Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გართობაში დახარჯული ათასები კახეთში


"ბიძინაობა" ახმეტაში
"ბიძინაობა" ახმეტაში

სახალხო დღესასწაულები და ბიუჯეტიდან გახარჯული ათასობით ლარი კახეთში. ღონისძიებების ორგანიზებაზე მეტი ადგილობრივ ხელისუფლებას სტუმრების გამასპინძლება უჯდება. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა და ხალხის პოზიცია გართობაში დახარჯულ ფულზე.

სახალხო დღესასწაულებზე დახარჯული ბიუჯეტი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა „ჰერეთობის“ დღესასწაულის ორგანიზებისთვის წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 000 ლარი გამოყო, საიდანაც 3 000 ლარი უშუალოდ სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდა, 4 000 ლარი კი მოწვეული 120 სტუმრის გამასპინძლებისთვის დაიხარჯა. ლაგოდეხის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის აკაკი მჭედლიშვილის თქმით, „ჰერეთობა 2014“, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებული თანხებით აღინიშნა:

„საერთო ჯამში, არა 8 ათასი, არამდე 7 ათასი დაგვეხარჯა. სტუმრების გამასპინძლებისთვის 5 ათასი გვქონდა გათვალისწინებული, თუმცა 1000 ლარი დავზოგეთ. სულ 120-კაციანი სუფრა იყო“.

ლაგოდეხისგან განსხვავებით, გაცილებით მცირე თანხები გამოყო და დახარჯა ახმეტის მუნიციპალიტეტმა „ბიძინაობის“ დღესასწაულისთვის. ახმეტის ბიუჯეტს ქალაქის ცენტრში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, დოღი და სტუმრებისთვის ფაცხებში ქართული კერძების დაგემოვნება სულ 2 300 ლარი დაუჯდა. ახმეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ამავე თანხით იქნა დაფარული ოფიციალური სტუმრებისთვის გაშლილი 30-კაციანი სუფრაც.

„ბიძინაობის დღესასწაულს დაემთხვა ალავერდობა და ღვინის ფესტივალი. ასევე ამავე დღეს ახმეტაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი და ჩვენ შედარებით ნაკლები დაგვეხარჯა“.

სახალხო დღესასწაულებზე დახარჯული ბიუჯეტით უკმაყოფილოა მოსახლეობის ერთი ნაწილი. მათი თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი თანხების დახარჯვისას მუნიციპალიტეტებში არსებული მძიმე სოციალური ფონი უნდა გაითვალისწინოს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ღონისძიებით და გაწეული ხარჯით კმაყოფილნი არიან:

„ხალხის გადასახადებიდან შედგენილი ბიუჯეტიდან 8 ათასი ლარი როგორ შეჭამეს, მაშინ როცა ქალაქში ამდენი გაჭირვებული ცხოვრობს. აი, მე, მაგალითად, სახლი არ მაქვს, ამათ კიდევ რესტორანი დაკეტეს და იქეიფეს?! ჩვენ ხომ მშივრები და გაუბედურებულები ვართ, როგორ შეიძლება ასეთი რამ?“

„მე მგონია, რომ ლაგოდეხში ამხელა ღონისძიების გამართვის მაგივრად, რამე ინფრასტრუქტურული პროექტი რომ გაკეთებულიყო, ასე აჯობებდა“.

„მე კმაყოფილი ვარ. ღონისძიება მომეწონა, კარგად გავერთეთ“.

გიორგი მოსიაშვილი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „თელავი ევროპული დემოკრატიისთვის“, ამბობს, რომ თვითმმართველობების მხრიდან ღონისძიებებისთვის დახარჯული თანხების ეს ოდენობა არაეთიკურია. მისივე თქმით, ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პურის ნაცვლად ეგრეთ წოდებულ „სანახაობას“ სთავაზობს.

„ასეთი ნათქვამია: მოსახლეობა რომ კმაყოფილი გყავდეს, უნდა მისცე სანახაობა და პურიო, და ესენი მარტო სანახაობებს აწყობენ, პურს კი არავის აძლევენ. წლის განმავლობაში სულ ფესტივალებს მართავენ. ფულს ხარჯავენ მურაბის, მწნილის, ლუდის და ხინკლის ფესტივალებში. არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი იქნება, თუ ამ ფულს სოციალურ პროექტებზე დახარჯავენ და არა გართობაში და ფეიერვერკებში“.

„ჰერეთობა“ და „ ბიძინაობა“ - ეს ის სახალხო დღესასწაულებია, რომლებიც კახეთის ორ მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა. თუმცა საბიუჯეტო წლის დასრულებამდე რეგიონში კიდევ რამდენიმე სახალხო დღესასწაულია დაგეგმილი: გურჯაანქალაქობა, ფიროსმანობა, ღვინის ფესტივალი სიღნაღში და თელავქალაქობა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG