აღმაშენებლის 60ა-ში მდებარე შენობას, რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, ცეცხლი 18 თებერვლის ღამეს გაუჩნდა. უფრო ზუსტად, ჯერჯერობით დაუდგენელია, თავდაპირველად ამ შენობაში გაჩნდა ცეცხლი თუ მის უკან მდებარე ორსართულიან შენობაში, რომელიც არ არის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საერთო ჯამში, დამწვარია 1500 კვმ-მდე ფართი - შენობების სახურავები. ხანძარი შენობის ფასადს არ შეხებია. მიეწოდებოდა თუ არა აღმაშენებლის #60ა-ში მდებარე დაკეტილ შენობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რაც შეიძლებოდა ხანძრის გაჩენის მიზეზი გამხდარიყო? - ამ კითხვაზე პასუხს ჯერჯერობით ვერ იძლევა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ისინი გამოძიების დასრულებას ელიან.
შენობები, რომლებსაც 18 თებერვლის ღამეს გაუჩნდა ცეცხლი, სახელმწიფოს კუთვნილებაა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მდებარეობს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კომპლექსის ტერიტორიაზე - სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც 2015 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „აღმას“, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 მილიონ ამერიკულ დოლარად გადაეცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენების პირობით. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აღრიცხვა-მონიტორინგის სამსახურის უფროსმა გიორგი ფიცხელაურმა, 2016 წელს ტერიტორია უკან, სახელმწიფოს კუთვნილებაში, დაბრუნდა, რადგან ინვესტორმა ვერ მოახერხა ვალდებულებების შესრულება.
აუცილებლად არის შესანარჩუნებელი ის ბაღი, რომელიც საავადმყოფოს აკრავს გარს, რადგან ეს არის ერთ-ერთი უძველესი ბაღი, რომლის ხეები და მცენარეები მრავალ ათეულ წელს ითვლის...გია ჭანიშვილი
საჯარო რეესტრში დაცული ამონაწერის მიხედვით, შპს „აღმას“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მოქალაქე ჰიუკ ლეე, რომელიც, ამასთანავე, არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც. რაც შეეხება მეორე დირექტორს, ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გოგი უგრეხელიძეა. დღესდღეობით აღნიშნულ ტერიტორიას სახელმწიფო დაცვის პოლიცია იცავს, თუმცა, გიორგი ფიცხელაურის თქმით, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ინვესტორთან, ტერიტორიის ათვისების მიზნით. სააგენტოს განმარტებით, ინვესტორთან მოლაპარაკებების დეტალები კონფიდენციალურია და მათ ამ ეტაპზე ვერ გაასაჯაროებენ.
ნეოგოთიკური ტიპის ორსართულიანი შენობა, რომლის სახურავის ნაწილიც 18 თებერვლის ღამეს დაიწვა, სავარაუდოდ, 1880-იან წლებშია აშენებული და ის 1865-67 წლებში აშენებულ მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსს, (აღმაშენებლის #60) მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შეუერთდა. თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული ინფორმაციის თანახმად, ამ შენობაში მიხეილის საავადმყოფოსთან არსებული დავრდომილთა თავშესაფარი იქნა მოწყობილი. თავად მიხეილის საავადმყოფოს რაც შეეხება, ის იყო რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფო. საავადმყოფოს შენობის გარდა, ამავე ტერიტორიაზე, ახლანდელი აღმაშენებლისა და იმდროინდელი მიხეილის გამზირის გასწვრივ, პარალელურად აშენდა კიდევ ორი შენობა - საცხოვრებელი სახლი, რომელშიც საავადმყოფოს ექიმები ცხოვრობდნენ, და აფთიაქი.
