Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბაკურციხეში ჩასახლებული 36 დევნილი ოჯახი გაუსაძლის პირობებზე ჩივის


დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დევნილთა სახლების რეაბილიტაცია 2009 წლის თებერვალში დაიწყო. 2 საცხოვრებელი კორპუსის მოსაწყობად მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ 714 799 ლარი გამოიყო.

პროექტის მიხედვით, ორივე კორპუსის მშენებლობა-მოწყობა 2009 წლის 5 ივნისს დასრულდა. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შენობების სარემონტო სამუშაოები შვიდას ორი ათას ას ოთხმოცდარვა ლარი და 70 თეთრი დაჯდა და ის საცხოვრებლად ვარგისია. საპირისპიროს ამბობენ თავად დევნილები, რომლებიც ბაკურციხეში გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინიდან და სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანიდან 2010 წლის აგვისტოს თვეში გადაიყვანეს. მათი თქმით, სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული; ბინებში შესვლიდან 1 კვირაში თითქმის ყველაფერი გაფუჭდა და სამშენებლო ხარვეზების გამოსწორებას დღემდე ვერ ახერხებენ:

„სველ წერტილებს ვერ ვხმარობთ. მესამე სართულზე წყალს რომ მოვუშვებთ, პირველ სართულამდე ჩადის. კედლებიდან კაფელი ჩამოცვივდა“.

დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
„ძალიან ბევრი ჩაიდეს ჯიბეში! იცით, ერთ ოჯახზე რამდენი იყო გამოყოფილი?! გვაძალებდნენ, რომ ამ შენობებში გადავსულიყავით. შესვლიდან მეორე დღეს „რაკოინა“ გატყდა, შემდეგ უნიტაზი. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, 7 ლარიანი ხელსაბანები დაუმონტაჟებიათ. ყველაფრის გაკეთება თავიდან მოგვიხდა“.

ბაკურციხეში მცხოვრები დევნილები კიდევ ერთ პრობლემაზე ჩივიან. ახალ სახლებში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში საკანალიზაციო სისტემა დაზიანდა და კორპუსიდან გამოსული ფეკალური მასები ეზოში მოედინება:

„კანალიზაცია ნახევრად იყო გაკეთებული და შემდეგ სულ გაფუჭდა, ბოსტანში ამოხეთქა. შემდეგ ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანეთ საქმე. ახლა ფეკალური მასები სოფელში ღიად მოედინება. სუნიც დგას“.

დევნილები ამბობენ, რომ თავდაპირველად საცხოვრებელი ფართის ნაცვლად მათ კომპენსაციები მოითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნების საწინააღმდეგოდ დათანხმდნენ. მათი განმარტებით, თითო ოჯახზე სოლიდური თანხებია დახარჯული, თუმცა შესრულებული სამუშაოები ადასტურებს, რომ რეაბილიტაციას რეალურად მცირე თანხები მოხმარდა.

დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
„აქ იმდენი ფული ჩადეს, 36 ოჯახისთვის რომ მოეცათ, უკეთესად ვიცხოვრებდით. თავიდან დაგვპირდნენ, ქათმებს, ღორებს, ძროხებს მოგცემთო, მაგრამ მოგვატყუეს. ეს კი არა, ერთხელ კობა სუბელიანი იყო ჩამოსული და მასთან ლაპარაკი გვინდოდა, მაგრამ ასე გვითხრა: წადი, თქვენი დედაცო... გინება დაიწყო. ის მას მერე ჩვენთან აღარ მოსულა“.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა დევნილების ბრალდებებს უარყოფს. ვალერი ბუცხრიკიძე, რომელიც შპს „მშენებელი 80-ის“ ხელმძღვანელია, ამბობს, რომ რეაბილიტირებულ ბინებში დევნილები ერთი წლის შემდეგ შეასახლეს, რამაც ობიექტზე გარკვეული პრობლემები შექმნა:

„წელიწად-ნახევარი თქვენი ბინაც რომ დაკეტო, დაობდება. იმ პერიოდში არავის პრეტენზია არ ჰქონია და შესახლებიდან 2 წლის შემდეგ ხარვეზებზე ლაპარაკი არასამართლიანად მიმაჩნია“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბაკურციხის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ
დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
დევნილთა საცხოვრებელი ბაკურციხეში
იძულებით გადაადგილებულ პირებს სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახალმა ხელმძღვანელობამ მათი პრობლემების შესახებ არაფერი იცის. სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკა გულუა ამბობს, რომ, სამინისტროში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2011 წელს დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების, კერძოდ, სახურავების შესაკეთებლად დამატებითი თანხა - 45 ათასი ლარი - გამოიყო:

„სამუშაოები რომ ნამდვილად შერულდა, ეს დადასტურებულია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ. მომზადებულია დასკვნაც. რაც შეეხება თანხას, სამინისტროს მიერ 2011 წელს დამატებით 45 ათასამდე ლარი გამოიყო კორპუსების სახურავების შესაკეთებლად“.

სამშენებლო ხარვეზების გამო იძულებით გადაადგილებულთა ნაწილი ბინების დაკანონებაზე უარს ამბობს. ისინი დღესაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ. დევნილთა ნაწილის თქმით, ფასადებშეღებილი კორპუსები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ამ შინაარსის განცხადებით დევნილები მალე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავენ და ახალ ხელმძღვანელობას პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG