ვისაც თავისუფლების სიკეთეთა მომკა სურს, მან ჩემსავით მისი დაცვის დამქანცველი შრომაც უნდა იტვირთოს.
თომას პეინი, „კრიზისი“.
საქართველოს პარლამენტს ცვლილებები შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსში. იმ კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, სხვადასხვა ჯგუფს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით ძალადობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს. ჩემდა გასაოცრად, ამ სრულიად მიუღებელ ინიციატივას არ მოჰყოლია ისეთი ძლიერი პროტესტი, როგორსაც იმსახურებს.
კანონპროექტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
„საჯაროდ მოწოდება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი, ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“
გთავაზობთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღებას:
მიზეზი #1: კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს, ის არ იცავს იმას, ვინც დასაცავია, და მისი მიღება ხდება ადეკვატური საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე.
არ არის საჭირო, ვიცნობდეთ ყველა გამოკვლევის შედეგებს, ისედაც ყველამ ვიცით, თუ ვის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებენ საქართველოში ყველაზე ხშირად − რა თქმა უნდა, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების მიმართ. ამ გარემოებას კანონპროექტი სრულიად უგულებელყოფს. კანონმდებელი, რომელიც ვერ ბედავს, ამ მუხლით დაცული ჯგუფების ჩამონათვალს დაამატოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშანიც (რადგან ზუსტად იცის, რომ ამით რელიგიურ უმრავლესობას გაანაწყენებს), სულ მცირე, უნდობლობას მაინც იწვევს. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი გავლენიანი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაცია (მათ შორის, ლგბტ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები), ინიცირების მომენტიდანვე ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას. ცნობილი არ არის, აგრეთვე, ითხოვდნენ თუ არა ამგვარი ცვლილების შემოღებას რელიგიური უმცირესობები (და არა რელიგიური უმრავლესობა) − იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში არსებული სამართლებრივი რეჟიმის პირობებში სახელმწიფო თითქმის ვერასდროს ახერხებდა მათი უფლებების დაცვას. არადა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, სწორედ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრაქტიკისა და არსებული კონტექსტის ანალიზი უნდა უძღოდეს ასეთი კანონების მიღებას.
ამას გარდა, არავინ იცის, კონკრეტულად ვის გაუჩნდა ასეთი კანონის მიღების იდეა. იქნებ ეს პროექტიც საპატრიარქოსთან დაახლოებულ იმ ჯგუფს ეკუთვნის, რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელთა მკაცრ დასჯას რომ მოითხოვდა? საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2015 წლის 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ ევროპის კავშირის ბევრ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფა და ღვთის გმობა სისხლის სამართლის დანაშაულია. „განსაკუთრებით მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას.“
თითქოს ყველაფერი ცხადია, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არავინ იცის, ვის სურვილს ასრულებს პარლამენტი, რადგან ოფიციალური ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ეკლესია კი ჯერჯერობით დუმს.
რაც შეეხება საზოგადოებრივ დისკუსიას, ყველას გვახსოვს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა. როცა უმცირესობა ითხოვდა უფლებებს, უმრავლესობა გააფთრებით ებრძოდა მას და ცდილობდა, არაფერი დაეთმო. ახლა კი, როცა უმრავლესობისთვის იქმნება გარანტიები, ის ჩუმად არის.
მიზეზი #2: კანონი ვერ აკმაყოფილებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმური შეზღუდვისათვის საჭირო ვერცერთ კრიტერიუმს
გამოხატვის თავისუფლება შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი და შემაწუხებელი. ეს არის ფასი, რომელსაც ვიხდით დემოკრატიისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, არ ვკამათობთ იმაზე, რომ დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა ყოველგვარი შეზღუდვებისა და შიშის გარეშე. ისიც ყველამ ვიცით, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის. ხოლო იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართებულად ჩაითვალოს, ამ შეზღუდვას კანონი უნდა ითვალისწინებდეს, ის ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. პირველ კრიტერიუმზე ქვემოთ ვისაუბრებ, ხოლო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს რაც შეეხება, ცხადია, თეორიულად ისიც შეიძლება არსებობდეს (მაგალითად, სახელმწიფოს უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, სხვა ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები და ა.შ.). თუმცა, ასეთი შემთხვევები, ჩემი აზრით, პროპორციულობისა და „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის“ გამოცდას ვერ ჩააბარებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ის ადამიანს შეურაცხყოფდეს, თავზარს სცემდეს ან აღაშფოთებდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც აშკარაა ამ შეზღუდვის მწვავე სოციალური საჭიროება. ამ აუცილებლობის არსებობას დიდი ხანია გვიმტკიცებენ სრულიად აბსურდული იდეის − უმრავლესობის უფლებების დამცველები. არადა, ადამიანის უფლებები სწორედ უმრავლესობის ძალაუფლების დასამუხრუჭებლად არსებობს და არა მისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. რაც შეეხება უმცირესობებს, რომელთა დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს, პირველ ყოვლისა, ეს კანონი: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა, სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ უფროშეიძლება იქნეს გამოყენებული, ვიდრე მათ დასაცავად.
ამ კრიტერიუმების გარდა, კიდევ არსებობს ერთი კრიტერიუმი: საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ამგვარი დანაშაულის არსებობის შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება დამნაშავის განზრახვას. არადა, კანონპროექტი ამ საკითხს საერთოდ უყურადღებოდ ტოვებს.
მიზეზი #3: კანონი ბუნდოვანია, ხოლო ბუნდოვანი კანონი შეიცავს ფართო ინტერპრეტაციის და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ თვითნებური გამოყენების ხიფათს
თავიდან ასეთი შეკითხვა უნდა დავსვათ: რატომ არის აუცილებელი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა? მაგალითად, Article 19-ის რეკომენდაციების თანახმად, სანქციები ჯერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში უნდა იყოს გათვალისწინებული და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც უკიდურესი ზომა, შეიძლება გვქონდეს სისხლის სამართლის კოდექსშიც. სისხლის სამართლის კანონებში ხომ სახელმწიფოებმა ძალადობისკენ მოწოდების მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე და სერიოზული შემთხვევები უნდა გაითვალისწინონ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით კი, რაკი სისხლისსამართლებრივი სანქციები გამოხატვის თავისუფლებაში სერიოზულ ჩარევას წარმოადგენს, პროპორციულობის პრინციპი მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამ ყველაფერს მივყავართ მეორე მნიშვნელოვან კითხვამდე: რატომ ცვლის თავის პოლიტიკას ასე მკვეთრად სახელმწიფო, რომელმაც ძლივს მოახერხა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება და ამოქმედება?
კანონით დაისჯება არა მხოლოდ ზეპირი ან წერილობითი საჯარო მოწოდება, არამედ ნებისმიერი სხვა საშუალებით გამოხატული მოწოდებაც. ასე რომ, ჰიპოთეტურად შეიძლება ვიგულისხმოთ: ზაზა ბურჭულაძის რომანი, ლია უკლებას ნამუშევარი, ახალგაზრდა არტისტების სტენსილები საპატრიარქოსთან, ნინია კაკაბაძის სტატუსი ფეისბუკზე. ვიცი, ეს მაგალითები სიცილადაც არ ეყოფათ კანონპროექტის ავტორებს, რომლებიც გვეტყვიან, სიტყვაზე გვენდეთ, ასეთი რამ თავშიც არ გაგვივლიაო. მაგრამ არ შეიძლება ბუნდოვანი იყოს კანონი (მით უფრო, სისხლის სამართლის კანონი), რომელიც არათუ გვიკრძალავს გარკვეულ ქმედებებს, არამედ გვსჯის კიდეც მათი შესრულებისთვის. დამკვიდრებული საერთაშორისო ნორმაა: იმისათვის, რომ კანონი კანონად ჩაითვალოს, ის, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ოფიციალური სამართლებრივი აქტი, შემდეგ − ხელმისაწვდომი და ბოლოს − მკაფიო, რათა ადამიანს შეეძლოს, განჭვრიტოს თავისი ქმედების შედეგი. აღნიშნული კანონპროექტი კი ნამდვილად არ არის მკაფიო, ცხადი და არაორაზროვანი და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ გვაქვს ძალადობრივი ქმედების განხორციელების „აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხის“ კრიტერიუმიც (რაც თავდაპირველ ვერსიაში არ იყო და მხოლოდ სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე შევიდა), ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის შესაძლებლობას (თუმცა, სხვა საკითხია, როგორ მოხდება ამ საფრთხის შეფასება). მაგრამ, მიუხედავად ამისა, კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს „აშკარა და მყისიერი საფრთხის ტესტს“, რომელიც ჯერ კიდევ 1969 წელს, „ბრანდენბურგის საქმეზე“ დაადგინა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ.
