Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახმარების პაკეტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის ნახევარზე მეტია


ნიქოზია, კვიპროსის ადმინისტრაციული და საფინანსო ცენტრი
ნიქოზია, კვიპროსის ადმინისტრაციული და საფინანსო ცენტრი
ბოლო ხანს „ახალ ევროპაში“ ხშირად გვიხდება საუბარი ეკონომიკის საკითხებზე, კერძოდ იმ პრობლემებზე, რომლებიც ევროპის კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისსა და, აქედან გამომდინარე, ერთიანი სავალუტო სივრცის - ევროზონის - მომავალს უკავშირდება. ორშაბათს ევროზონის კიდევ ერთმა წევრმა, კვიპროსმა, გადაწყვიტა, საფინანსო დახმარების თხოვნით მიმართოს თავის პარტნიორებს.

საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიისა და ესპანეთის შემდეგ, კვიპროსი ევროზონის მეხუთე სახელმწიფოა, რომელიც საფინანსო დახმარების თხოვნით მიმართავს ერთიანი სავალუტო სივრცის დანარჩენ წევრებს. კვიპროსის განაცხადში სასურველი დახმარების ზუსტი მოცულობა მითითებული არ არის, მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, ნიქოზიას თავისი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ათი მილიარდი დოლარი დასჭირდება, რაც ქვეყნის ეკონომიკის საერთო წლიური მოცულობის ნახევარზე მეტია.

როგორც კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა ვასოს შიარლიმ განაცხადა, ზუსტი თანხის განსაზღვრას რამდენიმე კვირა დასჭირდება. რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა დასძინა, რომ კვიპროსს სურს, ევროკავშირის საგანგებო ფონდიდან მიიღოს სახსრები როგორც ფისკალური საკითხების მოსაწესრიგებლად, ისე ბანკების კაპიტალის შესავსებად.

26 ივნისს, საგანგებო სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა დემეტრის ხრისტოფიასმა მოიწვია, კაბინეტის წევრები და ცალკეული პარტიების ლიდერები კვიპროსის ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებზე მსჯელობენ.
ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ეს კუნძული-სახელმწიფო, რომლის საბანკო სექტორი დიდად არის დამოკიდებული კრიზისით მოცულ საბერძნეთზე, 17-წევრიანი ევროზონის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ეკონომიკაა და ქვეყნის მოსახლეობაც სულ ერთ მილიონს შეადგენს.

მისთვის საფინანსო დახმარების ბედი მნიშვნელოვანწილად, როგორც ჩანს, დღეს გადაწყდება - შეხვედრაზე, რომელიც საღამოს, პარიზში იმართება. მასში მონაწილეობენ ევროზონის ოთხი უმსხვილესი ეკონომიკის - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის - ფინანსთა მინისტრები, რომლებიც, კვიპროსის საკითხის გარდა, ევროპის კავშირის ხუთშაბათისთვის დანიშნულ სამიტზე განსახილველ საკითხებზეც იმსჯელებენ.

კვიპროსისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერთა ხვალინდელი შეხვედრა, რომელზეც ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი - სხვა საკითხებთან ერთად - ნიქოზიისთვის დახმარების აღმოჩენის დეტალებს განიხილავენ.

როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, კვიპროსმა ევროზონაში თავის პარტნიორებს მას შემდეგ მიმართა დახმარების თხოვნით, რაც საბოლოოდ გადაეწურა იმედი, დიდი მოცულობის კრედიტები მიეღო ჩინეთისგან ან რუსეთისგან, რაც მას საშუალებას მისცემდა, ვალის გასტუმრების პროცესში თავი აეცილებინა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული მკაცრი კონტროლისა და ზედამხედველობისთვის.

არსებული ვითარება, ცხადია, რიგითი კვიპროსელების შეშფოთებას იწვევს: „ყველანი შეშფოთებული ვართ შექმნილი ვითარების გამო. სამი წლის წინ ჩვენ საუკეთესო მდგომარეობაში ვიყავით და ამას ყველა აღიარებდა. ახლა კი?..“ - ამბობს ნიქოზიის მკვიდრი ანდრეას იანაკუ, რომელსაც რეიტერის კორესპონდენტი გაესაუბრა. ხოლო იანაკუს თანაქალაქელი ხარალამბოს სერგიუ ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ - მეზობელ საბერძნეთზე კვიპროსის საბანკო სექტორის დამოკიდებულებაზე: „ვფიქრობ, ეს მდგომარეობა გარეშე ფაქტორებმაც განაპირობა. ეს მხოლოდ ჩვენი საშინაო ფენომენი არ არის. ჩემს აზრს მოგახსენებთ, იქნებ, ვცდები კიდეც...“ როგორც ექსპერტთა შეფასებები ცხადყოფს, ხარალამბოს სერგიუ არ ცდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სულ მალე, 1 ივლისს, კვიპროსი დანიისგან გადაიბარებს ევროპის კავშირის მორიგე პრეზიდენტის ფუნქციებს.
XS
SM
MD
LG