საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, დაახლოებით 1,5 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფი თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აბონენტებისათვის. ამავე დადგენილებით, საშუალოდ 1,28 თეთრით გაძვირდა დენი რეგიონებში, სადაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ 230 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. დადგენილება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. რამ გამოიწვია დენის გაძვირება და როგორ შეხვდნენ სიახლეს თბილისელები?
დენის ახალი ტარიფები
საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფები დადგინდა:
- 0 კვტ.სთ-დან 101-ის ჩათვლით - 14, 54 თეთრი, ნაცვლად 12,98 თეთრისა;
- 101 კვტ.სთ-დან 301-ის ჩათვლით - 18,55 თეთრი, ნაცვლად 16,99 თეთრისა;
- 301 კვტ.სთ-ზე მეტის მოხმარების შემთხვევაში 23.99 თეთრი, ნაცვლად 21,4 თეთრისა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დადგენილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გამანაწილებელი კომპანიის მიერ მოთხოვნილი სატარიფო განაცხადი, რომლის შედეგად, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფები დადგინდა: 0 კვტ.სთ-დან 101-ის ჩათვლით - 14, 54 თეთრი, ნაცვლად 12,98 თეთრისა. 101 კვტ.სთ-დან 301-ის ჩათვლით - 18,55 თეთრი, ნაცვლად 16,99 თეთრისა, და 301 კვტ.სთ-ზე მეტის მოხმარების შემთხვევაში 23.99 თეთრი, ნაცვლად 21,4 თეთრისა. სემეკის განმარტებით, დენის გაძვირება გამოიწვია გენერაციის ობიექტების ტარიფების მატებამ და თელასის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობამ, რომელიც უახლოეს სამ წელიწადში 50 მილიონ ლარს შეადგენს. თელასის წარმომადგენელ მიხეილ ანთიძის თქმით, დადგენილი ტარიფი ბოლომდე ვერ პასუხობს კომპანიის ინტერესებს:
„ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სრულად ვიფიქროთ კომპანიის განვითარებაზე“.
თუმცა დენის გაძვირება მძიმე ტვირთად აწვება აბონენტების დიდ ნაწილს, რომელიც აქამდეც ძლივს აუდიოდა გადასახადებს.
„ყველასთვის მძიმე ტვირთია, საშინელ მდგომარეობაში ვართ“, უთხრა რადიო თავისუფლებას 64 წლის ნათელამ. „გამიჭირდება, მაგრამ გავუმკლავდები გაზრდილი ტარიფის გადახდას, თუმცა იმათ რა გააკეთონ, ვინც ჩემზე უარეს მდგომარეობაშია?!“ - ამბობს 56 წლის ვახტანგი. „მჯეროდა, რომ ტარიფი დაიკლებდა, მაგრამ კი არ დაიკლო, გაძვირდა და გაძვირდა“, წუხს 73 წლის ანა. „სოციალურად დაუცველი ვარ და ჩემთვის დიდი პრობლემაა, განსაკურებით ზამთარში. სახელმწიფო მეხმარება და ცოტა შეღავათი მაქვს“, ამბობს 68 წლის ლამარა.
მომხმარებლებს, რომლებსაც ამ გაზრდილი ტარიფის შემდეგ მხარდაჭერა სჭირდებათ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან...სალომე ვარდიაშვილი
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კვლავაც სახელმწიფოს დახმარების იმედად მოუწევთ ყოფნა. ტარიფის დადგენის პროცესს ყურადღებით აკვირდებოდა ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი:
„ნორმატიული აქტები და თვითონ სატარიფო საქმის წარმოების პროცესი არ დარღვეულა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც ამ გაზრდილი ტარიფის შემდეგ მხარდაჭერა სჭირდებათ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან“.
დენის ტარიფის გაზრდა მოულოდნელი სიახლე არ ყოფილა დარგის სპეციალისტებისათვის. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლის, ანდრია გვიდიანის, თქმით, ბუნებრივია, რომ ტარიფში აისახება კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები და სხვა საოპერაციო ხარჯები, რომელიც კომპანიამ უახლოეს წლებში უნდა განახორციელოს.
„ეს არის მუდმივი პროცესი, რომ კომპანიები წინასწარ უთანხმებენ კომისიას, რომ ვაპირებ ამის გაკეთებას და შესაბამისად დამიდგინე ის საპროგნოზო ტარიფი, რომელიც მომავალ წელს უნდა მქონდეს. ეს ნორმალურია. იმ შემთხვევაში კი, თუ არ განახორციელებს კომპანია ინვესტიციებს, მაშინ წლის ბოლოს მოხდება შედარება, შესაბამისი აუდიტის დასკვნა უნდა წარადგინოს კომპანიამ კომისიაში და ამის მიხედვით კომისია ან ჩაუთვლის განხორციელებულ ინვესტიციას ამა თუ იმ საქმიანობას, ან არ ჩაუთვლის და ეს დააკლდება კომპანიას მომავალი წლის სატარიფო განაცხადებში“, უთხრა ანდრია გვიდიანმა რადიო თავისუფლებას.
სემეკის მიერ 27 დეკემბერს დადგენილი დენის ტარიფი 2020 წლის 31 დეკმბრამდე იქნება ძალაში. სპეციალისტები ელოდებიან ასევე წყლის საფასურის გაზრდას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიის საფასურთან.