ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აშშ-ს გადასცა რუსეთის სასარგებლოდ ჰაკერობაში ეჭვმიტანილი ევგენი ნიკულინი, რომლის გადაცემას ვაშინგტონიც მოითხოვდა და მოსკოვიც.
ევგენი ნიკულინს ბრალად ედება 2012-2013 წლებში დიდ ინტერნეტკომპანიებში - მათ შორის LinkedIn-სა და Dropbox-ში - შეღწევა. აშშ-ში მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მან ჩვენი კანონები დაარღვია და ჰაკერულად დაესხა თავს ამ კომპანიებს... ასე რომ, ექსტრადიციის მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია... მე ველი, რომ ჩეხეთის სისტემა ამ პროცესს გაივლის და მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ამერიკაში ექსტრადიციის შესახებ...პოლ რაიანი
ეს საქმე საერთაშორისო დაპირისპირების მიზეზი გახდა. მას შემდეგ, რაც ნიკულინის გადაცემა ვაშინგტონმა მოითხოვა, მოსკოვმა განაცხადა, რომ ისიც ითხოვდა ჰაკერობაში ეჭვმიტანილის მისთვის გადაცემას 2009 წელს დაახლოებით 2 ათასი დოლარის მითვისებისათვის.
ნიკულინის გარშემო გაჩენილმა აჟიოტაჟმა ჩეხეთის მთავრობაშიც გამოიწვია დაპირისპირება. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა თავიდანვე განაცხადა, რომ ნიკულინი ამერიკისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა იუსტიციის მინისტრი რობერტ პელიკანი ამბობდა, რომ პრეზიდენტი მილოშ ზემანი ჰაკერობაში ეჭვმიტანილის მოსკოვისთვის გადაცემას ამჯობინებდა. ჩეხეთის პრეზიდენტი კრემლის მხარდაჭერით არის ცნობილი.
ნიკულინის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი კლიენტი ამჯობინებდა ის რუსეთისთვის გადაეცათ, რადგან, ნიკულინის მტკიცებით, აშშ ცდილობს ის 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის სერვერებში შეღწევაშიც დაადანაშაულოს.
ნიკულინის საკითხი ჩეხეთში სტუმრობისას წამოჭრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმაც. 27 მარტს მან განაცხადა, „ჩვენ ყველანაირი მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ნიკულინს ამერიკას გადასცემენო“.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლ რაიანმა თქვა, რომ ნიკულინის ექსტრადიციის საქმე სრულიად ნათელი იყო და რომ ის აუცილებლად წამოჭრიდა ამ საკითხს პრემიერთან შეხვედრისას.
„მან ჩვენი კანონები დაარღვია და ჰაკერულად დაესხა თავს ამ კომპანიებს... ასე რომ, ექსტრადიციის მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია“, - უთხრა პოლ რაიანმა ჩვენს რადიოს. - „მე ველი, რომ ჩეხეთის სისტემა ამ პროცესს გაივლის და მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ამერიკაში ექსტრადიციის შესახებ“.