დღეიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გამო, ახალგორთან გამშვებ პუნქტს სამი დღით კეტავს. „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, 7 აპრილის 20:00 საათიდან 10 აპრილამდე დროებით შეწყდება მოქალაქეთა გატარება საქართველოსთან გამარტივებულ საზღვარზე“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეთა გატარება ჩვეულ რეჟიმს 10 აპრილის 20:00 საათიდან დაუბრუნდება. ახალგორის მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ყოველ დღესასწაულზე და მნიშვნელოვანი მოვლენების დროს უკვე შეეგუა გამშვები პუნქტის ჩაკეტვას. რაც შეეხება წინასაარჩევნო ვითარებას, მისი თქმით, კანდიდატებს საერთოდ არც უაქტიურიათ და ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული რეფერენდუმის საკითხის შესახებ.
არჩევნების წინ ცხინვალში ვითარება იძაბება. რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გააკეთეს განცხადებები. ოსური მედიის ცნობით, ადგილობრივი ძალოვანები ვითარების დაძაბვაში ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის, ადანაშაულებენ, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ კოკოითიმ მხარდაჭერა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს, პრეზიდენტობის კანდიდატ ანატოლი ბიბილოვს, გამოუცხადა, რომელიც კონკურენტს, ამჟამინდელ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, არჩევნების შესაძლო გაყალბებაში ადანაშაულებს. თიბილოვის ოპოზიცია პროტესტს ვლადიკავკაზში, საკონსულოს გვერდის ავლით, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის გამო გამოთქვამს. არჩევნებამდე 2 დღით ადრე დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს, კანდიდატების საარჩევნო შტაბებმა კი მოწინააღმდეგეების შესახებ კომპრომატების გამოქვეყნება დაიწყეს. თიბილოვის შტაბი ბიბილოვსა და კოკოითის სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს, მეორე მხარე კი მოქმედ პრეზიდენტს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. 9 აპრილს არჩევნების გარდა დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმიც გაიმართება. ადგილობრივმა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ეწოდოს თუ არა სამხრეთ ოსეთს ალანია. ამის გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტი უკვე გამოთქვეს, გორის სასწავლო უნივერსიტეტში კი ისტორიკოსებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტების კონფერენცია გაიმართა, სადაც დაგმეს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება რეფერენდუმთან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე სპეციალური დეკლარაცია მიიღეს. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიის გაყალბებაზე საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს.
ისტორიკოსი ელდარ მამისთვალოვი აცხადებს, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა სახელმწიფო ალანია, და კრემლსა და დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.
8 აპრილს ერგნეთში საპროტესტო აქცია ჩატარდება. „რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი -ერგნეთი“ მშვიდობიან საპროტესტო აქციას 9 აპრილს ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმსა და სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით მართავს. აქციის მონაწილეები საერთაშორისო თანამეგობრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სათანადო რეაგირება მოახდინონ ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ქმედებებსა და ინიციატივებზე.