Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონი რუსეთისკენ იწევს


ლეონიდ თიბილოვი, 2012 წელი
ლეონიდ თიბილოვი, 2012 წელი

მოსკოვი მოელის, რომ უახლოეს კვირებში შეთანხმდება იმ ე.წ. ხელშეკრულების შინაარსი, რომელიც მან ცხინვალთან უნდა გააფორმოს, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა სოხუმის შემთხვევაში. ტექსტის შემუშავების პროცესში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მონაწილეობს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთთან მაქსიმალურ სიახლოვეს ითხოვს და თან შეერთების სურვილიც აქვს. თბილისის მსგავსად, ამ პროცესებს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

„ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ – ამ სახელწოდებით მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მოსკოვსა და ცხინვალს შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებას. ცხინვალში ჩასული ვლადისლავ სურკოვი ორი დღის განმავლობაში თავად იყო ჩართული სამომავლო დოკუმენტის დეტალების განხილვის პროცესში.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხელშეკრულების პროექტზე, რომლის მიზანია ინტეგრაციის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში თუ სოციალურ სფეროში. იანვარში მზად იქნება დოკუმენტის შეთანხმებული ვარიანტი. ეს ხელშეკრულება დაგვისახავს ახალ ამოცანებს. სამხრეთ ოსეთში ცხოვრების დონე უნდა უტოლდებოდეს ცხოვრების დონეს რუსეთის რეგიონებში“, – განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ რესპუბლიკას შეუძლია რუსეთის ფედერაციას გადასცეს თავისი უფლებამოსილების ნაწილი, რაც შიდა და საგარეო უსაფრთხოების კონტურის შემუშავებას შეეხება...
ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის რეგიონების მსგავსი ცხოვრება, ცხადია, ბევრისთვის სულაც არ არის სანატრელი, მაგრამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება არაფერს ამბობს ამის შესახებ. ის უფრო სხვა მიმართულებით არის დაიმედებული და, კერძოდ, როგორც, მაგალითად, დე ფაქტო რესპუბლიკის სპიკერმა და პარტია „ედინაია ოსეტიას“ თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს, მიზანს წარმოადგენს მაქსიმალური ინტეგრაცია რუსეთთან, რასაც მასთან შეერთების სურვილიც ახლავს თან:

„სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ რესპუბლიკას შეუძლია რუსეთის ფედერაციას გადასცეს თავისი უფლებამოსილების ნაწილი, რაც შიდა და საგარეო უსაფრთხოების კონტურის შემუშავებას შეეხება. ეს უფლებამოსილებათა სწორედ ის ნაწილია, რისი გადაცემაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ფედერაციისთვის. აბსოლუტურად არ ვლინდება ანტიკონსტიტუციური ქმედება. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ უკვე დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ სურს რუსეთთან ინტეგრაცია, მის შემადგენლობაში შესვლის სახით. ამაზე მეტყველებს როგორც ჩატარებული რეფერენდუმები, ასევე 2014 წლის არჩევნების შედეგები“.

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები წარმოადგენს აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტს...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

იანვრისთვის მოსამზადებელ ე.წ. ხელშეკრულებას მასზე მომუშავე მხარეები მოიხსენიებენ სახელწოდებით, რაც თავის დროზე მიუღებელი აღმოჩნდა სოხუმისთვის და მოგვიანებით ტექსტსაც ოდნავ შეცვლილი სახით მოეწერა ხელი. სოხუმში აქციებიც გაიმართა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ეს ყველაფერი განპირობებული იყო გარკვეულ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ წრეებში გაჩენილი შიშით, რომ „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ საფრთხეს შეუქმნიდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სუვერენიტეტს. შედარებით იოლად არის საქმე ცხინვალის მიმართულებით. ცხინვალის ძირითადი განწყობა ადვილად აღსაქმელი იქნება, თუკი ანატოლი ბიბილოვის სიტყვებით ვიმსჯელებთ. როგორც მან უთხრა „ეხო კავკაზას“, ე.წ. ხელშეკრულების სახელწოდებას თუ შეცვლიდა, მას დაარქმევდა ასე: „ხელშეკრულება მოკავშირეობის, ინტეგრაციისა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ“.

„ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები წარმოადგენს აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტს, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელოს მასზე, დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით“.

ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა, ეს არის დაგმობა იმ ხელშეკრულების და უკანონობა, რასაც ჩადის რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში...
დავით კერესელიძე

2014 წლის 22 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს დეკემბრის შემაჯამებელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს საკითხი, კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების ჭრილში. როგორც 23 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ, დახურულ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა - ლიტვამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ავსტრალიამ:

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა, ეს არის დაგმობა იმ ხელშეკრულების და უკანონობა, რასაც ჩადის რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, და ეს არის საფრთხე როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონალური მასშტაბით და საფრთხე მთელი ევროპისთვის“.

ნიუ–იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ასევე აღინიშნა, რომ ე.წ. „ხელშეკრულების" ხელმოწერა უგულებელყოფს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობებს და გამოითქვა შეშფოთება, რომ ანალოგიური „ხელშეკრულების" გაფორმება ცხინვალის რეგიონთან მიმართებითაც იგეგმება.

„უშიშროების საბჭოს წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ინტერვენცია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში განხორციელებული უკანონო ქმედებები რუსეთის მიერ მისი მეზობლების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ადასტურებს“, – იტყობინება საგარეო უწყება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG