Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვესტორებს დამატებით ვადებს მისცემენ


განმუხური
განმუხური

თავისუფალ ტურისტულ ზონებში შეუსრულებელი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორებს დამატებით ვადებს მისცემენ. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ეკონომიკის სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად მუშაობს. საუბარია იმ სასტუმროებზე, რომელთა აშენების ვალდებულებაც ინვესტორებმა 2010 წელს, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, აიღეს, მაგრამ ვალდებულებები ვერ შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული ზონების შესახებ კანონი 2010 წელს ამოქმედდა. დღეისათვის თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი ანაკლიას, ქობულეთსა და განმუხურს აქვს მინიჭებული. კანონის მიხედვით, სახელმწიფო თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტორს სიმბოლურ ფასად -1 ლარად - გადასცემდა მიწას და უწესებდა საგადასახადო შეღავათებს, მაგალითად, ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებას - 15 წლის ვადით, ასევე -მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას.

სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გაზი, წყალი, წყალარინება, ელექტროენერგია) მოწესრიგება და, საჭიროების შემთხვევაში, ახლის მშენებლობა; სასტუმროსთან მისასვლელი გზების მშენებლობა/შეკეთება; სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობა და გამწვანება; მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა და ა.შ. ინვესტორს უნდა განეხორციელებინა 1-მილიონიანი ინვესტიცია და სასტუმროაეშენებინა 2 წლის ვადაში.

ამ პროექტის ფარგლებში, ქობულეთის ტურისტულ ზონაში მიმდინარეობდა სამი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. მათ შორის ერთი კომპლექსი 2013 წლისთვის უკვე შესული იყო ექსპლუატაციაში, დანარჩენი ორი კი დღემდე ვერ დასრულად. რაც შეეხება დაინტერესებული პირების მიერ შემოტანილ განცხადებებს, მათ განიხილავდა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია, ის იღებდა შესაბამის გადაწყვეტილებებს და ისვე გასცემდა რეკომენდაციებს ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 2014 წლის დასაწყისისთვის აღნიშნულ ზონასთან დაკავშირებით შემოსული იყო დაინტერესებული უცხოელი ინვესტორის წინადადება. ის ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 2 ნაკვეთის (1800-1800კვ.მ) პრივატიზების სურვილს გამოთქვამდა იქ სასტუმროსა და კაზინოს ასაშენებლად. მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით დამატებითი ინვესტიციები არ განხორციელებულა.

ამგვარი შეღავათების მიუხედავად, ტურისტულ ზონებსა და, ზოგადად, სექტორში ინვესტორთა პასიურობა შეინიშნება. 2007 წლის შემდეგ, როდესაც ტურიზმის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების 11 პროცენტს შეადგენდა, ინვესტიციებმა იკლო. 2013 წელს ადგილი ჰქონდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ინვესტიციების წმინდა გადინებას 13 მილიონ 677 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. 2014 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა მცირედით, დაახლოებით 5 პროცენტამდე, იყო მომატებული. 2014 წლის მეორე კვარტალში კი კვლავ ინვესტიციების გადინებასთან გვქონდა საქმე, დაახლოებით 1,9 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში. ტურიზის სექტორში შემოსული ინვესტიციები მთლიანი მოცულობის ერთ პროცენტზე ნაკლებია.

ახალი ინიციატივის - ინვესტორებისთვის ვადების გახანგრძლივების მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები სახელდება. ზოგიერთ შემთხვევაში დაგვიანდა სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების უზრუნველყოფა - გაზის, შუქის, წყლისა და სხვა კომუნიკაციების მიყვანა სასტუმროს ადგილამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვესტორმაც ვერ მოასწრო ვადებში ჩატევა. რა პერიოდით გახანგრძლივდება ინვესტორებისთვის ვადები, ჯერ დაკონკრეტებული არ არის. საუბარი რამდენიმეთვიან პერიოდზე მიმდინარეობს. კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ დეკემბრის ბოლოს იქნება მზად. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კანონი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გავა.

XS
SM
MD
LG