2013 წელს კულტურის სამინისტრომ მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენებული მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსის კუთვნილი შენობების კვლევა ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს დაუკვეთა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 2013 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კულტურის სამინისტროს დავით აღმაშენებლის N58-სა და N60-ში მდებარე ორი ძეგლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თხოვნით მიმართა. გია ჭანიშვილი იყო ის ერთ-ერთი მკვლევარი, რომელმაც მაშინ შენობების გამოკვლევა ჩაატარა. მისი თქმით, აღნიშნულ შენობებს სათანადოდ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგან ეს შენობები წარმოადგენდნენ მიხეილის საავადმყოფოს არქიტექტურული ანსამბლის შემადგენელ ნაგებობებს. გია ჭანიშვილი რადიო თავისუფლებასთან კომპლექსის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. სწორედ ამიტომ, მისი სიტყვებით, აუცილებელია, რომ, კომპლექსის ინვესტორისათვის გადაცემის შემთხვევაში და, მაგალითად, სასტუმროს მშენებლობის პროცესში, მთლიანად იქნეს შენარჩუნებული შენობა-ნაგებობების ავთენტურობა, მით უმეტეს იმ სამწუხარო წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლის გამოც, მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსს ისედაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა:
„სამწუხაროდ, მიხეილის საავადმყოფოს შენობის უკანა, დასავლეთი, ნაწილი, 90-იან წლებში დაინგრა და მის ნაცვლად აშენდა ხუთსართულიანი შენობა, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული. დღეს შემორჩენილია საავადმყოფოს შენობის მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი. რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს ამ კომპლექსიდანაა შემორჩენილი, მთლიანად უნდა შენარჩუნდეს. ასევე უნდა შენარჩუნდეს შენობების არა მარტო ფასადი, არამედ ინტერიერიც, რადგან მიხეილის საავადმყოფოს შესასვლელი კიბის უჯრედი ასევე არის არქიტექტურული ძეგლი და მისი სახეცვლილება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. პირველ რიგში, ცხადია, აუცილებლად უნდა გამაგრდეს შენობები, ხოლო იმ დაუსრულებელ ნაგებობაში, რომელიც 90-იან წლებში აშენდა, შესაძლოა განთავსდეს სასტუმროს ძირითადი კორპუსი. გარდა ამისა, აუცილებლად არის შესანარჩუნებელი ის ბაღი, რომელიც საავადმყოფოს აკრავს გარს, რადგან ეს არის ერთ-ერთი უძველესი ბაღი, რომლის ხეები და მცენარეები მრავალ ათეულ წელს ითვლის. სწორედ ამიტომ, დაუშვებელია, რომ დაირღვეს ამ გამწვანების სტრუქტურაც. ტერიტორიაზე არსებობს ასევე ნაკლებად ღირებული - საავადმყოფოს დამხმარე - ნაგებობები, სადაც შესაძლოა განთავსდეს სასტუმროს სხვა ნაწილები“.
შენობა, რომელსაც გუშინ ცეცხლი გაუჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ არის ქალაქისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც ფუნქციური ისტორიიდან გამომდინარე, ისე ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტიდან გამომდინარე...ცირა ელისაშვილი
„ძალიან საეჭვო ტენდენცია“ - ასე უწოდებს 18 თებერვლის ღამეს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში გაჩენილ ხანძარს ცირა ელისაშვილი, კულტუროლოგი და „თბილისის ჰამქრის“ წევრი. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს გაუგებარ ვითარებაში დამწვარ სხვა ნაგებობებსაც, რომლებსაც კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდათ - მათ შორის ლერმონტოვის #8-ს, სადაც დღეს ავტოსადგომია განთავსებული. ის იხსენებს 90-იან წლებში დამწვარ მხატვრის სახლსაც, რომლის აღდგენაც, მისი აზრით, შესაძლებელი იყო, თუმცა ეს არ მოხდა. მისივე თქმით, ასევე საეჭვო ვითარებაში გაჩნდა ხანძარი ჭონქაძის 21 ნომერში, თოიძის სახელობის ყოფილ სამხატვრო სასწავლებელში:
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ინტერესიდან გამომდინარე დამწვარი ობიექტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, რადგან იმ შენობებში, სადაც არც ელექტროენერგიაა, არც გაზია და ეს ობიექტები დახურულია, როგორ და საიდან ჩნდება ხანძარი, ძალიან რთულად ასახსნელი საკითხია. შენობა, რომელსაც გუშინ ცეცხლი გაუჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ არის ქალაქისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც ფუნქციური ისტორიიდან გამომდინარე, ისე ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტიდან გამომდინარე. ვნახოთ, გაუძლებს ამ ცდუნებას დღევანდელი ქალაქის ხელისუფლება თუ ვერ გაუძლებს, გააკეთებს ქალაქისათვის სასარგებლო არჩევანს თუ ინვესტორისათვის სასარგებლო არჩევანს. იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილის საავადმყოფო იმ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური საავადმყოფო იყო, ალბათ, კარგი იქნებოდა ამ ტერიტორიაზე სამედიცინო ტიპის მუზეუმი აშენებულიყო..."
ცირა ელისაშვილი გამოთქვამს წუხილს, რომ დღეს არსებული ქალაქის პოლიტიკა არ არის განსაზღვრული ურბანული მემკვიდრეობის მართვის თვალსაზრისით. მისი სიტყვებით, ამის დასტურია, მაგალითად, რეაბილიტაციის არეალების შერჩევა ისე, რომ სპეციალისტებისათვის უცნობი რჩება, რა არის ამ არეალების შერჩევის ინდიკატორები:
„მაშინ, როცა გუდიაშვილის მოედანი ინგრევა, უკვე მეთერთმეტე წელია, და ამ დროს ჩვენ აღმაშენებლის გამზირს ვაკეთებთ, რომელსაც ხელი რომ არ მოვკიდოთ კიდევ 100 წლის განმავლობაში, უცვლელად იდგება, ამის ახსნა, თუ რატომ ხდება ასე, არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლებისაგან არ მომისმენია“.