Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბავშვთა სპორტი გორში


სასპორტო სკოლა გორში
სასპორტო სკოლა გორში

გორი რომ სპორტული ქალაქია, ეს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზეც გამოჩნდა. 1 ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს გორელებმა მოუტანეს. გორში ბავშვთა სპორტი სულ უფრო ვითარდება. დიდი ხანი არ არის, რაც ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა გაიხსნა. არსებობს მეორე სახელოვანი მწვრთნელის, გურამ პაპიტაშვილის, სახელობის ძიუდოს სკოლაც, მაგრამ დღევანდელმა ოლიმპიელებმა ვარჯიში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის მერიის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში დაიწყეს. დღესაც ამ სკოლაში 1300 ბავში სპორტის 16 სახეობაში ვარჯიშობს. სკოლას მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. სასპორტო სკოლის გარდა, ადგილობრივი ხელისუფლება გორის „დილის“ საფეხბურთო სკოლასაც აფინანსებს. ცალკე დაფინანსებას იღებენ წარმატებული სპორტსმენები. სპორტსკოლის დირექტორის მოადგილე გიორგი ნასყიდაშვილი ამბობს, რომ მათთან არაერთი წარმატებული სპორტსმენი ვარჯიშობს, რომლებსაც მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ.

ბავშვთა სპორტი გორში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00
გადმოწერა

დღესდღეობით ჭიდაობა ქალაქში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად რჩება. სხვადასხვა დარბაზში ათასობით პატარა ვარჯიშობს. თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილი საკუთარ აღმოჩენას გვიზიარებს. მისი თქმით, სოფლებიდან უფრო მოტივირებული ბავშვები მოდიან, ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარება კი სპორტის წინსვლას ხელს უშლის. მისი აზრით, ჭიდაობა ძალიან შრომატევადი სპორტია და ბევრის ფსიქოლოგია ამას ვერ უძლებს.

ბესო გუჩაშვილიც სხირელის სახელობის დარბაზში მწვრთნელად მუშაობს. მისი აზრით, ქართველმა ოლიმპიელებმა კარგი მაგალითი მისცეს ბავშვებს, რომ უფრო მეტი იშრომონ და საკუთარი შედეგები გააუმჯობესონ.

ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურაც ვითარდება. სექტემბრიდან გორს ახალი რაგბის სტადიონი და ბაზა შეემატება. ადგილზე ითამაშებს სარაგბო კლუბი „ჯიქი, 2017 წელს კი ქალაქს ათი ათას კაცზე გათვლილი სპორტის სასახლე ექნება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზობებს უმასპინძლებს. მერიის სპორტის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი აცხადებს, რომ სერიოზული გეგმები აქვთ და ადგილობრივი ხელისუფლების სურვილია, გორი სპორტულ ცენტრად იქცეს.

ახლა გორის სპორტული სამყარო ოლიმპიელების დაბრუნების მოლოდინშია. გორელები საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს 25 აგვისტოს აეროპორტში დახვედრას მოუწყობენ და სიურპრიზებს შესთავაზებენ. ქალაქში გრანდიოზული კონცერტის ჩატარებაც იგეგმება.

XS
SM
MD
LG