ეს თავიდანვე ასე იყო. იმ მომენტიდან, როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა და მისი შემადგენლობის შესახებ შევიტყვეთ.
მაშინ ამას ცივი და სტერილური ფორმულირებით „ეკლექტიზმს“ და „იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას“ ვარქმევდით. ვამბობდით, კოალიციაში წარმოდგენილ „ჭრელ“ ძალებს ერთადერთი რამ - ნაცმოძრაობასთან დაპირისპირება - აერთიანებს, თორემ სხვა მხრივ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე დგანანო. ოპტიმისტურ განწყობაზე ყოფნისას თავს ვირწმუნებდით, რომ „უფრო მეტ“ გავლენას მაინც პროგრესული, პროდასავლური და ლიბერალური ორიენტაციის პარტიები ფლობდნენ. ხოლო პესიმიზმი და შფოთვა თუ მოგვეძალებოდა, გაწითლებამდე მისული უხერხულობით ვუსმენდით კოალიციის შოვინისტი წევრების შავრაზმულ, არაკომპეტენტურ და საბჭოური ყაიდის რიტორიკას.
დღესაც ასე გრძელდება. ეს „ეკლექტურობა“ მმართველი კოალიციის მიერ თითქმის ყველა სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე ირეკლება - შედეგად კი სულ უფრო და უფრო ბუნდოვან სურათს ვიღებთ. არადემოკრატიულ და ანტილიბერალურ ქმედებებს „აბალანსებს“ სწორი და კარგი განცხადებები - ვის არ გვახსოვს სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ დავით უსუფაშვილის მართლაც ისტორიული სიღრმის გამოსვლა, ოღონდ მას მერე, რაც პარლამენტმა შსს-ს ოფიციალურად დაუკანონა ჩვენი მოსმენის უფლება - და ამ დაბალანსება-დაბალანსებაში პროგრესის ნიშნები დიდწილად ილუზორული რჩება.
ნაცნობი ქსენოფობია
ასე მაგალითად, ჩვენს პრეზიდენტს უკვე ჩვეულებრივ ამბად ექცა შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო და ტოლერანტობის ხელშემწყობი, დადებითი და დავარცხნილი განცხადებებით გამოსვლა - პოლიტიკოსთა დისკურსში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ აკრძალული სიტყვის, “ჰომოფობიის” ხსენებით. მაგრამ ქვეყანაში სექსუალური და რელიგიური უმცირესობები კვლავაც რჩებიან დაუსჯელი ძალადობის სამიზნედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თავადაც მონაწილეობენ მათ ჩაგვრაში.
კოალიციის შოვინისტურმა ქსენოფობიამ სხვა კუთხითაც გვიწია - ახალმა სავიზო პოლიტიკამ უცხოელებს საქართველოსთან კავშირი გაურთულა და ქვეყანას შემოსავლის წყარო წაართვა. იუსტიციის მინისტრი კი ამას კლასიკურად რასისტულ და ორიენტალისტურ ჭრილში ხსნის - გვამშვიდებს, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, შეზღუდვები ძირითადად “ჩინელებს, ერაყელებს, ირანელებს და ეგვიპტელებს” შეეხოთო. წულუკიანის ამ გამოსვლამდე - რომელსაც საქართველოში ირანის საელჩო გამოეხმაურა და ამ განცხადებას „არაპროფესიონალური და გაუაზრებელი“ უწოდა - კიდევ უფრო შორს წავიდა ზვიად ძიძიგური. ვიზების გამკაცრების არგუმენტად მან ერთი ირანელის მაგალითი მოიტანა - ტურისტის, რომელსაც, ძიძიგურის აღწერით, “სამი დოლარი ჰქონდა ჯიბეში, სანდლები ეცვა ფეხზე და ყელი გამოჭრა პატარა აჭარელ გოგონას” - და დაასკვნა, არ შეიძლება საქართველოში „გამოიაროს“ ყველამ, ვისაც კი მოუნდებაო. ეს არა მხოლოდ ერთი საზარელი მკვლელობის განზოგადების და უცხოელის შიშის გაღვივების მაგალითია, არამედ “ღარიბების” ბოროტმოქმედებასთან გაიგივების არქეტიპული შემთხვევაც. და თან ამას იმ ქვეყნის პოლიტიკოსი აკეთებს, რომლის უამრავ პატიოსან და მშრომელ მოქალაქეს სწორედ ეკონომიკური სასოწარკვეთა - „სამი დოლარი ჯიბეში“ - აიძულებს უცხოეთში სამუშაოდ წასვლას. ამ ადამიანების, და მათი ოჯახების გამო უნდა ვინატროთ, რომ ჩვენთანაც და მსოფლიოშიც გადამწყვეტ სიტყვას ვერ მოიპოვებენ პოპულისტური ქსენოფობიით გამორჩეული პოლიტიკოსები, ღარიბ უცხოელებს ამრეზით რომ უყურებენ და მთელ ჯგუფს ხელაღებით აიგივებენ რომელიმე კონკრეტულ დამნაშავესთან.
“ხალხზე ორიენტირებული მთავრობა”
სოციალური საკითხები კიდევ ერთი დიდი სფეროა, სადაც ამორფული და არაერთგვაროვანი სურათი გვაქვს. ერთი მხრივ, სწორედ ამ სფეროშია გადადგმული ბოლო წლების ალბათ ყველაზე პროგრესული ნაბიჯი - საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედება. როგორი ხარვეზებითაც უნდა მუშაობდეს ეს პროგრამა და რამდენი კრიტიკოსიც უნდა ჰყავდეს მას, სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის აღიარება პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია და ამას ყოველთვის დავუჭერ მხარს.
თუმცა, სოციალურ უსამართლობასთან მიმართებით, ბევრ ასპექტში, ისევ გულგრილობას ვაწყდებით. რომელ “ხალხზე ორიენტირებულ მთავრობაზეა” ლაპარაკი იქ, სადაც სახელმწიფომ ვერა და ვერ დაასრულა უსახლკაროების ერთადერთი თავშესაფრის მშენებლობა და დაუცველ ადამიანებს ზამთრის გატარება ისევ კარვების მძიმე პირობებში ან ქუჩაში უწევთ. ან კი იქ, სადაც არაფრით დაადგა საშველი შრომის ინსპექციის შექმნას - სამუშაო ადგილებზე თავისუფალი წვდომით და დარღვევების შემთხვევებში დამქირავებლისთვის სანქციების დაწესების უფლებით. მთავრობის უღიმღამო მცდელობები - „შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა“ იქნება ეს თუ მისი შემცვლელი, „შრომის დეპარტამენტი“ - ბევრს ვერაფერს გააკეთებს, რადგან მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება და მუშების საფრთხეში ჩამგდები კომპანიების დასჯის მექანიზმებსაც არ ფლობს.
არადა, სახელმწიფომ იცის - მისი დაუცველი მოქალაქეები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო, უმძიმეს პირობებში აგრძელებენ მუშაობას და სამუშაო ადგილებზე დაღუპულ და დასახიჩრებულ ასეულობით ადამიანს ახალ-ახალი მსხვერპლი ემატება. პროფკავშირების მიერ 2012-2014 წლებში დამუშავებული მონაცემების თანახმად, 100 ადამიანი დაიღუპა და 225-ზე მეტი დაშავდა მშენებლობის, მეტალურგიის, მრეწველობის, სამთო მოპოვების და სხვა დარგებში მუშაობის დროს. ამას, ასევე პროფკავშირების ინფორმაციით, ემატება 2014 წლის მიწურულს და წელს იანვარში ჭიათურის მაღაროში დაღუპული ორი მუშა, იანვარში ტყიბულში დაღუპული მეშახტე, თებერვალში თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მშენებლობაზე ლიფტის შახტაში ჩავარდნილი და დაღუპული მშენებელი. კიდევ ერთმა მუშამ თებერვალში კაზრეთის საწარმოში კარიერის ტერასიდან, მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო მძიმე დაზიანებები. პროფკავშირი ეჭვობს, რომ კომპანია RMG Copper-მა ეს ფაქტი დამალა და საქმის შესწავლის თხოვნით პროკურატურას მიმართავს.
სოციალური უსამართლობის მსხვერპლთა ხმა რომ არ გვესმის და საზრუნავი დიდად არ გვადარდებს, ამას ბევრი სხვა ასპექტიც ადასტურებს. ბოლო პერიოდში, ლარის გაუფასურების და სურსათის გაძვირების ფონზე, არც კი დასმულა იმ ადამიანების ბედის საკითხი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და თავი საარსებო შემწეობით გააქვთ. ეს შემწეობა, მცირედი მატების მიუხედავად, კვლავ მიზერულ თანხად რჩება - მაშინ, როცა საარსებო მინიმუმი საშუალო ასაკის კაცისთვის თვეში 160 ლარითაა განსაზღვრული, საშუალო მომხმარებლისთვის კი თითქმის 142-ით, შემწეობის სახით ოჯახის უხუცეს წევრებს 60, დანარჩენებს კი 48 ლარი ეძლევათ. (თუმცა, მალე ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ყველა წევრი ერთსა და იმავე თანხას მიიღებს, ბავშვებს კი დამატებით 10 ლარი დაერიცხებათ). წესით, პასუხისმგებლობის განცდის მქონე მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ მოქალაქეების ამ ჯგუფისთვის რამდენიმე ლარსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და, შესაბამისად, ლარის გაუფასურების პირობებში, დახმარებას პირველ რიგში სწორედ ისინი საჭიროებენ. მაგრამ ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ეს საკითხი არ განიხილება.
ხოლო პასუხი, რომ ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები აქვს და მწირი შემწეობის ინდექსაციისთვის დამატებითი თანხების გამონახვა შეუძლებელია, პრინციპულად არ მიიღება - ხელისუფლების წევრების მიერ საბიუჯეტო სახსრებზე დახარბების და მათი ხელგაშლილად ფლანგვის ფონზე. იქ, სადაც სახელმწიფო 2013-2015 წლებში 147 მილიონ ლარს მარტო ავტომობილებზე ხარჯავს, 2013-2014 წლებში კი 20 მილიონ ლარზე დიდ თანხას იხდის სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე, ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ყოფის შემსუბუქება ცალსახადაა შესაძლებელი, საამისო ნება იყოს ოღონდ.
მინისტრების, მოადგილეების და სხვა „ოფიციალური პირების“ მიერ პრემიების და დანამატების ფორმით მიღებულ ათეულობით მილიონ ლარზე აქ შეგნებულად აღარ ვამბობ არაფერს. ისედაც გეცოდინებათ - როგორც იტყვიან, ეს უკვე “ყბადაღებული” თემაა.
ნორმალიზების ილუზიის დევნაში
“ეკლექტიკის” მხრივ საქმე კიდევ უფრო რთულადაა საგარეო საკითხებთან, გეოპოლიტიკასთან და რუსეთთან ურთიერთობის “დალაგებასთან” მიმართებით. აბსურდმა იმ წუთიდანვე დაისადგურა, როცა კოალიციამ თავის საარჩევნო პროგრამაში ჩაწერა, „საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაშიო”. ახლა კი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასავლეთს საქართველოს დავიწყებას საყვედურობს და სწორად ამბობს - მსოფლიოს 2008 წლის ომისთვის ჯეროვანი ყურადღება რომ მიექცია, უკრაინაში ომი აღარ მოხდებოდაო. არადა, საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს პრობლემების სიმწვავის კლება დიდწილად თავად ღარიბაშვილის რიტორიკის ბრალია - მაგალითად, BBC-სთან ინტერვიუში მისთვის ჩვეული, ამბიციური ინტონაციით გაკეთებული განცხადებების, საქართველო დასავლეთსაც უახლოვდება და რუსეთთანაც ახდენს ურთიერთობის ნორმალიზებასო. თუკი აცხადებ, რომ თავად აგვარებ ურთულეს კონფლიქტს - მეტიც, ამას ხმამაღალ სახელებს, “პრეცედენტის შექმნას” და “სრულყოფილი ბალანსის პოვნასაც” კი უწოდებ - გასაკვირი აღარაა, თუ გარესამყარო შენს გამო ნაკლებად შეიწუხებს თავს.