მოკლედ გიამბობთ საქმის ვითარებას:
კლარენს ბრანდენბურგი ექსტრემისტული გაერთიანება „კუ-კლუქს-კლანის“ ლიდერი იყო. მან ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში მოაწყო აქცია, რომელზეც ისმოდა შეძახილები: „დააბრუნეთ ებრაელები ისრაელში!“, „დავასამაროთ ზანგები!“, „თავისუფლება თეთრებს!“ და სხვა. ამ აქციის მოწყობით ბრანდენბურგმა დაარღვია შტატის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, იკრძალებოდა სიძულვილის ან ძალადობის შემცველი მასალის გამოქვეყნება. ის დააპატიმრეს. ბრანდენბურგმა სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა და 1969 წლის 9 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრანდენბურგის სიტყვის თავისუფლება ოჰაიოს შტატმა დაარღვია, რადგან შტატის კანონი არ მოითხოვდა იმის გარკვევას, მოჰყვა თუ არა მოწოდებას უკანონო ქმედება. ამ ორი საკითხის − მოწოდებისა და უკანონო ქმედების − გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რაკი საკითხი მეტისმეტად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, სასამართლომ იგი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია. მოკლედ, ძალადობრივი ქმედების განხორციელების საფრთხე არა მხოლოდ აშკარა, პირდაპირი და არსებითი, არამედ მყისიერიც (იმწუთიერი) უნდა იყოს და კანონპროექტი ვერც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
მიზეზი #4: კანონს ექნება „მსუსხავი ეფექტი“, ან გამოყენებული იქნება ოპონენტების წინააღმდეგ
როგორც აღვნიშნეთ, ამ კანონით ადამიანი ვერ მოახერხებს საკუთარი ქმედების შედეგების განჭვრეტას. სწორედ ეს არის ბუნდოვანი კანონების ბუნება და მნიშვნელოვანი ნაკლი. ამას გარდა, მათ აქვთ ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“, რომელიც იწვევს თავშეკავებას და უკანდახევას. მსუსხავი ეფექტი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი იბნევა, არ იცის, რა არის დაშვებული და რა − აკრძალული და, შესაბამისად, თავს იკავებს წინააღმდეგობრივ თემებზე დისკუსიისგან. წინააღმდეგობრივ თემებზე დისკუსიის გარეშე კი დემოკრატიის ფასი ნულია!
ასევე, გაუგებარია, რამდენად გავრცელდება კანონი მედიაზე. თუ გავრცელდა, მაშინ ეს, ბუნებრივია, დამატებით საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული. ხოლო თუ ეს საკითხი ღიად დარჩა, კანონი მედიაზეც მსუსხავ ეფექტს მოახდენს.
რაც შეეხება კანონის გამოყენებას ოპონენტთა წინააღმდეგ, ჩემი აზრით, მისი გამოყენება რეპრესიებისთვის ნამდვილად არ მოხდება, თუმცა რეპრესიების საშიშროების შექმნა და ამის თეორიული დაშვება ნამდვილად შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ და სახელმწიფო მიზანს მიაღწევს.
მიზეზი #5: სახელმწიფო კრძალავს სიძულვილით მოტივირებულ მოწოდებას, თუმცა ეფექტიანად არ ებრძვის სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს
არავინ ვიცით, რა ბედია ეწია საბი ბერიანის მკვლელობის საქმეს. ეს მკვლელობა, სავარაუდოდ, სიძულვილით, ტრანსფობიით იყო მოტივირებული. ასევე, არავინ იცის, რამდენად იყენებს სახელმწიფო სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წელს შესულ ცვლილებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უფრო მკაცრად დასაჯოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩამდენი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 (1) პუნქტის მიხედვით: დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
რამდენიმე დღის წინ ანალოგიური კანონი მიიღო კვიპროსმა, რომლის მოსახლეობის 73% მართლმადიდებელი ქრისტიანია. კანონი პირდაპირ კრძალავს ძალადობისკენ მოწოდებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიხედვით. სამწუხაროა, რომ საქართველო არაფერს აკეთებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღსაკვეთად ან თავიდან ასაცილებლად, და, სამაგიეროდ, ილაშქრებს სიძულვილის მოწოდების წინააღმდეგ; თანაც ისე, რომ ყველაზე საძულველ (და ყველაზე დაუცველ) ჯგუფს მოიხსენიებს კატეგორიაში „და სხვა“. ამიტომ ეს კანონპროექტი არათუ მხარდაჭერას არ იმსახურებს, არამედ აქტიური წინააღმდეგობის ღირსიცაა.
დასკვნა
ჩამოთვლილი ხუთი მიზეზი მხოლოდ იმის დასაბუთებას ემსახურება, თუ რატომ არ ვარგა ეს კონკრეტული კანონპროექტი. რაც შეეხება, ზოგადად, სიძულვილით მოტივირებული ძალადობისკენ მოწოდებას, საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკაში ამ მხრივ აზრთა სხვადასხვაობაა. საპატრიარქოც და საქართველოს პარლამენტიც სრულიად მართებულად იშველიებენ ევროპის ქვეყნების მაგალითებს, სადაც, აშშ-ისგან განსხვავებით, სიძულვილის ენა ბევრგან არის კრიმინალიზებული. თუმცა, ახლა ის დროა, როცა, რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ვთხოვოთ ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებაც. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება გამოხატვის უფრო მეტი თავისუფლება. მხოლოდ ამით მივაღწევთ უფრო ეთიკურ მედიასა და საზოგადოებას, რომელიც აღიარებს და პატივს სცემს მრავალფეროვნებასა და თანასწორობას.
საერთაშორისო მასშტაბის ერთადერთი აქტი, რომელიც ითხოვს სიძულვილით მოტივირებული ძალადობისკენ მოწოდების აკრძალვას, არის 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველგვარი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ მიმართული გამოსვლა, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას, უნდა აიკრძალოს კანონით.“
აღნიშნულ პაქტზე მუშაობისას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორმა, ელენორ რუზველტმა ყველა გააფრთხილა, რომ ასეთი აკრძალვა წაახალისებდა მთავრობებს, რელიგიური და ეროვნული შუღლის თავიდან აცილების საბაბით დაესაჯათ ყოველგვარი კრიტიკა. ელენორ რუზველტის ამ გაფრთხილებას აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, ამიტომ ამ საკითხის რეგულირებისას ქვეყნებს უკიდურესი სიფრთხილე ჰმართებთ.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საკმაოდ კარგი კანონმდებლობა უმაგრებს ზურგს. მაგრამ აქტიურ მოქალაქეთა ერთი ნაწილი და ფიქრობს, რომ, რაკი ამ პროგრესს მივაღწიეთ, ძალიანაც რომ მოვისურვოთ, უკან ვეღარ წავალთ. მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი (უნდა ვაღიარო, მათ შორის მეც ვარ), ძალიან დავიღალეთ ჩვენივე თავისუფლების მუდმივი დაცვით. ამიტომაც მოვიყვანე თომას პეინის სიტყვები დასაწყისში: თავისუფლების გამუდმებულმა დაცვამ დაღლილობა იცის და, თუ გვინდა, მართლაც შევირგოთ ის სიკეთეები, თავისუფლებას რომ მოაქვს, უნდა გავიაზროთ, რომ დაღლის უფლება არ გვაქვს. რადგან სახელმწიფო სწორედ მაშინ იხელთებს დროს, როცა დავიქანცებით. თავისუფლების გარანტი კარგი სახელმწიფოა, კარგი სახელმწიფო კი არ არსებობს ფხიზელი და სახელმწიფოსადმი ჯანსაღი უნდობლობით გამსჭვალული მოქალაქეების გარეშე.