რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სოჭში უმასპინძლა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახლად არჩეულ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს. კრემლის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, პუტინმა ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს სტრატეგიული პარტნიორის სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას.
სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში ხელმძღვანელობს „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია თანამშრომლობის სფეროები და მიმართულებები: უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სოციალური სფერო:
„რუსეთი აფინანსებს არაერთ სოციალური ხასიათის პროექტს. ჩვენ სამომავლოდაც ვაპირებთ იგივე გავაგრძელოთ. განვავითარებთ საინვესტიციო მიმართულებას. მხედველობაში მაქვს რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის აღდგენა და ეკონომიკის ზრდისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა“.
ვლადიმირ პუტინის პასუხად სამხრეთი ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ, არჩევნებში მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ცხინვალში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა - მათ შორის, მისი პარტია და ადმინისტრაცია - ერთგულია რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების სულისკვეთებისა. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული შეხვედრის სტენოგრამის მიხედვით, ანატოლი ბიბილოვმა თქვა:
„როგორც უნდა იყოს, რა შეხედულებებიც უნდა გამოითქვას შიდაპოლიტიკურ პრობლემებზე, ყველა შემთხვევაში კურსი უცვლელი დარჩება, ისევე როგორც უალტერნატივოა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა და ინტეგრაცია, რასაც ხალხიც სრულად უჭერს მხარს“.
ნიშანდობლივია, რომ ვლადიმირ პუტინმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ლიდერი მიიღო გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ, მეორე დღეს კი მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტთან, თუმცა პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ ფაქტს უფრო შემთხვევითობით ხსნის, ვიდრე კანონზომიერებით.
„თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ აკნინებს ვითარების სიმძიმეს, რომ რუსეთი ცდილობს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები შეინარჩუნოს და ამით კიდევ ერთხელ დაანახვოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი ხედვა კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ეფუძნება ე.წ. „ახალ რეალიებს“, რომლებზეც ისინი საუბრობენ, ანუ ის ილუზიები თუ იმედები, რომლებიც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, არ გამართლდა. იგულისხმება მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან გავლენას იქონიებდა კონფლიქტის მოგვარებაზე. ამისა ახლა თავად იდეის ავტორებსაც აღარ სჯერათ“, უთხრა რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩიამ, რომლის თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს 2008 წლის ომის შემდეგ მიღებული ე.წ. „რეალობის“ დამკვიდრებას და სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით გამოხატავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანიც ამბობს, რომ ჯერ სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლით, ახლა კი თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრით, რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ პოლიტიკას. სოჭში გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც:
პროტოკოლის მიხედვით, ეს იყო ორი პრეზიდენტის შეხვედრა, მაგრამ ბიბილოვისადმი მიმართულ პუტინის სიტყვებში გამოსჭვიოდა, როგორც ამბობენ, შინაურული ნოტები. პუტინის ნათქვამი „იმუშავეთ“ უფრო ჩამოჰგავს ურთიერთობას გუბერნატორებთან და ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებთან, ვიდრე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტთან...მურატ გუკემუხოვმი
„ეს შეხვედრა გაიმართა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების ფონზე, რაც არის საკმაოდ გამომწვევი ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ხელყოფს კიდევ ერთხელ, არამედ მიმართულია იმ პრინციპების წინააღმდეგაც, რაზეც რუსეთის ფედერაციას საუბარი ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან და ამიტომ, ვფიქრობ, ეს გამოწვევაა ამ ქვეყნებისა და ლიდერების მიმართაც“.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ვლადიმირ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრას, საგარეოპოლიტიკურის გარდა, ასევე აქვს სხვა შემადგენელიც. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანამშრომელმა, მურატ გუკემუხოვმა, ყურადღება გაამახვილა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალზე - შეხვედრის დასრულებისას პუტინმა ბიბილოვს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატებები და იმუშავეთო, უთხრა:
„პროტოკოლის მიხედვით, ეს იყო ორი პრეზიდენტის შეხვედრა, მაგრამ ბიბილოვისადმი მიმართულ პუტინის სიტყვებში გამოსჭვიოდა, როგორც ამბობენ, შინაურული ნოტები. პუტინის ნათქვამი „იმუშავეთ“ უფრო ჩამოჰგავს ურთიერთობას გუბერნატორებთან და ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებთან, ვიდრე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტთან“.