სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ამ საღამოს, 18 სექტემბერს, ახალგორსა და პერევთან ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს და მოქალაქეების გადაადგილებას შეზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი 20 და 21 სექტემბერს ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღის აღნიშვნაა.
„უსაფრთხოების რეჟიმის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიების ჩატარების პერიოდში, რომელიც რესპუბლიკის დღეს ეძღვნება, 18 სექტემბრის 20:00 საათიდან საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეთა გადაადგილება შეწყდება", ნათქვამია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
მათივე ცნობით, მოქალაქეთა გატარება გამშვებ პუნქტებზე 21 სექტემბერს დილის 9 საათიდან განახლდება.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ხურვალეთში, საკუთარ სახლთან დაკავებული დავით ვანიშვილი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ადასტურებს. მოხუცის სახლი მავთულხლართებს მიღმა მდებარეობს, მაგრამ იგი საქართველოს მოქალაქეა და პენსიის ასაღებად სოფელში მაინც გადმოდის ხოლმე. 2 დღის წინ სოფლიდან სახლში დაბრუნებულ მოხუცს ნაკვეთთან უკვე რუსეთის მესაზღვრეები ელოდებოდნენ. უცნობია ვანიშვილის გათავისუფლების დეტალები, რადგან მან მედიასთან ურთიერთობა შეწყვიტა. არც ის იცის ვინმემ, გადაიხადა თუ არა ოჯახმა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ჯარიმა. ვანიშვილი ერთხელ უკვე იყო დაკავებული ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ამის შემდეგ მისი შვილიშვილიც დააკავეს და ოჯახს მუდმივად ემუქრებოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ მეზობლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა შეეწყვიტა. გორის გამგებლის წარმომადგენელი შავშვების თემში მანანა თვაური არ გამორიცხავს, რომ მოხუცი უკვე მეორედ შესაშინებლად დააკავეს და მალევე გამოუშვეს.
თვითონ დავით ვანიშვილი წინა ინტერვიუებში არც მალავდა, რომ რუსეთის მესაზღვრეები მას მუდმივად ემუქრებოდნენ და ჟურნალისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას უკრძალავდნენ.
მეორე დღეა ერგნეთსა და ოკუპირებული ტერიტორიების სხვა სოფლებში ცხინვალიდან სროლის ხმა ესმით. ოსური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე, სამხრეთის სამხედრო ოლქის მომზადების გეგმის შესაბამისად, საბატალიონო ტაქტიკური სწავლება მიმდინარეობს, რომელიც 21 სექტემბრამდე გასტანს. ამას იუწყება სააგენტო "რესი", სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, სწავლების თემატიკაა მოტომსროლელი ბატალიონებისთვის კონტრდარტყმის სწავლება. მთავარი მიზანია ამოცანების შესასრულებლად ბატალიონების მზადყოფნის შემოწმება. სწავლების პერიოდში გამოიყენება მე-4 სამხედრო ბაზის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, რომელიც რუსეთის სამხედროებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბოლო 2 თვის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელებენ.