Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ვანიშვილის მეორედ დაკავება


დავით ვანიშვილი
დავით ვანიშვილი

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 84 წლის დავით ვანიშვილი რუსეთის მესაზღვრეებმა საკუთარ ნაკვეთში დააკავეს. მის მეუღლეს, ვალია ვანიშვილს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ აცნობეს. ვანიშვილები საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ მათი სახლი და მიწის ნაკვეთი 2008 წლის ომის შემდეგ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა მოექცა. მას შემდეგ მოხუც ცოლ-ქმარს მშობლიური სოფლისგან მავთუხლართები ყოფს, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კი საერთაშორისო დელეგაციები ხშირად ჩადიან და ამ ოჯახის პრობლემებს ისმენენ. დღესაც ხურვალეთში ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელიც ვანიშვილების პრობლემებით დაინტერესდა. დაკავებულის მეუღლე, ვალია ვანიშვილი, ამბობს, რომ ოჯახს ჯარიმის გადახდა არ შეუძლია.

დავით ვანიშვილი ერთხელ უკვე იყო დაკავებული ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ამის შემდეგ მისი შვილიშვილიც დააკავეს და ოჯახს მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ მეზობლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა შეეწყვიტა. ამის შესახებ დავით ვანიშვილი ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასაც უამბობდა.

ხურვალეთელები ამბობენ, რომ მოხუცი პენსიის მისაღებად სოფელში გადმოდიოდა ხოლმე და, შესაძლოა, ის მესაზღვრეებმა სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს, რის შემდეგაც დააკავეს. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია ვერ ახერხებს სოფლის სასაფლაოზე გავიდეს, რომელიც ოკუპირებული გამყოფი ხაზის მიღმაა დარჩენილი.

დავით ვანიშვილის ოჯახის წევრებმა არ იციან, მოხუცი უკვე გადაიყვანეს თუ არა ცხინვალის იზოლატორში. პირველი დაკავების დროს იგი 2000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ახლა კი ვანიშვილების ოჯახს ცხინვალში სასამართლოს გამართვის შემდეგ უკვე 4000 რუბლის გადახდა მოუწევს.

XS
SM
MD
LG