Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bellingcat-ის გამოძიების თანახმად, ნავალნი, სავარაუდოდ, ეფესბემ მოწამლა


კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, ახლახან რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბე) მოწამლა.

„ტელეკომუნიკაციებისა და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი, და ასევე ჩართული იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი, აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.

„2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის აგვისტომდე ეფესბეს მომწამვლელ ნივთიერებებთან მომუშავე გასაიდუმლოებული უწყების მუშაკები ნავალნის უთვალთვალებდნენ მისი მოგზაურობის დროს რუსეთის მასშტაბით. მათ მასთან ერთად იფრინეს 30-ზე მეტ პარალელურ რეისზე და, როგორც ჩანს, ტომსკის ოპერაციამდე მისი მოწამვლის სულ მცირე ორი მცდელობა ჰქონდათ“, - ამბობს საგამოძიებო ჯგუფი განცხადებაში, რომელიც 14 დეკემბერს გავრცელდა ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

Bellingcat-ის თანახმად, ანალიზი ჩატარდა ეფესბეს 12 მუშაკის სატელეფონო მეტამონაცემებზე. ამ მუშაკებს კავშირი ჰქონდათ რუსეთის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან. კვლევით დადგინდა, რომ ეფესბეში არსებული დანაყოფი ამუშავებს მომწამვლელი ქიმიური იარაღის უწყებას, რომელიც ჰგავს კაგებედან გაქცეული ყოფილი აგენტებისგან აღწერილ საბჭოთა პერიოდის კაგებეს მიერ ადმინისტრირებულ ლაბორატორიას.

ეფესბე მემკვიდრეა კაგებესი, საბჭოთა პერიოდის ცნობილი საიდუმლო პოლიციისა, რომელმაც არსებობა შეწყვიტა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„სატელეფონო მეტამონაცემების, ერთდროული საჰაერო რეისების მონაცემებისა და წარსულში გამოჟონილი მონაცემების ანალიზით, ჩვენ დავადგინეთ სულ მცირე 15 აგენტი, რომლებიც მუშაობენ ეფესბეს კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ამ გასაიდუმლოებულ მომწამვლელ [ნივთიერებებზე მომუშავე] უწყებაში. მათგან სულ მცირე რვას - მათ შორის ზედამხედველს, [სტანისლავ] მაკშაკოვს - პირდაპირი კავშირი ჰქონდა ალექსეი ნავალნის მოწამვლის, როგორც ჩანს, რამდენიმე მცდელობის სხვადასხვა ეტაპთან“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ე.წ. საწამლავის დანაყოფის წევრები ნავალნის უთვალთვალებდნენ სულ მცირე 2017 წლის იანვრიდან, - ამბობს Bellingcat-ი, - ანუ ერთ თვეში მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა კენჭისყრას.

აგენტები ხშირად ყალბი სახელებით მოგზაურობდნენ - ზოგჯერ რომელიმე რეისზე ერთ სახელს იყენებდნენ, ხოლო უკან დაბრუნებისას სხვა სახელით გადიოდნენ რეგისტრაციას. დანაყოფის წევრები ნავალნის რეისების პარალელურ რეისებზე დაფრინავდნენ, თავიანთი მიმოსვლის შენიღბვის მიზნით.

„მუშაობის ამგვარი წესი ემთხვევა უსაფრთხოების პროფესიულ საოპერაციო პრაქტიკებს, რათა მინიმუმამდე დასულიყო შესაძლებლობა, რომ ნავალნის ან მისი გუნდის წევრებს სხვადასხვა რეისზე ერთი და იგივე მგზავრები ეცნოთ“, - წერია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ ჯგუფის წევრებმა სულ 37 რეისით იფრინეს ადგილებში, სადაც ნავალნი ჩადიოდა.

„ეს სისტემატურად გამოყენებული მეთოდი, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს მხოლოდ ნავალნისთან ერთად ფრენა და მასზე თვალთვალი არ ევალებოდა, რადგან ამ მიზანს, გარდა იმისა, რომ არ დასჭირდებოდა მედიცინისა და ქიმიური იარაღის სფეროების მცოდნე ოფიცრები, უკეთ მიაღწევდა ეფესბეს სხვადასხვა, უფრო მეტი რაოდენობის, ოფიცერი, რომელიც მისსავე თვითმფრინავით იფრენდა“, - წერია ანგარიშში.

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ქონება გაუყინეს და ვიზებზე აკრძალვა დაუწესეს რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ნავალნის მოწამვლაზე არიან პასუხისმგებელნი. სანქციები შეეხო ასევე ერთ უწყებას, რომელიც მონაწილეობს „ნოვიჩოკის“ სახელით ცნობილი სამხედრო დონის ნერვული აგენტების წარმოების პროგრამაში.

ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ჰგავდა მას, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ ამოიცნო ტოქსინად 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლაში. სკრიპალები ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს.

XS
SM
MD
LG