Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Cancel culture


როგორც იცით, დასავლეთში ამ ტერმინით აღნიშნავენ ე.წ. არაპოლიტკორექტული ავტორის ჯვარცმისა და მისი ნაწარმოების ბოიკოტის პრაქტიკას, რომლითაც ე.წ. ციფრული თაობაა დაკავებული სოციალურ ქსელებში.

რამდენიმე დღის წინ ნობელის პრემიის ლაურეატი კაზუო იშიგურო ზუსტად ამ პრობლემას შეეხო BBC-სთან საუბრისას. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუში ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა ჟურნალისტებს გაუზიარა გულისტკივილი დაკავშირებული „შიშის გარემოსთან“, რომელიც მწერლებს თვითცენზურისკენ უბიძგებს: „განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ახალგაზრდა თაობის მწერლების ბედით, რომელიც ანონიმურ ბრბოს შეუძლია სოციალურ ქსელებში ლინჩის წესით გაასამართლოს და ამგვარად სიცოცხლე გაუმწაროს. მე ეს სიტუაცია უაღრესად საგანგაშოდ მიმაჩნია. მე, როგორც აღიარებული ავტორი, პრივილეგირებულ და შედარებით დაცულ მდგომარეობაში ვარ. ჩემი ასაკი და რეპუტაცია ზურგს მიმაგრებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმარისად ვარ დაცული. მაგრამ ახალგაზრდა მწერლები, რომელთა კარიერა და რეპუტაცია უფრო მყიფეა, არ არიან მზად, რომ გარისკონ.“

სინამდვილეში cancel culture-ის ეპოქაში არათუ იშიგურო, არამედ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მწერალიც კი არაა დაცული ლინჩის წესით გასამართლებისგან. აგერ, სულ რამდენიმე თვის წინ რა დღეში ჩააგდეს ჰარი პოტერის ავტორი მას შემდეგ, რაც დაწერა, რომ გენდერული იდენტობის პრობლემის მქონე პირებს, სქესის შეცვლის ოპერაციის შეთავაზებამდე, უნდა მიეცეთ ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების შანსი...

ისე, არც სოციალური ქსელები და არც cancel culture ჯერ ხსენებაში არ იყო, როცა რეი ბრედბერი ალაპარაკდა საზოგადოების მარწუხებსა და თვითცენზურაზე: „კიდევ უფრო დამთრგუნველი ისაა, რომ მე ჯერ კიდევ 43 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე (რომანში „451° ფარენჰაიტით“ - ლ.ო.) პოლიტკორექტულობა - იხსენებდა 1996 წელს ყველაზე ცნობილი ამერიკელი ფანტასტი ჟურნალისტ კენ კელისთან საუბრისას. „მე თუ ადრე ვლაპარაკობდი უმრავლესობის ტირანიაზე, დღეს მას დაემატა უმცირესობის ტირანია. დღევანდელ დღეს ფრთხილი უნდა იყო ორივეს მიმართ. თუ პირველთ სურთ, ვაკეთო ყოველდღე ერთი და იგივე, მეორენი წერილებს მიგზავნიან, რათა „მარსის ქრონიკაში“ (ბრედბერის მოთხრობების კრებული - ლ.ო.) მეტი ადგილი დავუთმო ქალთა უფლებებს. შავკანიანებს კი სურთ, ნახონ მეტი შავკანიანი „ბაბუაწვერას ღვინოში“ (ბრედბერის რომანი - ლ.ო.). მე ორივე ჯგუფს ვეუბნები: გინდ უმრავლესობა იყოთ, გინდ უმცირესობა - თავი დამანებეთ! ეშმაკსაც წაუღია ყველა ის, ვისაც სურს მიკარნახოს, თუ რა უნდა დავწერო. ახლა მთელი საზოგადოება დაყოფილია სხვადასხვა კალიბრის უმცირესობებად, რომლებიც თავიანთი აკრძალვით სინამდვილეში ასევე წვავენ წიგნებს. (ბრედბერი გულისხმობს გაი მონტეგს, პერსონაჟს რომანისა „451° ფარენჰაიტით“, რომლის პროფესიაც წიგნების დაწვა გახლდათ). მთელი ეს პოლიტკორექტულობა, რომელიც სტუდენტურ კამპუსებში მძვინვარებს, ერთი დიდი იდიოტიზმია.“

ისე ბრედბერი კიდევ კარგ ეპოქაში ცხოვრობდა. დღეს დასავლეთში უკვე არამარტო უმცირესობა ან უმრავლესობა ებრძვის ავტორებს, არამედ თვით კოლეგები მზად არიან, დაწვან ერთმანეთის ნაწარმოებები. მაგალითად, 2019 წელს ნობელის კომიტეტი კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის პეტერ ჰანდკესთვის მინიჭებისთვის. „ჩვენ გაგვაოგნა ნობელის კომიტეტის არჩევანმა. საუბარია მწერალზე, რომელიც ისტორიულ სიმართლეს სახალხოდ ამახინჯებს და საჯარო თანადგომას უცხადებს გენოციდის დამნაშავეებს, როგორიცაა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი და ბოსნიელი სერბების ლიდერი კარაჯიჩი“ - დაწერს მწერალი ჯენიფერ ეგანი, ამერიკის პენ ცენტრის პრეზიდენტი, ორგანიზაციისა, რომელიც იცავს მწერლების უფლებებს მთელ მსოფლიოში. ჰანდკეს ნახევრად თანამემამულე ნახევრად კოლეგა სლავოი ჟიჟეკი კიდევ უფრო შორს წავა: „2014 წელს ჰანდკემ მოითხოვა ნობელის პრემიის გაუქმება და განაცხადა, რომ ეს იყო ლიტერატურის ‘ცრუ კანონიზაცია’. ის ფაქტი, რომ ახლა მან მიიღო ეს პრემია, ადასტურებს, რომ ის მაშინ მართალი იყო. ეს არის შვედეთის დღევანდელი სახე - მიანიჭო ნობელის პრემია ომის დანაშაულების აპოლოგეტს“.

ბალკანეთის კონფლიქტზე საუბრისას, პეტერ ჰანდკე სისულელის და იდიოტიზმის გარდა არაფერს იძახის. ამის გამო სალმან რუშდიმ მას ტიტულიც კი მოუნახა - „წლის ყველაზე დიდი იდიოტი“. თუმცა იგივე სალმან რუშდი აღიარებს, რომ პლანეტის ყველაზე დიდი იდიოტის კალმიდან გამოსული წიგნები ძალიან კარგია.

სხვათა შორის ანგლოსაქსებს არც ფრანგები ჩამორჩებიან - აგერ, ფილოსოფოსები change.org-ზე პეტიციას ავრცელებენ, რათა ჰაიდეგერი, როგორც ნაცისტი, ლიცეუმების სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნეს. თუ ჰაიდეგერს ამოვიღებთ პროგრამიდან, მაშინ რაღა ვთქვათ ისეთ პრონაცისტურ მწერლებზე, როგორებიც იყვნენ სელინი, ეზრა პაუნდი, ან კიდევ კნუტ ჰამსუნი? გაი მონტეგის მსგავსად დავწვათ მათი წიგნებიც? და პედოფილი პოლ გოგენის ტილოების გამოფენა შეიძლება? და ანტისემიტ ვაგნერის მუსიკის მოსმენა?

დასავლელი ძელოტების ამ თაობას ავიწყდება ერთი მარტივი ჭეშმარიტება: შვილი-ხელოვნების ნიმუში, არაა პასუხისმგებელი მამა-ავტორზე. „კაცი, რომელიც სტროფებს რითმავს და კაცი, რომელიც სალონში ბაასობს, ერთი და იგივე პიროვნება არ არის“ - ასე ცდილობდა მარსელ პრუსტი აეხსნა სანტ-ბევისთვის განსხვავება მამა-შვილს შორის.

და შეძლებდა დღეს ნაბოკოვი „ლოლიტას“ გამოქვეყნებას? და თუ გამოაქვეყნებდა, ხომ გაასამართლებდნენ როგორც პედოფილიის აპოლოგეტს? ისე, როგორც „მადამ ბოვარის“ და „ბოროტების ყვავილების“ ავტორები გაასამართლეს 164 წლის წინათ...

ისე, თუ შვილი არაა მამაზე პასუხისმგებელი, მამა რატომ უნდა გახდეს შვილის მძევალი? „მწერლები თავისუფლები უნდა იყვნენ არჩევანში, თუ ვისი თვალსაზრისით მოისურვებენ ან წარმოადგენენ შეხედულებებს. მე ადრეული ასაკიდან ვწერდი საკუთარი თავისგან ძალიან განსხვავებული ადამიანების თვალთახედვით. ჩემი პირველი რომანი ქალის გადმოსახედიდან დაიწერა“ - ხაზს უსვამდა კაზუო იშიგურო ბიბისის ჟურნალისტებთან საუბრისას.

XIX საუკუნეში ევროპაში ხელოვანის წინააღმდეგ თუ იბრძოდა ეკლესია და მისი ფილისტერული მორალი, XX საუკუნეში ეკლესიას უკვე ტოტალიტარული რეჟიმები ჩაანაცვლებენ. XXI საუკუნეში ეს კონფლიქტი, როგორც ვხედავთ, უკვე ახალ სტადიაში შევიდა.

და სად არის საქართველო ამ გლობალური cancel culture-ის ეპოქაში? საქართველო სავარაუდოდ ჯერ კიდევ იმ ობსკურანტისტულ ეპოქაშია ჩარჩენილი, სადაც საპატრიარქო წერს ფილისტერული მორალის კანონებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG