Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივი აირი ყველას უნდა


ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ბუნებრივი აირი შეჰყავთ, რაც მეზობელ სოფლებში პროტესტს იწვევს. ახალსოფლის მცხოვრებლები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და მოითხოვენ, რომ სოფელში გამავალი მილსადენიდან მათაც შეუყვანონ გაზი. რამდენიმე დღის წინ სოფლის მოსახლეობამ დიდი საპროტესტო აქცია გამართა, რა დროსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შელაპარაკებაც მოხდა. ახალსოფლელებმა კონტრაქტორ კომპანიას დროებით სამუშაოებიც კი შეაჩერებინეს. ისინი უკან დახევას არა აპირებენ და აცხადებენ, რომ რადგან ცენტრალური მილი ჯერ მათ სოფელში გაივლის, დაქსელვის სამუშაოებიც, შესაბამისად, ახალსოფლიდან უნდა დაიწყოს.

ახალსოფლელები არსებულ პრობლემას ხელისუფლების პოლიტიკურ განწყობასაც უკავშირებენ და ამას არჩევნებში მათ სოფელში ნაჩვენები შედეგით ხსნიან. სოფლის მცხოვრებ მარეხ ჯავახიშვილის აზრით, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შელაპარაკების შემდეგ გაირკვა, რომ სოფელს ყურადღება პოლიტიკური მოსაზრებებით არ ექცევა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ონიაშვილის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები პირველ ეტაპზე საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე კი სამუშაოები იმ მეზობელ სოფლებში ჩატარდება, სადაც ცენტრალური მილსადენი გაივლის. ამ სოფლებს შორისაა ახალსოფელიც, სადაც სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყება.

დაპირების მიუხედავად, ახალსოფლელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი თქმით, შეშა ბაზარზე 800 ლარზე მეტი ღირს, ნაკვეთებში მოსაჭრელი ხეც აღარ დარჩა, ტყეში შესვლა კი წარმოუდგენელია, რადგან იქ საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები იმყოფებიან.

გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში წლის ბოლოსთვის ბუნებრივ აირს 8799 ოჯახი მიიღებს. საქართველოს ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG