თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ადმინისტრაციული სარჩელის არსებითი განხილვა საქმეზე, რომელიც მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საკითხს შეეხება. დაკავებულის ადვოკატები ასაჩივრებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 7 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, და მის ბათილად ცნობას მოითხოვენ. 20 ნოემბრის სხდომა მტკიცებულებების წარდგენას დაეთმო.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საპატიმროში მიმდინარე წლის 24 მაისიდან იმყოფება. იგი, ფეტულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერის მოტივით, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მას წინასწარი პატიმრობა გაუგრძელეს. იურისტები ვარაუდობენ, რომ პროკურატურა კიდევ ერთხელ ისარგებლებს წინასწარი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნის უფლებით და მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება. თუმცა იმის მიუხედავად, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე, გადაწყვეტილების აღსრულება დიდწილად მისთვის საქართველოში თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებაზე იქნება დამოკიდებული, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გოგა ხატიაშვილი:
“ვგულისხმობ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. კანონმდებლობის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი უფლებამოსილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდეს და არ მოხდეს მისი ექსტრადირება. ამიტომაც, ვიდრე სასამართლო არ დაასრულებს განხილვას და მისი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა, მანამდე არ უნდა მოხდეს, კანონმდებლობის თანახმად, ბატონი ჩაბუქის ექსტრადირება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ, დავუშვათ, თუ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოახდინოს ბატონი ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთის რესპუბლიკაში“.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე მისი დაკავებისთანავე მოექცა ადამიანის უფლებების დამცველთა ყურადღების ცენტრში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქმე მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებამდე არ მივა და სასამართლო, დემირელის კოლეჯის მენეჯერისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანური სტატუსის მინიჭების მოტივით, სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლებას მოსთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკანონოდ, დაუსაბუთებლად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. თავის მხრივ, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარით ლტოლვილთა სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების გარეშე მიიღო. სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე განმარტავს:
ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ამ ადამიანს, მისი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა თურქეთში...სოსო ბარათაშვილი
“გადაწყვეტილებაში, რომლითაც უარი ეთქვა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე, ყველა გარემოება თურქეთში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სრულყოფილად შესწავლილი არ არის - მაგალითად, როგორია წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა , სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, ასევე ის ფაქტი, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ გამოიყენება ანტიტერორისტული კანონმდებლობა და თავად ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ხარვეზები როგორია, რაზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც საუბრობენ“.
სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნები კი, ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თანახმად, მოსარჩელე მხარემ 20 ნოემბერს სასამართლოს მტკიცებულებების სახით წარუდგინა:
“ჩვენ წარვადგინეთ 600 გვერდზე მტკიცებულებები, როგორც სახალხო დამცველის დასკვნა, ისე სასამართლო მეგობრის დასკვნები, ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციები, პოზიცია კონკრეტულად მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში როგორც პენიტენციარულ სისტემაში, ისე სასამართლო სისტემაში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასკვნები. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ამ ადამიანს, მისი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა თურქეთში“.
ეს მოსალოდნელი საფრთხე, თავის მხრივ, უსაფუძვლოდ მიაჩნია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მიმდინარე წლის 7 ივლისს სამინისტროს მხრიდან ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შემდეგ მინისტრი სოზარ სუბარი ამბობდა, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში მუსტაფა ემრე ჩაბუქი ევროპული დონის ციხეში მოხვდებოდა და წამებას არ დაექვემდებარებაო.
მოსარჩელე მხარე, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა მისი სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი მტკიცებულებების იგნორირებით და, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის გარდა, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საერთაშორისო კონვენციაც დაარღვია. 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა:
“თხუთმეტი წელია მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ საქართველოში. მასწავლებლობის გარდა, კოლეჯში ხელმძღვანელ თანამდებობასაც ვიკავებ. აქ მუშაობის მანძილზე 300-მდე თანამშრომელთან ერთად ვმუშაობდი. ათასამდე მოსწავლე მყავდა, რომელთაც დაამთავრეს კოლეჯი. ძალადობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, არასდროს მქონია არავისთან ჩხუბი. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ძალადობა ჩემგან, ჩემი ბუნებისგან ძალიან შორსაა. თურქეთში მე მაბრალებენ, თითქოს კავშირში ვარ ტერორისტებთან. ამით შეურაცხყოფა მომაყენეს. არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს. მე დანაშაული არ ჩამიდენია“.
24 ნოემბერს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში მისი წინასაექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების საკითხი.