Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”წიგნის დღე - წიგნების გარეშე”


23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, პუშკინის სკვერში წიგნების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა არ გამართულა. დაკეტილი იყო წიგნის მაღაზიებიც. ქართველ გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა უპრეცედენტო საპროტესტო აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ რამდენიმე სტამბაში დაიბეჭდება და წიგნებს სკოლის მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ. ამით კი, გამომცემლების განცხადებით, სახელმძღვანელოების შემქმნელების - ავტორებისა და გამომცემლების - საავტორო და ქონებრივი უფლებები ილახება.

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში წიგნის მაღაზიების დიდი ნაწილი დაიკეტა.
გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე აცხადებს, რომ, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც 23 აპრილი საქართველოშიც წიგნებზე განსაკუთრებული ფასდაკლებითა და სხვადასხვა საინტერესო აქციით აღინიშნებოდა, წელს ის ჩუმი პროტესტის დღე იქნება.

“დღეს ”დიოგენეს” მაღაზია დაკეტილია. დაკეტილია სხვა წიგნის მაღაზიებიც მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ჩვენი მხრიდან საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კიდევ ერთი მცდელობაა იმ სერიოზულ პრობლემაზე, რასაც ჰქვია დარღვევა ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუვალობის უფლებისა, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ზოგადად განათლების რეფორმის განვითარება და მონოპოლიის გაჩენის საშიშროება”.

სამართლებრივ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების გარანტი კონტრაქტია, ჩვენ კი კონტრაქტით განსაზღვრულ ყველა პირობას ვიცავთ. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რას ვარღვევთ...
გიორგი მარგველაშვილი
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უფასოდ დარიგდეს სასკოლო სახელმძღვანელოები, საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა, თუმცა გამომცემლები ცდილობენ სწორედ ამ საზოგადოებას აუხსნან, თუ რა დგას მთავრობის ამ პოპულარული გადაწყვეტილების უკან. თამარ ლებანიძე განმარტავს, რომ განათლების სამინისტრო გამომცემლობების მიერ წლების განმავლობაში შექმნილი და გამოცდილი სასკოლო წიგნების მათ დაუკითხავად გამოყენებას ცდილობს. პროტესტი გამომცემლობებმა საინფორმაციო ვიდეორგოლითაც გამოხატეს, რომელიც ტელეეთერსა და სოციალურ ქსელში ტრიალებს.

”განათლების სამინისტრომ აიღო გამზადებული წიგნები და სტამბებს დასაბეჭდად გადასცა, თანაც, ტენდერიც კი არ გამოცხადებულა სტამბების შესარჩევად. და რა გამოდის, რომ, ფინანსური ანაზღაურების თვალსაზრისით, გვაძლევს პოლიგრაფიული დანახარჯების მხოლოდ 10%-ს”.

გამომცემლების პროტესტი - წიგნის მაღაზიები დახურულია
please wait

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00
გადმოწერა
ეს კი, ამბობს თამარ ლებანიძე, ნიშნავს ბუნდოვან ფინანსურ მომავალს, სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს, შემცირებულ ხელფასებს და, რაც მთავარია, არაერთ შეჩერებულ პროექტს. აქვე ვთქვათ ისიც, რომ გამომცემლებს, როგორც ”დიოგენეს” ხელმძღვანელი ამბობს, თავადაც ჰქონდათ იდეა, რომ სახელმძღვანელოები უფასო ყოფილიყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, ხოლო დანარჩენებს გარკვეული შეღავათებით ესარგებლათ. იდეის არსი ის იყო, რომ მშობლებს სპეციალური ვაუჩერებით უნდა ესარგებლათ, ისინი წიგნების საფასურის მხოლოდ 20%-ს გადაიხდიდნენ. თუმცა, როგორც ლებანიძე განმარტავს, განათლების სამინისტრომ ამ წინადადებებიდან ბევრი რამ არ გაითვალისწინა, შედეგად კი მივიღეთ ხისტი მოდელი, რომელიც გულისხმობს გამომცემლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების წართმევის ხარჯზე ამ პროექტის განხორციელებას.

ზოგადად, უფასო წიგნები, ცხადია, კარგია, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით, რა გზით აკეთებ ამას. ჩვენი გეგმა იყო, რომ მშობლებს ვაძლევდით 1000 ლარიან ვაუჩერს და ისინი თავად წყვეტდნენ სად ეყიდათ სახელმძღვანელო. აქ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ართმევენ მათ ქონებას და უნაწილებენ სხვა ადამიანებს...
დიმიტრი შაშკინი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის კომენტარი 23 აპრილის საპროტესტო აქციაზე მოკლე და კონკრეტული იყო -მან თქვა, რომ ის დარდობს, გამომცემლებმა რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მონოპოლიის შექმნის თუ ინტელექტუალური საკუთრების წართმევის ბრალდებებს კი მარგველაშვილმა ასე უპასუხა:

”სამართლებრივ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების გარანტი კონტრაქტია, ჩვენ კი კონტრაქტით განსაზღვრულ ყველა პირობას ვიცავთ. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რას ვარღვევთ. მონოპოლიებს რაც შეეხება, ისინი იქმნება ფინანსური ინტერესების გამო. თუ ამ შემთხვევაში პირიქითაა, საბიუჯეტო ხარჯებს ვზოგავთ, რა ლოგიკით მესაუბრებიან მონოპოლიის შექმნაზე? და მეორეც, მონოპოლია გულისხმობს, რომ მხოლოდ ერთ დიდ კომპანიას აქვს რაღაც კონკრეტული შეკვეთა, აქ კი საუბარია იმაზე, რომ წიგნებს რამდენიმე სტამბა დაბეჭდავს, ოთხი თუ ხუთი”.

ამ საკითხს 22 აპრილს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა და ხელისუფლებაში თავისი ყოფნის დროინდელი გეგმა გაიხსენა:

”ზოგადად, უფასო წიგნები, ცხადია, კარგია, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით, რა გზით აკეთებ ამას. ჩვენი გეგმა იყო, რომ მშობლებს ვაძლევდით 1000 ლარიან ვაუჩერს და ისინი თავად წყვეტდნენ სად ეყიდათ სახელმძღვანელო. აქ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ართმევენ მათ ქონებას და უნაწილებენ სხვა ადამიანებს... ესეც რომ არ იყოს, გარანტიას გაძლევთ, რომ ეს სახელმძღვანელოები ერთ წელში დაიშლება და მაინც მოგვიწევს ახლის ყიდვა”.

23 აპრილს საპროტესტო აქციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაც შეუერთდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჯაყელი რადიო თავისუფლებასთნ საუბარში აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება გამომცემლებს უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს.

23 აპრილს ასევე გავრცელდა მედია პალიტრის შემადგენლობაში მყოფი წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ”ბიბლუსი” მიესალმება სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას, ოღონდ განათლების სამინისტროს მოუწოდებს, გამომცემელთა და ავტორთა ინტერესები გაითვალისწინოს. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას მედია პალიტრის პიარისა და კრეატივის დირექტორმა მარიკა დარჩიამ განუმარტა, ”ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელს 23 აპრილს მუშაობა არ შეუწყვეტია, პროტესტის ამ ფორმას - წიგნების გაყიდვაზე უარის თქმას -”ბიბლუსი” მხარს არ უჭერს. წიგნებს წიგნის საერთაშორისო დღეს ასევე ყიდდა მაღაზია ”წიგნის სახლი”, სადაც ბოლო რამდენიმე წელია სასკოლო სახელმძღვანელოები აღარ იყიდება.

საქართველოს მთავრობაში, კერძოდ კი, პრემიერ მინისტრის სახელზე უკვე შესულია გამომცემლობების საჩივარი. გამომცემლებმა, ბეჭდვის პროცესის შეჩერების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG