ავღანეთში, ნატოს ეგიდით მოქმედ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, 25 წლის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე შვიდი წელიწადია მსახურობს. 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი სამხედრო. ერთის მდგომარეობა მძიმეა. მდინარი ბებიაშვილი 32-ე ქართველი სამხედროა, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სამსახურის დროს დაიღუპა (იხ. ხსოვნის გვერდი). ყველა მათგანს გმირებად მოიხსენიებენ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე. საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ სჯერა, რომ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანით თითოეული ჯარისკაცი, უპირველეს ყოვლისა, თავის სამშობლოს ემსახურება. ეს არის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი ფაქტორი იმისათვისაც, რომ საქართველომ გზა გაიკვლიოს ნატოსკენ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ისარგებლოს.
მდინარი საბას ძე ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სკოლის დასრულების შემდეგ საკუთარი სურვილით, კონტრაქტის საფუძველზე, 2010 წელს ჩაირიცხა. ავღანეთში ის მანამდეც ორჯერ მსახურობდა უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიის ფარგლებში (2012 და 2014), მესამედ კი ის უკვე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ჩაერთო და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მსახურობდა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. ფაქტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია 4 აგვისტოს მიაწოდა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ:
„გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში ბატალიონის ოცეულის ფარგლებში ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი. გვყავს ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვდგავართ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდით და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას“.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 4 აგვისტოს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანშიც ჩავიდა და პირადად მიუსამძიმრა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის გარდაცვალების ფაქტის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და მისმა მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა. საქართველოს უსამძიმრებენ საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებიც და მათ შორის არიან: „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი.
ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია ავღანეთში ამჟამად 13 576 ჯარისკაცს ითვლის და მათ შორის საქართველოდან წარგზავნილი ჯარისკაცების რიცხვი 872-ს შეადგენს. ისინი იქ ამერიკის დროშის ქვეშ მსახურობენ. გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილ ასეთ დიდ წვლილს ყოველთვის დიდი მადლიერებით მოიხსენიებენ როგორც თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები, ასევე საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოთა უმაღლესი პირები და ამ ფაქტს არაერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა სულ ახლახან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. მათ შორის, ეს აქცენტი ასევე დაისვა 1 აგვისტოს შერეული საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე, როცა ის მრავალეროვანი წვრთნის - „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის - მონაწილე სამხედროებს ხვდებოდა. იმ დროისთვის საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა რიცხვი ჯერ კიდევ 31-ს შეადგენდა:
„2000 წლის შემდეგ ათასობით მამაცი ქართველი მსახურობდა ამერიკელი ძმებისა და დების მხარდამხარ კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში... მხოლოდ ავღანეთში, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, საქართველოს მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი სამხედრო ჰყავს წარგზავნილი. და დღეს ჩვენ ვიხსენებთ 31 ქართველ სამხედროს, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის... ამერიკელ ხალხს არ ავიწყდება მათი მსხვერპლი და მათი ოჯახები. ისინი გმირები არიან! და გარწმუნებთ, რომ ისინი სამუდამოდ დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულებში“.
მათ, ვინც ფიქრობს, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები სულ ტყუილად იბრძვიან და ამაოდ იღუპებიან, კატეგორიულად არ ეთანხმება ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს კონტინგენტი სხვა ქვეყნის მიწაზე ებრძვის დიდ ბოროტებას, რათა ამ ბოროტებამ ჩვენს მიწამდე, ჩვენს სახლებამდე ვერ მოაღწიოს. საერთაშორისო ინტერესების სამსახური საქართველოს სამსახურს ნიშნავს:
„21-ე საუკუნის იმ ჭირს, რასაც ტერორიზმი ჰქვია, არ შეიძლება ებრძოდეს მთელი მსოფლიო და ჩვენ ვიდგეთ განზე. ხშირად საუბრობენ, რომ ამით ჩვენ შეიძლება ნატოს წევრობას ვყიდულობთ... არ არის ეს ასე მარტივად და დღეს ასეთი ჟესტებით ვერავის ვერც მოვატყუებთ და ვერავის ვერ მოისყიდი... ავღანეთის გამო არც მიგვიღებენ და არც არ მიგვიღებენ ნატოში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ ვდგავართ ამ სახელმწიფოების გვერდით, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ყველგან აღინიშნება საქართველოს ეს როლი ტერორიზმთან ბრძოლაში და საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგომა საქართველოსი ყველგან არის შეფასებული“.
ამირან სალუქვაძეს მტკიცედ სჯერა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზნების სამსახურში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამხარ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საქართველოც, მაგრამ გენერალი თანამოაზრეებთან ერთად უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ საქართველო ამ პროცესში პატარა ქვეყნისთვის შეუსაბამო მასშტაბით არის ჩართული.
„თქვენ წარმოიდგინეთ 800 (სამხედრო იქ იმყოფება), ზოგი ემზადება, ზოგი ისვენებს და, დაახლოებით, რამდენიმე ათასი კაცი ჩვენი არმიისა ჩართულია ამ პროცესში. ახლა ამას ჩვენ თუ გამოვაკლებთ გენშტაბის მმართველობას, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს, სხვა ლოგისტიკურ ქვედანაყოფებს, წარმოიდგინეთ, რომ ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების ძალიან დიდი პროცენტი მუდმივად არის ჩართული სამშვიდობო მისიაში და ეს ძალიან დიდ ტვირთად აწევს ჯარის საბრძოლო მზადყოფნას და საბრძოლო მომზადების პროცესს, ციკლს მთლიანად. ისინი ამოვარდნილები არიან“.
დისკუსია საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მასშტაბის შესაბებ ივნისშიც იყო გაჩაღებული და მაშინ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ამ დროისათვის ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანაჩენ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის, პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურად გადავანიწილოთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობა როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით“. მანამდე ცვლილებები არ იგეგმება. საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.