აღარაფერს ვამბობ სერგეი ლავროვის მუქარის პასუხად “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების” ილუზიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, ზურაბ აბაშიძის ცნობილ გამოსვლაზე - რომ “დღეს და ხვალ ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას" და რომ თურმე “საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას მიაყენებს ზიანს”. ამას უკვე ბევრი ვერაფერი უშველა ვერც უსუფაშვილის მაგიამ - მისი მხრიდან აბაშიძის გამართლებამ სევდიანი სიტყვებით, დილით, შუადღეს და საღამოს იმის თქმა, ხვალვე მიგვიღეთ ნატოში, საქმეს რომ შველოდეს, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას დღეში სამჯერ იტყოდაო. რადგან პრობლემის სათავე სხვაგანაა, ძალიან ცხად და მკაფიო მოცემულობაში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ჯიუტად ვერ თუ არ აღიარებს - კრემლს აშფოთებს არა საკუთრივ ნატო და დასავლეთი, არამედ ე.წ. “ახლო სამეზობლოზე” გავლენის დაკარგვა და სუვერენული საქართველოს რუსეთის ორბიტიდან საბოლოოდ გასვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, “დასავლეთთან დაახლოების პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის დალაგება” ურთიერთგამომრიცხავი და შეუძლებელი ამოცანაა. დიახ, “ხვალ” ნატოში ნამდვილად ვერ შევალთ, მაგრამ პრობლემა ზეგ, მაზეგ და მას მერეც უცვლელი დარჩება.
ის, რომ რუსეთთან სიფრთხილეა საჭირო, ყველასათვის ცხადია. მით უმეტეს დღევანდელ, სულ უფრო და უფრო თავზეხელაღებულ და მოუთოკავად აგრესიულ რუსეთთან. და ისიც გასაგებია, რომ ჩვენი საზოგადოებაც და პოლიტიკური კლასიც გადაღლილია წინა წლების ტრავმებით და ისტერიული გარემოთი, რომელშიც, ხელისუფლების რიტორიკის წყალობით, რუსეთისგან მომდინარე ძალიან რეალური საფრთხე გადადიოდა პოლიტიკურ პარანოიაში და იძენდა ოპონენტებთან საბრძოლველი იარლიყის და პლაკატური, გროტესკული მტრის ხატის ელფერს. მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ. შიშის თუ პოლიტიკური უმწიფრობის გამო, რუსეთთან არსებულ პრობლემებს მკაფიოდ, პრინციპულად და მტკიცედ ვერ ვაყალიბებთ და მესიჯების ეკლექტიზმში ვიკარგებით - ხან ურთიერთობის უპრეცედენტო ნორმალიზების ილუზიას ვამკვიდრებთ, ხან კი ვაღიარებთ, რომ რუსეთის აგრესია არ შეცვლილა და ის უწინდებურად “მოიწევს” საქართველოსკენ.
ამღვრეული პოლიტიკა
ეს მდგომარეობა - ეკლექტური და ამღვრეული სურათი - ზოგადად გახდა ჩვენი პოლიტიკური რეალობის განმსაზღვრელი მახასიათებელი.
ერთი შეხედვით, ზედაპირზე, თითქოს პროგრესის ნიშნებიც გვაქვს - უკეთესობაა სასამართლოშიც, მედიაშიც (ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წელს საქართველო 15 ადგილით დააწინაურა) და ხელისუფლების შტოებს შორისაც ვხედავთ ძალაუფლების გადანაწილების თუ არა, ერთმანეთთან უთანხმოების ნიშნებს მაინც. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი მთავარი პრობლემა გადაწონის - ის, რომ ქვეყნის მართვაზე გავლენას არაოფიციალური და არაუფლებამოსილი პირი, ბიძინა ივანიშვილი ახდენს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ფიგურა საერთოდ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან. ასეთ ვითარებაში - ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში - რეალურ დემოკრატიულ განვითარებაზე, ინსტიტუტებზე, ხელისუფლების გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე მსჯელობა არასერიოზულია, წინსვლის ნიშნები კი ილუზორულია და ზედაპირული.
მით უმეტეს იქ, სადაც დიდძალი ჩრდილოვანი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ეს ფიგურა უზარმაზარ, საქართველოს მთელ მოსახლეობასთან შეუსაბამო ფინანსურ ძალაუფლებასაც ფლობს, ახლა კი სამოქალაქო სივრცის დაპყრობისთვისაც ემზადება, მათ შორის ტელეპროექტის გზით. ამ პროექტის კრიტიკის უმთავრეს სამიზნეებს შორის ექსპერტები და ენჯიოები იქნებიან - ცხადია, ის ექსპერტები და ენჯიოები, მას რომლებიც არ მოსწონს. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სამართლიანი არჩევნები, რომელთა ლიდერებთანაც ივანიშვილს „კითხვები“ ჰქონია.
მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ „საზოგადოება 20/30“-ად წოდებულმა ახალმა წარმონაქმნმა რეალურად შეძლოს ან მოქმედი, კვალიფიციური და გავლენიანი ორგანიზაციების დისკრედიტაცია, ან კი სამოქალაქო სივრცის მონოპოლიზაცია. საამისოდ, ფინანსებთან ერთად, სერიოზული კომპეტენცია და გამოცდილებაა საჭირო. მაგრამ საქმიანობის პირველივე ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ორგანიზაციებზე განხორციელებული იერიში, თავისთავად, ვერ არის კარგი ამბავი. თუ გსურს მკაფიოდ დაინახო ხელისუფლების ბუნება და სპეციფიკა, დააკვირდი, ვისთან შედის ის კონფლიქტში და ვის ირჩევს თავისი დარტყმის სამიზნედო, მითხრა ერთხელ ჩემმა კოლეგამ და ეს ფორმულა მას შემდეგ სულ მახსოვს. ჩვენი ხელისუფლების დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე კი, უკვე აშკარაა, რომ ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციები არიან - ისინი, ვის საქმიანობასაც შარშან, მაისში, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა “ძირგამომთხრელი” და “ქვეყნის იმიჯის შემარყეველი” უწოდა მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე წლებია, იბრძვიან უკანონო მოსმენების და ჩვენს პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს უხამსი ჩარევის წინააღმდეგ.
სიჭრელე და სტაგნაცია
ბოლო ხანებში ბევრი ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ წარსულის კრიტიკა აღარ არის აქტუალური. „სისხლიანი 9 წლის“ კლიშეთი ამჟამინდელი მთავრობაც საკმარისად ცდილობს ჩვენს მანიპულაციას. ამიტომ, თავად ჩვენ აღარ უნდა დავუმატოთ და წარსულზე ფიქსაციის ნაცვლად, დღევანდელზე უნდა ვიფიქროთ.
მაგრამ, საქმე თუ მაინც შედარებაზე მიდგა, ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალადობამ იკლო, (ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში), მნიშვნელოვანი მონაპოვარია. 10 წლის შემდეგ კი დავიბადე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გვიანდელი 1960-იანების დასავლელ ახალგაზრდებს ვეთანხმები - სახელმწიფოს რეპრესიული აპარატების თავზეხელაღებული ქმედება, პოლიციური სისასტიკე და მოქალაქეებზე სისტემატური ძალადობა მიმაჩნია კოშმარად, რომლის ფონზეც სხვა ბევრი მანკიერება უფერულდება. და, 1960-იანელების კერპის, ჯონ ლენონის “იმეჯინის” არ იყოს, I'm not the only one, ჩემნაირად ალბათ ბევრი ფიქრობს.
მაგრამ მხოლოდ ეს შორს ვერ წაგვიყვანს. დიდი ხანია დროა, ვაღიაროთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური სიჭრელე „პლურალიზმს“ და „არაავტორიტარულობას“ კი არ ნიშნავს, არამედ ამორფულ და ამღვრეულ რეალობას, რომელშიც უძრაობა იკიდებს ფეხს. რეალურად ესაა ეკლექტიკა არსაით - პოლიტიკა ხედვის და ცხადი მიმართულების გარეშე.