Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაური გორის სასამართლოში - დაკავებულია ხუთი ახალგაზრდა


გორი
გორი

გორში პოლიციელების მიერ ახალგაზრდების დაკავება გუშინ დაიწყო და დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა ბრალდებით, ჯამში, ხუთი ახალგაზრდაა დაკავებული. ყველაფერი კი რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, სადაც სასამართლო რამაზ ქოქოშვილის საქმეზე მსჯელობდა.

რამაზ ქოქოშვილი თვე-ნახევრის წინ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. ამ დროს მასთან მყოფ ორ ადამიანს მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი აკმარეს. ქოქოშვილი წარსულში ნასამართლევია და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 353-ე მუხლით აღიძრა. ამის შემდეგ, ოჯახის წევრების თქმით, ბრალდებულმა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. პროცესზე, სადაც მოსამართლე ქოქოშვილის ადვოკატის შუამდგომლობას განიხილავდა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე და ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბრალდებული შეუძლოდ გახდა. მისმა ახლობლებმა და ნათესავებმა პროცესზე ხმაური დაიწყეს და მათსა და მანდატურებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა.

გადმოწერა

ბრალდებულის ძმა, ლევან ქოქოშვილი, სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით, იქვე დააკავეს. ამის შემდეგ ქოქოშვილების მომხრეებმა საპროტესტო აქცია სასამართლოს ეზოში გამართეს, სადაც კიდევ ორი ახალგაზრდა იქნა დაკავებული.

ბრალდებულის ადვოკატი და ოჯახის წევრები რამაზ ქოქოშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ. გარდა ამისა, მათი აზრით, დაკავებისას პოლიციელებმა ქოქოშვილს სცემეს და ისე გადაიყვანეს იზოლატორში. ამ საქმით ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ, რომლებიც პროკურატურას პოლიციელების მიერ შესაძლო ძალის გადამეტების გამო გამოძიების დაწყებას სთხოვენ. ადვოკატი იზოლდა რაზმაძე მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარია და კონკრეტული პოლიციელების შურისძიებას ეწირება.

ჟურნალისტები ცდილობდნენ პოლიციელებისგან გაეგოთ, რა მოტივით დააკავეს ახალგაზრდები, მაგრამ პასუხად მიიღეს მხოლოდ რჩევა, მიემართათ პრესცენტრისათვის.

ახალგაზრდების დაკავება დღეს დილითაც გაგრძელდა - სახლებიდან პოლიციელებმა კიდევ ორი ახალგაზრდა აიყვანეს. ერთი მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, ქოქოშვილის ოთხ მომხრეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური კი მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა. დაკავებულ ახალგაზრდებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომლებიც სასამართლოს შეურაცხყოფას, სხვისი ნივთის დაზიანებას, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეესაბამება. დაკავებულებს 48 საათში ბრალდებას წაუყენებენ.

XS
SM
MD
LG