Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ნავთი აგრესიის ცეცხლზე


სანამ საქმეზე გადავალ, ჯერ ერთი ამბავი უნდა დავაზუსტოთ, მოკლედ და კონკრეტულად. თბილისის ქუჩებში 8 თებერვალს კონცენტრირებული აგრესია ცალსახად შემზარავი იყო; თავაშვებული ძალადობის შემყურე პოლიციის უნიათობა - ძალიან დამთრგუნველი. მაგრამ სენტიმენტები, რომ “თვისებრივად არაფერი შეცვლილა” და “ისევ ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობთ” მაინც უადგილო მგონია.

რაღაცეები - და თან არც ისეთი უმნიშვნელო რაღაცეები - მგონი მაინც შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს. ახალი ხელისუფლების და მისი ლიდერის ირგვლივ ბევრი ეჭვის თუ შეშფოთების საფუძველი გვაქვს; პირადად მე ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას სულ მცირე ორჯერ საჯაროდ დატუქსვის და დასჯის შემდეგ განსაკუთრებული სიძლიერის სკეფსისი მომეძალა როგორც თავად პრემიერ-მინისტრის “დემოკრატობასთან”, ისე მთლიანად კოალიციის პოლიტიკურ სიჯანსაღესთან მიმართებით. მაგრამ ძალადობის ხარისხის თუ ინტენსივობის მხრივ მაინც მგონია, რომ ცოტაოდენი უკეთესობაა.

ჯერ ერთი, ალბათ შეგვიძლია ფრთხილად, მაგრამ მაინც ვივარაუდოთ, რომ საპატიმროებში თუ სამხედრო სტრუქტურებში წამების პრაქტიკა ამ ეტაპზე შეწყვეტილია. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში წამება ნამდვილად არ მოხდება - თუმცა ის, რომ ეს პრობლემა უწინდელ მასშტაბებს აღარ შეედრება, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა. უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, საქმე აღარ გვაქვს სახელმწიფოს ძალისმიერი თუ ძალადობრივი მექანიზმების ლამის ფეტიშამდე აყვანასთან. კი, ბატონო, ეჭვი არავის შეაქვს დახვეწილი თეორიების ჭეშმარიტებაში - რომ “თანამედროვე სახელმწიფოში მთავრობა უნდა ფლობდეს მონოპოლიას ლეგიტიმურ ძალადობაზე” და რომ ეს “საზოგადოებრივი ხელშეკრულებით” უნდა იყოს განპირობებული. მაგრამ კიდევ უფრო ბანალური ჭეშმარიტებაა ის, რომ სახელმწიფოს ძალაუფლებას მკაფიო ზღვარი უნდა დაუწესდეს, ხოლო მთავრობამ თავისი ფუნქცია კანონის ფარგლებში უნდა შეასრულოს. სხვა შემთხვევებში - როცა ხელისუფლება თავისი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობს, ძალის გამოყენებას და ძალადობას შორის ზღვარს სისტემატურად არღვევს და საპროტესტო აქციების “დაშლად” წოდებულ, სისხლიან და თავაშვებულ სადამსჯელო ოპერაციებს “სახელმწიფოდ შედგომად” მიიჩნევს - მოქალაქე უუფლებო და დაუცველი ხდება სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმების წინაშე. დაახლოებით ისეთი, როგორიც ის საქართველოში წინა ხელისუფლების პირობებში იყო.

ეს შესავლის სახით. ახლა მთავარ სათქმელს რაც შეეხება: 8 თებერვალმა აშკარად გვაჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩვენს ბევრ თანამოქალაქეში დაგროვილი სიბრაზე თუ უსამართლობის განცდა ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სპონტანურ და ქაოსურ აგრესიაში. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ ამ აგრესიას შესაძლოა ბევრი მოწინააღმდეგე არც გამოუჩნდეს, გულგრილი პრინციპით “აბა რა ეგონათ” და “რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”. ყველაზე დიდ პრობლემას კი, ჩემი აზრით, ის წარმოადგენს, რომ ახალი ხელისუფლება ამ სახიფათო რეალობას ხშირად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის - თავისი მორალური უპირატესობის გასამყარებლად. იმის ნაცვლად, რომ ყველანაირად ცდილობდეს საზოგადოების ემოციები როგორმე რაციონალურ ჩარჩოებს დაუქვემდებაროს და სამართლებრივ კალაპოტში მოაქციოს, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, თავისი ქმედებებით, ხშირად ცეცხლზე ნავთს ასხამს და ვნებების თუ აგრესიის კიდევ უფრო მეტად გაღვივებას უწყობს ხელს. (დღეს შეგნებულად არაფერს ვამბობ უმცირესობის წარმომადგენელთა გამომწვევ და უპასუხისმგებლო ქცევაზე. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მარტო პრეზიდენტის მიერ იმავე 8 თებერვლის საღამოს ნათქვამი სიტყვები რად ღირს, გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები იმიტომ შევიწყალე, რომ ეს თემა „ზეპოლიტიზებული“ გახდაო. ან ქალაქის მერის ძველბიჭურ-ქედმაღლური პოზიცია - რომ დასაკითხად იქით უნდა ესტუმრონ და თავად გამოცხადებას არ აპირებს. ამ პოლიტიკური გუნდის წევრთა ქცევას და რიტორიკას უკვე თითქმის ათწლეულია ვუყურებთ და პირადად მე უკვე ზედმიწევნით უშედეგო, უიმედო და უინტერესო მგონია იმის გაუთავებელი წერა, რომ დაშვებულ მძიმე შეცდომებზე ცოტაოდენი რეფლექსია და ოდნავ უფრო ადეკვატური ნაბიჯები მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. დღეს ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა - და სწორედ მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა რაციონალურად მოიქცეს და საზოგადოებაში დაგროვილ ემოციებს სამართლიანი მიმართულება მოუძებნოს).

ყველაზე ნაკლებად ახლა პოლიციის მიერ 8 თებერვალს გამოვლენილ პასიურობას ვგულისხმობ აგრესიის მიმართ - ისევე, როგორც ძალადობის დაშვების შემდეგ თავის მართლებას ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი „პროვოკაციის“ საბაბით. ცხადია, თავისთავად ესეც დიდი პრობლემაა - თუმცა, ჩემი აზრით, საქმე კიდევ უფრო ფართო ტენდენციასთან გვაქვს. მაგალითად, მე ცოტა არ იყოს მიჭირს ჩვენი ემოციებით და ციხის კადრებით მიღებული კოლექტიური ტრავმით მანიპულირება არ დავინახო გენერალური პროკურორის ქცევაში, რომელსაც ლამის უკვე ტრადიციად ექცა ორ კვირაში ერთხელ ტელეეკრანიდან ახალ-ახალი შემზარავი ამბების მოყოლა - რომ “პატიმრებს აყურებინებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ მისი ოჯახის წევრს”, რომ “ყელამდე მიწაში ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ”, რომ “პატიმარი ყვებოდა, როგორ აბანავეს მორგში გარდაცვლილი ადამიანის სისხლში”. გავიგეთ - წინა ხელისუფლების პირობებში საპატიმროებში საშინელება ტრიალებდა. ისიც გავიგეთ, რომ წამების ფორმები სისასტიკის თავაშვებულ ორგიებში იყო გადაზრდილი. ეს რომ გავიგეთ, სწორედ ამიტომ დაისაჯა ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბრის არჩევნებში. ახლა, ჩემი აზრით, გენერალური პროკურორისგან პორციებად მოწოდებული, სენსაციური და შემაძრწუნებელი ამბებით კიდევ უფრო მეტად დაზაფვრა კი არ გვჭირდება, არამედ წამების პრაქტიკის მიუკერძოებელი, რაციონალური და უკომპრომისო გამოძიება. ზუსტად ისეთი, როგორიც ახლახან თერთმეტმა ავტორიტეტიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა და იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები არ არის გადადგმული - არც ციხეებში შეიმჩნევა მსჯავრდებულებთან გამომძიებლების აქტიური საუბრები წამების ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით და არც საზოგადოებაა სათანადოდ ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

აღარაფერს ვამბობ იმ ირონიულ ფაქტზე, რომ პოლიციის პროფესიონალიზმის და ეთიკის ამაღლების და, რაც მთავარია, მისი “დეპოლიტიზაციის” შესახებ დიდი რიხით გაცემული დაპირებების ფონზე პოლიციის აკადემიის პრორექტორად აი ამ სიტყვების ავტორია დანიშნული: “რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ‘ნაციონალი’ ცოცხლად იქნებოდა გატყავებული". ლუკა კურტანიძის სახელს პოლიციის აკადემიის გარეთაც უკავშირდება უსიამოვნო ამბები, იქნება ეს არჩევნების წინა პერიოდში რწმუნებულის დაშინება თუ ჭიდაობის ფედერაციაში ახლახან მომხდარი ცემა-ტყეპა. მაგრამ ყველაზე მძიმე და აშკარა პრობლემა, ცხადია, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნაა. ასეთი მოუთოკავი აგრესიის მფრქვეველი პირი პოლიციის აკადემიაში უბრალოდ არ შეიძლება მუშაობდეს. თან ის ხომ რიგითი ფიგურა არ არის - ცნობილი სპორტსმენია, ჩემპიონი, რომელსაც მომავალი პოლიციელები ალბათ ავტორიტეტად, მისაბაძ პიროვნებად აღიქვამენ. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი “ავტორიტეტის” ყოლის პირობებში მათ თავიანთი უმთავრესი მოვალეობების და ეთიკური პრინციპების გათავისება შეძლონ - რომ, უკანონობასთან ბრძოლასთან ერთად, მათი უპირველესი ფუნქცია უნდა იყოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა და, რაც მთავარია, სუბიექტური ემოციების, პოლიტიკური შეხედულებების, პირადი მტრობის თუ მეგობრობის გვერდზე გადადება მოვალეობის შესრულების დროს.

სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, შევაჯამებ - მგონი დროა, ახალმა ხელისუფლებამ მოუკლოს პათეტიკურ, მორალისტურ და ადამიანებში ისედაც დაგროვილი ნეგატიური ემოციების კიდევ უფრო დამუხტვისკენ მიმართულ განცხადებებს და, თუკი ეს საერთოდ შეუძლია, “სამართლიანობის აღდგენის” გზაზე კონკრეტული, რაციონალური ნაბიჯები გადადგას. „სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმზე“, “მკვლელებზე” და “ჯალათებზე” ლაპარაკი და თუნდაც „რეჟიმის მსხვერპლთა“ მემორიალის გახსნა პირველ რიგში სწორედ ემოციების გაღვივებას ემსახურება. და ეს მაშინ, როცა არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე კვლავაც ძალიან ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ან რა სტადიაზეა იმ საქმეების გამოძიება, “გახმაურებულებს” რომლებსაც ვუწოდებდით და შეძრწუნებულები რომლებითაც ვიყავით. ციხეებში წამებაზე ახალი და კონკრეტული ბევრი ვერაფერი შევიტყვეთ; ხაშურის პოლიციაში „კიბიდან გადმოვარდნილი“ სოლომონ ქიმერიძის ან 26 მაისის შემდეგ “სახურავზე ნაპოვნი” ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის საქმეები ჯერჯერობით მგონი საერთოდ არავის უხსენებია; გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით იანვრის ბოლოსთვის დაპირებული ახალი დეტალებიც აშკარად იგვიანებს. ერთადერთი საქმე, რომლის ირგვლივაც მეტნაკლებად გამოიკვეთა ახალი გარემოებები, ბუტა რობაქიძის მკვლელობაა - ოღონდ, ამ ახალი ინფორმაციის გავრცელების და კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენების პარალელურად, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს და შემდეგ სააკაშვილის ბობოქარ ოპონენტად ქცეულ ირაკლი ოქრუაშვილს ყველა ბრალდება მოუხსნეს, რაც ცოტა არ იყოს ირონიულ ჟღერადობას ანიჭებს იუსტიციის მინისტრის მიერ თავდაჯერებული კატეგორიულობით გაკეთებულ განცხადებას - რომ „საქართველოში, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, არ არსებობს შერჩევითი სამართალი“.

ბოლოს ძალიან მოკლედ ყველაზე მთავარზე. ჩვენ ჯერ კიდევ თითქმის არაფერი ვიცით იმაზე, თუ როგორ აპირებს, ან საერთოდ თუ აპირებს სახელმწიფო წამების და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, მათ რეაბილიტაციას. რაც ვნახეთ და რასაც ვისმენთ, იმის ნახევარი მაინც თუ სიმართლეა, ეს ნიშნავს რომ ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც ძალადობამ სიცოცხლე დაუმახინჯა და ალბათ სამუდამო დაღი დაატყო. მათ დასახმარებლად ნამდვილად არ იკმარებს რამდენიმე, თუნდაც ძალიან კარგი და კეთილშობილი არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, საგანგებო დაფინანსება გამოყოს და პროგრამები აამუშავოს. დრო სწრაფად გადის - არადა წამებასთან მებრძოლი ყველა ჯგუფი თუ ორგანიზაცია გეტყვით, რომ მსხვერპლის დახმარება წამების ფაქტიდან რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ზიანი შესაძლოა შეუქცევადი აღმოჩნდეს.

შურისძიების სურვილი ძლიერი ვნებაა, რომელსაც ესკალაცია ახასიათებს. თუმცა კანონიერებით, სამოქალაქო სოლიდარობით, აგრესიის არდაშვებით და ტრავმირებულთა დახმარებით ემოციების დაცხრობაც შეიძლება და ესკალაციის აღკვეთაც. მაგრამ ჩვენში, როგორც ჩანს, ეს საფრთხე კიდევ დიდხანს იარსებებს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ჩვენი ბევრი თანამოქალაქის მიერ რეალურად გამოვლილი წამების და ძალადობის შემზარავი გამოცდილება პირველ რიგში პოლიტიკური ელიტების დაპირისპირებას თუ არჩევნებში მოგება-წაგებას მოხმარდება. და სანამ ადამიანების დახმარებაზე უფრო მეტად უკვე ლამის სიტყვიერ კლიშედ ქცეულ „ცოცხებზე“ ნიშნისმოგებით ლაპარაკს მოვუნდებით.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG