერძოდ, დეკემბრის თვეში ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი 7.0 პროცენტი დაფიქსირდა.

აქედან: ფიზიკური პირების ეროვნული ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთმა შეადგინა 9.7 პროცენტი, იურიდიული პირებისთვის დეპოზიტებზე წლიურმაგანაკვეთებმა კი -5.0 პროცენტი.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაშიმოზიდულ დეპოზიტებს, წლიური განაკვეთი აქაც შემცირდა და შეწონილმა მაჩვენებელმა 4.8 პროცენტი შეადგინა, თუმცა თუ უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტების წლიური განაკვეთო 4.1 პროცენტი გახდა, ფიზიკური პირების დეპოზიტებზე, პირიქით, გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 5.1 პროცენტის ნიშნულზეა.

საერთო ჯამში, 2013 წლის დეკემბერში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხულმა სარგებელმა 0.6 პროცენტული პუნქტით მოიკლო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში უკვე დაწყებული იყო ლარის დევალვაციის პროცესი, თუმცა, წინასაახალწლო ტენდენციებიდან გამომდინარე, მოლოდინები ლარის შემდგომ დევალვაციასთან დაკავშირებით არ იყო იმ ხარისხის, როგორიც აღმოჩნდა, ფაქტორივად, უკვე 2015 წლის იანვარსა და თებერვალში. ამიტომ საკმაოდ საინტერესო იქნება დაკვირვება იმაზე, თუ როგორ აისახა მოსახლეობისა და ბანკების ქცევაზე 2015 წლის იანვარ-თებერვალში მიმდინარე პროცესები. ამაზე დასკვნის გაკეთების საშუალებას უკვე ეროვნული ბანკის მომავალი თვიური ანგარიში მოგვცემს.

XS
SM
MD
LG