Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის გაკვეთილები უსინათლოთათვის


ზურა ჭანტურია, დათო ყვირილიანი
ზურა ჭანტურია, დათო ყვირილიანი

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში გამოჩნდნენ მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორები. ეს ის ხალხია, ვინც უსინათლოებსა და მცირემხედველებს სივრცეში ორიენტირებაში ეხმარება, ასწავლის დამოუკიდებლად გადაადგილებას. მობილობის ინსტრუქტორებმა მოსამზადებელი კურსები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიარეს და დღეს, გარდა იმისა, რომ უსინათლოებს ეხმარებიან, შეძენილ ცოდნას თავიანთ მომავალ კოლეგებსაც უზიარებენ. უსინათლოებთან მათი ურთიერთობა იწყება შეფასებით: ვინ რა იცის, ვის რა სჭირდება, ვის რა აქვს სასწავლი და რის მიღწევა სურს. თეთრი ხელჯოხი ამ გაკვეთილების აუცილებელი ატრიბუტია. სწორედ მისი საშუალებით უნდა მოახერხონ უსინათლოებმა მათთვის ნაცნობ სივრცეში გადაადგილება − უსაფრთხოდ, ეფექტიანად და ღირსეულად. ამ უფასო მომსახურების მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მართალია, ინსტრუქტორთა რიცხვი ჯერ მცირეა, მაგრამ, რაკი „დამოუკიდებლობის სწავლების გაკვეთილები“ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, „მასწავლებლის სახლში“ იმედი აქვთ, რომ მალე მეტი სპეციალისტი ეყოლებათ.

გადმოწერა

მარჯვენა მხარეს მონიშნავ, მარცხენა მხარეს მონიშნავ და საორიენტაციო ტროტუარს მონიშნავ, შეხედე - მარჯვნივ, მარცხნივ... შეიძლება ტროტუარი უფრო დაბლა იყოს და ხელჯოხიც უფრო დაბლა ჩავდოთ.

მესმის, კი, გამიშვი აბა, წავალ.

კარგი, მოდი, ვცადოთ.

და სცადეს კიდეც. ზურა ჭანტურია მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორია, რაც ნიშნავს, რომ ის უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს ეხმარება დამოუკიდებლად სიარულის სწავლაში. დათო ყვირილიანი უსინათლოა - რუსთაველზე თეთრი ხელჯოხით გადაადგილებას სწავლობს. იქვეა გია ჯვარშეიშვილიც, მობილობის კიდევ ერთი ტრენერი, რომელიც დათოსთან ინდივიდუალურ გაკვეთილებს მალე დაიწყებს. ყველაფერი სასწავლია - ქუჩაში დამოუკიდებლად სიარული, ავტობუსში ასვლა, მაღაზიამდე მისვლა, უბნის პარკში გასეირნება... ყველაფერი, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ უსინათლოს თუ მცირემხედველ ადამიანს სჭირდება:

ხელჯოხის სახელურში ხელის გაყრა არ შეიძლება. ნახე, ოდნავ წინ რომ წაგივიდეს ხელი და ამ დროს გამოიაროს ავტობუსმა, ხელს ჩაითრევს.

და შეიძლება ხელი მოგტეხოს, მესმის.

ხმით ვაფიქსირებთ, გზასთან ახლოს ვართ თუ არა. ძალიან ახლოს თუ ვიქნებით გზასთან, შეიძლება მანქანაც კი დაგეჯახოს და ხელიდან გაგაგდებინოს ხელჯოხი.

თეთრ ხელჯოხს დათო ყვირილიანი სამი წელია იყენებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არასწორად. ახლა, როცა პირველი გაკვეთილები ჩაუტარდა, ცოტათი ნანობს კიდეც, ბავშვობიდან რომ მცოდნოდა მისი გამოყენება, დღეს მეტად დამოუკიდებელი ვიქნებოდიო.

„თეორიულად უფრო ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვიყენებ თეთრ ხელჯოხს და როგორც ვიყენებდი, ის არასწორი ყოფილა. და არასწორად გამოყენება კი, პირიქით, საფრთხის შემცველია. და დღეს უკვე ვიცი, რომ ხელჯოხით, თუ სწორად გამოყენებას ვისწავლი, შევძლებ გარკვეულ ადგილებში დამოუკიდებლად ვიარო. დღეს განსაკუთრებით მჭირდება ეს, რადგან პატარა შვილი მყავს და მინდა მასთან ერთად სიარული შევძლო“.

დიდი ხანი არ არის, რაც დათო ყვირილიანი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად - გარემო ჯერ ახალია. შესაბამისად, მეტია ბარიერიც. ამიტომ სჭირდება მას ინდივიდუალური მობილობის ინსტრუქტორი. მით უფრო, რომ დიდი გეგმები აქვს:

მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორთან ერთად
მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორთან ერთად

„თბილისის ზღვაზე და ფონიჭალაში როცა ვცხოვრობდი, ვიცნობდი იქაურ გარემოს. ისიც ჩემი მონდომებით და ჩემი შეცდომების ხარჯზე ვისწავლე, მაგრამ მაინც მიჩვეული ვიყავი. ახლა ახალ უბანში, ახალ სახლში ვარ და ყველაფერი უფრო ძნელია. ამიტომ მჭირდება ინდივიდუალური გაკვეთილები. ეზოში ჩასვლის და მაღაზიამდე მისვლის გარდა, ქალაქშიც მინდა ვიმოძრაო, ტრანსპორტში ავიდე. დიდად ადაპტირებული არ არის არც ტრანსპორტი და არც გარემო, მაგრამ მაინც“.

მობილობის ინსტრუქტორები უცხოელმა სპეციალისტებმა მოამზადეს - ტრენინგები„მასწავლებლის სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების პროგრამის ექსპერტ-კონსულტანტი ჟანა კვაჭაძე მოგვითხრობს, ასე გაჩნდა უსინათლოთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების შესაძლებლობა. მობილობის ინსტრუქტორები მუშაობენ ინდივიდუალურად, სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, უსინათლოების სამსახურსა თუ სახლში.

„მობილობის ინსტრუქტორი უსინათლო და მცირემხედველ ადამიანს ეხმარება, რომ ის დამოუკიდებლად ორიენტირდეს სივრცეში - სკოლაში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, სამსახურში, საყიდლებზე, მოგზაურობისას, ყველგან! ძალიან მნიშვნელოვანი კადრია იმისათვის, რომ უსინათლო ადამიანმა შეძლოს დამოუკიდებლად და სრულფასოვნად ცხოვრება“.

გია ჯვარშეიშვილი, რომელიც ერთ-ერთია მობილობა-ორიენტაციის სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებს შორის, გვეუბნება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უსინათლოებმა თავად გამოხატონ დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლის სურვილი. ამიტომ არის საჭირო რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ სერვისის შესახებ, რომელიც უფასოა. საქართველოში კი, არაოფიციალური სტატისტიკით, 6-დან 8000 მდე უსინათლო ცხოვრობს. გია ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ ინსტრუქტორისა და უსინათლოს პირველი შეხვედრისას მათ, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას მისვლის სწავლა სურდეთ, თუმცა ნელ-ნელა სურვილებიც იზრდება და დამოუკიდებლობის გაკვეთილებიც უფრო მრავლისმომცველი ხდება:

გია ჯვარშეიშვილი
გია ჯვარშეიშვილი

„ჩვენთან საუბრისა და დასმული კითხვების მერე უსინათლო ადამიანი იგებს, რომ მას უფრო მეტის მიღება შეუძლია ამ სერვისიდან, ვიდრე ა წერტილიდან ბ წერტილამდე გადაადგილებაა. ბევრმა უსინათლომ, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ მობილობა-ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიარულს თეთრი ხელჯოხის გამოყენებით. ეს მთელი დისციპლინაა, რომლის ფარგლებშიც უსინათლო ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი სხვა ინფორმაციაც, რომ შეძლოს სიარულთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის დაძლევა - ეს არის სმენის გამოყენება, ყნოსვის გამოყენება, გარემოს შეფასება და ა.შ.“

და კიდევ მცდარია წარმოდგენა, თითქოს ამ გაკვეთილების შემდეგ და თეთრი ხელჯოხის მოხმარების სწავლის შედეგად, უსინათლო ადამიანი მარტივად შეძლებს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში დამოუკიდებლად წასვლას. გია ჯვარშეიშვილი განმარტავს, რომ თეთრი ხელჯოხი უსინათლოს ეხმარება მისთვის ნაცნობ გარემოში გადაადგილდეს უსაფრთხოდ, ეფექტიანად და ღირსეულად.

ამ სიუჟეტზე მუშაობისას ზურა ჭანტურიამაც გვითხრა, რომ უსინათლო ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას შესაძენი აქვს ისეთი უმარტივესი უნარები, როგორიც, მაგალითად, დამოუკიდებლად კბილების გახეხვა ან ყავის მოდუღება თუ თასმის შეკვრაა. მისი თქმით, ხშირად უსინათლოების მშობლები არიან იმის მიზეზი, რომ სხვებზე დამოკიდებულ ადამიანებს ვიღებთ. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, გვითხრა ზურა ჭანტურიამ.

დათო ყვირილიანი კი, რომელიც სწავლას არ წყვეტს, ყველა უსინათლოს მოუწოდებს, მეტად იაქტიურონ, არ დარჩნენ სახლში ჩაკეტილები. ამბობს, რომ თეთრი ხელჯოხის დაკავება არ არის სათაკილო - პირიქით, ის ყველა უსინათლოსა და მცირემხედველის ერთ-ერთი მთავარი დამხმარეა დამოუკიდებლობის გზაზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG