25 მაისს, დღის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიმართ სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115”-ის ულტიმატუმი ამოიწურა, გაერთიანების წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალის გამოყენებით დაიკავეს სტუდენტური თვითმმართველობის ოთახები.
“აუდიტორია 115”-ის წევრთა შეჩერება უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს. სტუდენტური გაერთიანების წევრები ამბობენ, რომ დღეიდან უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. მთელი დღის განმავლობაში „აუდიტორია 115“-ის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. ისინი სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას მოითხოვენ. მათ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 25 მაისის 18:00 საათამდე მისცეს და განაცხადეს, რომ თუკი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავდნენ და თავად გააძევებდნენ უნივერსიტეტიდან სტუდენტურ თვითმმართველობას. ულტიმატუმის ვადა ისე ამოიწურა, რომ მათ არავინ გამოხმაურებია. „აუდიტორია 115“-ის ულტიმატუმი კი უკავშირდება 24 მაისის ინციდენტს, კერძოდ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში „აუდიტორია 115“-ის წევრსა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. ინციდენტის თაობაზე 24 მაისსვე შევიდა შეტყობინება ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში. როგორც შსს-ში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, მიმდინარეობს საქმის შესწავლა და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, გამოძიება დაიწყება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრი ცოტნე ცხვედიანი, 24 მაისს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცოტნე ცხვედიანის მტკიცებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ისე სხვა წევრები:
„არანაირი ინციდენტი არ უძღოდა წინ ამ ყველაფერს. უბრალოდ, მივდიოდი დერეფანში, მათ მომმართეს აგრესიულად. მე ვეცადე გამერკვია მათთან, რა უნდოდათ და ამ დროს დაიწყო ჩხუბი. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. თავიდან ორნი იყვნენ და რამდენიმე წამში მოვიდა ოცამდე ადამიანი“.
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მომხდარ დაპირისპირებას შეესწრნენ უნივერსიტეტის დაცვის წევრები. მომხდარი ფაქტი დააფიქსირა პირველი კორპუსის დერეფანში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამაც. უნივერსიტეტის ეთიკის კომისიისა და უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ კადრების შესწავლის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მხარეების მოთხოვნის შესაბამისად, ვიდეოჩანაწერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 25 მაისს, დღის ბოლოს, ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის თქმით, წინასწარი შესწავლის შემდეგ სტუდენტებისათვის დაკისრებულ სანქციებზე იმ ფაკულტეტების საბჭოები იმსჯელებენ, რომელზეც ინციდენტში მონაწილე სტუდენტები სწავლობენ. დარეჯან თვალთვაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის წესდებისა და შინაგანაწესის მიხედვით, სანქცია პირველ ეტაპზე შემოიფარგლება საყვედურით, განმეორების შემთხვევაში კი სტუდენტს სტატუსი შეუწყდება:
„ყველა შემთხვევაში ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც სტუდენტთა შორის მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს - სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. იქ არიან სტუდენტები, რომლებიც არიან ან იყვნენ თვითმმართველობის წევრები, არიან „აუდიტორია 115“-ის წევრები, არის უნივერსიტეტის ბევრი თანამშრომელი. ამის ასე იდენტიფიცირება ერთი ნახვით ძალიან ძნელია, ამიტომ საჭიროა, რომ ეს ყველაფერი იქნეს შესწავლილი“.
ინციდენტის დღეს „აუდიტორია 115“-ის წევრებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის იმ აუდიტორიის პიკეტირება მოახდინეს, რომელშიც სტუდენტური თვითმმართველობაა განთავსებული. 213-ე აუდიტორიის დახურულ კართან 15-მდე სტუდენტი მორიგეობს. მათი თქმით, ისინი მოძალადეებს აღარ მისცემენ იმის საშუალებას, რომ მშვიდად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი ჯავახაძე რადიო თავისუფლებასთან იმ ულტიმატუმზე ლაპარაკობს, რომელიც მოძრაობის წევრებმა 24 მაისის ინციდენტის შემდეგ წაუყენეს ხელისუფლებას. „აუდიტორია 115“-ის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებენ და სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას მოითხოვენ. მათ ამ მიზნით ლიმიტიც დააწესეს - 25 მაისის დღის ბოლო:
„’აუდიტორია 115’ დებს საჯარო პირობას, რომ თუ საღამოს ექვს საათამდე სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონები არ დააყენებენ პოლიტიკურ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ვანდალური ფაქტი და თუ არ დააყენებენ პოლიტიკურ პოზიციას იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტში - არათუ მხოლოდ თსუ-ში, არამედ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც - აღარ უნდა არსებობდნენ კანონით პრივილეგირებული სტუდენტური გაერთიანებები, მაშინ განახლდება აქციები, რადიკალიზმი იქნება მზარდი და კონკრეტული შედეგებით“.
სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე უარყოფს დაპირისპირებაში მონაწილეობის ფაქტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა ერთი კვირის წინ თანამდებობები დატოვეს. როგორც მაშინ განმარტეს, მათ შეასრულეს დადებული პირობა და უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას გადადგომის შემდეგ თავადაც გადადგნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ ხანებში ამოეწურათ მათ ვადა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების პოსტებზე. პაატა ბახტურიძის თქმით, არასწორია გადამდგარ ადამიანებს მიაწერო ძალადობის ფაქტში მონაწილეობა:
„არ ვიცი, რამდენად გამართლებულია პოლიტიკურად მათი ნაბიჯი, რომ გადამდგარ ადამიანებს მიაწერო ძალადობა „115“-ზე, მით უმეტეს მაშინ, როცა ზიხარ კამერების წინ და ნაძალადევის არაფერი გეტყობა“.
იმის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღარ უნდა არსებობდეს იმ სახით, როგორიც ამ დრომდე იყო, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრაზე. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესამუშავებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრები, ისე განათლების სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლები. რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნას, რომ სრულიად გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობა, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძის აზრით, სტუდენტური გაერთიანება, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც აუცილებლად უნდა არსებობდეს.