Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად გადის საარჩევნო აგიტაციის 500-ლარიანი ზღვარი?


ცენტრალური საარჩევნო კომისია სკეპტიკურად უყურებს არჩევნების დღეს სააგიტაციო პროცესისთვის 20-მეტრიანი რადიუსის დაწესებას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ფულადი საჯარიმო სანქცია ამოქმედდება. ცესკოში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კოდექსში ამგვარი ნორმის ჩადება სულაც არ არის საჭირო და რომ ის არაერთ პრობლემას გამოიწვევს. რას ფიქრობენ პარლამეტში, რამდენად გაითვალისწინებენ ცესკოს პოზიციას კანონპროექტის მეორე მოსმენის წინ?

”კენჭისყრის შენობაში აგიტაცია ისედაც აკრძალულია, ხოლო შენობის გარეთ მსგავსი შეზღუდვის შემოღება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და არც არაფერს აუმჯობესებს”, - ვკითხულობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც მიუღებლადაა მიჩნეული საარჩევნო სააგიტაციო პროცესისთვის 20-მეტრიანი რადიუსის დაწესება. ვინც ამ 20-მეტრიან ზღვარს არ დაიცავს, 500 ლარით დაჯარიმდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის კითხვის ნიშნები, ახალი ნორმის საჭიროების გარდა, მისი აღსრულების მექანიზმებსაც უკავშირდება.

”რა მნიშვნელობა აქვს, ღია სივრცეში, შენობის გარეთ, გარკვეული ქმედება 19 მეტრის დაშორებით განხორციელდება თუ 21 მეტრის დაშორებით? ვინ უნდა აკონტროლოს დაშორების მანძილი?” - შეკითხვებს სვამს ცესკო და, როგორც 16 ივლისის განცხადებიდან ირკვევა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ისიც გაუგებარია, თუ ვინ და როგორ უნდა გააკონტროლოს 20-მეტრიანი რადიუსის დარღვევა-არდარღვევის საკითხი და თუკი საქმე საქმეზე მიდგება, როგორ და ვინ უნდა დაამტკიცოს ეს ფაქტი. ცესკო შიშობს, რომ ”საუბნო საარჩევნო კომისიებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ” და რომ, მაგალითად, ”შეიძლება საარჩევნო უბნის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში მყოფ ნებისმიერ ორ ან მეტ მოსაუბრეს საარჩევნო აგიტაცია დაბრალდეს და 500 ლარით დაჯარიმება დაემუქროს”.

ეს ნორმა ჩაიწერა იმის ანალოგიით, როგორც ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, როდესაც რიგი დაწესებულებებიდან შეკრების გამართვა აკრძალულია 20 მეტრზე უფრო ახლომდებარე ტერიტორიაზე. აქაც ჩაიწერა 20 მეტრი და მიზანი არის ის, რომ უშუალოდ საარჩევნო უბანთან არ ხდებოდეს აგიტაცია...
ვახტანგ ხმალაძე
შეშფოთების საფუძველს საერთოდ ვერ ხედავს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენელიც გახლავთ. სწორედ ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად შეჯერდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 10 ივლისს დაამტკიცა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე 20-მეტრიანი რადიუსის დაწესების ინსპირაციასა და მიზანზე ლაპარაკობს:

”ეს ნორმა ჩაიწერა იმის ანალოგიით, როგორც ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, როდესაც რიგი დაწესებულებებიდან შეკრების გამართვა აკრძალულია 20 მეტრზე უფრო ახლომდებარე ტერიტორიაზე. აქაც ჩაიწერა 20 მეტრი და მიზანი არის ის, რომ უშუალოდ საარჩევნო უბანთან არ ხდებოდეს აგიტაცია. მინდა შევახსენო ყველას, რომ ძალიან ბევრ სახელმწიფოში კენჭისყრის დღეს საერთოდ აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია”.

ამასთან, ვახტანგ ხმალაძე პრობლემას ვერც იმაში ხედავს, თუ როგორ უნდა დაუმტკიცდეს 20-მეტრიანი რადიუსის დამრღვევს დარღვევის ფაქტი:

”შეიძლება გადავუღოთ ფოტოსურათი, შეიძლება გადავუღოთ ვიდეოსურათი და ეს იქნება მტკიცებულება. შეიძლება გამოიძახოთ პატრული და პატრულს შეამოწმებინოთ. აი, ასე ხდება”.

თუ ამომრჩეველმა არ იცის ამ ნორმის შესახებ და ნიშანიც არ არის, სად არის დაშვებული და სად არის აკრძალული აგიტაცია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის დაკისრებაც რთული იქნებ...
ელენე ნიჟარაძე
დარღვევის ფაქტის დამტკიცების შესაძლებლობებში პრობლემას ვერც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე ხედავს. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამისათვის აუცილებელია, რომ ზღვარი ყველასათვის შესამჩნევად იყოს გავლებული:

”ტექნიკურად ასე წარმომიდგენია, რომ მონიშნული უნდა იყოს, რომ ეს არის 20-მეტრიანი რადიუსი, იმისთვის, რომ რიგითმა ამომრჩეველმაც იცოდეს, რომ ამის იქით აგიტაციის გაწევა აკრძალულია. თუ ამომრჩეველმა არ იცის ამ ნორმის შესახებ და ნიშანიც არ არის, სად არის დაშვებული და სად არის აკრძალული აგიტაცია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის დაკისრებაც რთული იქნება”.

ელენე ნიჟარაძის ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები”, მე-3 სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში და ეს პროცესი ცვლილებების კანონპროექტის დამტკიცებამდე გაგრძელდება. მართალია, 20-მეტრიანი რადიუსის დაწესებას დადებით ნაბიჯად მიიჩნევს არჩევნების დღეს ამომრჩეველზე ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით, მაგრამ, ელენე ნიჟარაძის აზრით, პროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებამდე პარლამენტში აუცილებლად უნდა გაიმართოს მსჯელობა ცესკოს პოზიციისა და შეფასებების გარშემო. თუმცა, როგორც ვახტანგ ხმალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, 20-მეტრიანი სააგიტაციო რადიუსის საკითხის გადახედვა არ იგეგმება და, შესაბამისი საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG