Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახლოებული არჩევნები და პროტესტები


აქცია უნივერსიტეტში
აქცია უნივერსიტეტში

დავა საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ გრძელდება და რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მძაფრდება - არჩევნებამდე კი სულ რაღაც ექვსი თვე დარჩა. ამ ფონზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფში საპროტესტო აქციებზეც ფიქრობენ.

საარჩევნო სისტემის შეცვლა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა, საარჩევნო ბარიერების შემცირება და უფასო სარეკლამო დროის თანაბრად განაწილება – ეს არის ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნათა 4-პუნქტიანი ჩამონათვალი, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ათიოდე დღის წინ წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და დარჩა შთაბეჭდილება, რომ, საარჩევნო სისტემის გარდა, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით.

ზურაბ ხარატიშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას ის სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ ფინანსური შეღავათების თემა სრულიად არაადეკვატურად გამოიყურება:

„ლაპარაკია იმ წვრილი პარტიების რაღაც დაფინანსებაზე, რომლებმაც რაღაც მინიმალური შედეგი მაინც აჩვენეს არჩევნებზე... მაგრამ ძალიან არასერიოზულია ეს... და ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ჩვენ ვითხოვდით და მოველოდით, რომ საარჩევნო სისტემაზე ვილაპარაკებდით, კომისიის წევრებზე ვილაპარაკებდით... და ვილაპარაკებდით, საერთოდ, სამართლიან საარჩევნო გარემოზე. პატარა პარტიის წარმომადგენლების დაფინანსებით საარჩევნო გარემო სამართლიანი ვერ გახდება“.

ქუჩის საპროტესტო აქციებზე ალაპარაკდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, ნათელია, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წავა და არ იზრუნებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც მას ძალიან ცუდად დაუბრუნდება.

ინტერპარტიული ჯგუფის შეფასებებს, მართალია, ზოგადი განმარტებებით, მაგრამ მაინც გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მაგალითად, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციას მიმართავენ და არაფრის დანახვა არ სურთ; დეპუტატი გია ჟორჟოლიანი კი ფიქრობს, რომ დადებითი ნაბიჯები გადადგმულია, ხოლო საარჩევნო სისტემასთან მიმართებით ახალი და გასაკვირი არაფერი მომხდარა:

„ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, გავათანაბრეთ ყველა ამომრჩევლის ხმა და დღეიდან – რაც არასოდეს ყოფილა საქართველოში – ყველა მოქალაქე თანასწორი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება იმას, რომ ახლავე ჩვენ ეს შევცვალოთ და გადავიდეთ მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებზე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მყარია და ეს ძალიან კარგად იცოდა ინტერპარტიულმა ჯგუფმა თუ იქ მონაწილე პარტიებმა“.

თუ ჩვენს მიმოხილვას კვლავ საარჩევნო თემით განვაგრძობთ, მაშინ გასული კვირის ბოლო სამუშაო დღეს, პარასკევს უნდა გადავინაცვლოთ, როდესაც გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგება. საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე კი, 22 აპრილს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა. განხილვის საგანი იყო სისტემური ცვლილების ორი პროექტი. მათგან საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ ინიცირებული პროექტი ცვლილებების ამოქმედებას 2020 წლის არჩევნებზე ითვალისწინებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ შეგროვებული 200 000 ხელმოწერით ინიცირებული პროექტი კი - 2016 წლის არჩევნებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დროს არსებული პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება დღეისათვის შექმნილი რეალობისგან, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოტორაია ფიქრობს, რომ ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება პროცესები და შეიკრიბება თუ არა საარჩევნო სისტემის შეცვლის მხარდამჭერი - საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო - 113 დეპუტატი:

„აღნიშნული ცვლილებები მაშინდელ კოალიციას სჭირდებოდა იმის დასადასტურებლად, რომ მომავალში ქვეყანას გადაიყვანდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ახლა ეს კოალიცია ერთობლივად აღარ არსებობს და, შესაძლებელია, იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ვინც თავის დროზე ამ კანონპორექტს მხარს უჭერდა, მხარი საერთოდ არ დაუჭირონ. ერთი, რომ კიდევ ერთხელ გააშიშვლონ „ქართული ოცნება“ და თქვან, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად ზოგადად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად“.

საპარლამენტო სისტემის შეცვლის საკითხი მარტივად გადასაწყვეტი რომ არ იქნება, თავის მხრივ, სჯერა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს. მას უჭირს იმის პროგნოზირება, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები სათანადო მხარდაჭერას.

სჭირდება თუ არა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედი გეგმა (MAP) - ნატოს ვარშავის სამიტამდე სამი თვით ადრე ეს თემა კვლავაც ვნებათაღელვის მიზეზია. მსჯელობა და კამათი კი ამ კითხვის გამო თავად თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ნატოში გაწევრიანების ამოცანა ამოძრავებს და ამ გზაზე ზედმეტია MAP-ზე ფიქრი.

იმაზე, რომ MAP-ის გვერდის ავლა შეუძლებელია საქართველოსათვის, 2015 წლის 2 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ილაპარაკა:

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო პროგრესის მიღწევას განაგრძობს... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე გულისხმობს MAP-ის საჭიროებას. მუდმივად ასეთია ჩვენი მიდგომის ნაწილი. MAP-ი იგულისხმება იმ პროგრესის მოთხოვნებში, რომლის მიღწევასაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვაპირებთ“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს აუცილებლად დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება.

გასულ კვირაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის წევრები, ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. განცხადებები იყომათი ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვნით მუქარაზე, თუ მათი შვილები ბრძოლას არ შეწყვეტენ. რამდენიმე სტუდენტმა მუქარასა და ზეწოლაზე ღიად უკვე ილაპარაკა, 18 აპრილს კი სტუდენტურმა მოძრაობამ ხელისუფლების სახელზე განცხადებაც გაავრცელა.

სტუდენტური მოძრაობა ”აუდიტორია # 115”-ის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტ აქტივისტებსა და მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკვე ყოველდღიურად აშინებენ და აშანტაჟებენ. ერთ-ერთი სტუდენტი, ვინც ამ საკითხზე ღიად უკვე ილაპარაკა, ნათია ქარჩილაძეა. ის ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებით მის მამას დაემუქრნენ, რომელიც ერთ-ერთ მუნიციპალურ სამსახურში მუშაობს:

„მამაჩემი დაიბარა მისმა დირექტორმა და გადასცა უშიშროების სამსახურის ნათქვამი, რომ თუ თქვენი შვილი არ შეწყვეტს ბრძოლას „ოდეერების“ წინააღმდეგ, სამსახურიდან დაგითხოვთო. თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია, არც უკან დახევას ვაპირებთ და ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ზეწოლის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ.

ომბუდსმენის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი ამ ამბით დაინტერესდება, თუმცა განცხადებას მხოლოდ საქმის შესწავლის შემდეგ გააკეთებს. პროცესში ჩაბმას და საკითხის შესწავლას არასამთავრობო სექტორიც აპირებს.

20 აპრილს ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა მორიგი ყოველწლიური ანგარიში – „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2016“. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ხუთი ადგილით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, მოწინავე პოზიციებს იკავებენ ფინეთი, ჰოლანდია და ნორვეგია, მათ მოსდევენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები. პრობლემებია ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში – მთავარ გამოწვევად რჩება გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე. გაცილებით მძიმეა ვითარება აზიის კონტინენტზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ თავისი მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 5 პუნქტით გაიუმჯობესა, მთლიანობაში, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ქვეყნის ეროვნული მაჩვენებელი მცირედით, 0,26 %-ით, მაგრამ მაინც შემცირებულია. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის კუთხით ვითარება კარგია, სატელიტური ტელევიზიები არსებობს და პლურალიზმს უზრუნველყოფს, ჟურნალისტთა მიმართ ძალადობა სულ უფრო იშვიათია, თუმცა ერთეული მუქარები კვლავ რჩება. ამასთანავე, მედია მკვეთრად პოლარიზებულია და, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიის მესაკუთრეები სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ, წამყვანი სატელევიზიო არხების ფლობისთვის ბრძოლა კი, მედიის პლურალიზმის მომავლის თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს.

ქართულ მედიაში მფლობელობის თაობაზე დავებს მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“. ორგანიზაციის მედიაპროგრამების მენეჯერის ნინო რობაქიძის თქმით, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული შემთხვევა, ასევე ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელობის თაობაზე დავა და ასეთივე იყო რეგიონალური ტელევიზია „ტვ 25“-ის საკითხიც და ეს პრობლემები დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ნინო რობაქიძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანი წელი იქნება 2016 წელი, ვინაიდან ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამზადისი მთელ ქვეყანაში გაიშლება და პროცესები შეეხება რეგიონალურ მედიასაც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი, რამაც მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებაზე იქონია გავლენა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იყო, თუმცა ანგარიშში იმაზეა საუბარი და ნატა ძველიშვილიც მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომელიც ჯერ ისევ სასამართლოშია, გამოტანილი გადაწყვეტილება იქნება არსებითი მნიშვნელობის მქონე საქართველოში მედიის თავისუფლების შესაფასებლად.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სოფელმა ცდომ, რომლის მკვიდრნიც სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ 20 აპრილს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გამართეს მოთხოვნით, დროებით შეჩერდეს დარიალ-სტეფანწმინდის გადამცემი ხაზის იმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ცდოში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას სასამართლოში სამართლებრივი დავის საშუალება მიეცეს.

ცდოს მკვიდრი ზაზა წიკლაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობა მათ კუთვნილ მამაპაპისეულ მიწებზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც არსებობს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გასაყვანად ალტერნატიული გზა, სოფლიდან მოშორებით:

„არის თერგის ჭალები, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროთი, სადაც განთავსებულია ტრანსკავკასიური გაზსადენის ორი მილი, სადაც განთავსებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი და ა.შ. ერთი სიტყვით, სივრცე არის საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ დაიტიოს კიდევ არაერთი მასიური ნაგებობა, ანუ ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ეს გადამცემი ხაზი სხვა გზით წავიდეს“.

პასუხად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილირადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო აწარმოებს არა ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობას, არამედ უკვე არსებულის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მეტიც, პროექტის მიხედვით, ბოძები კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიდან გადადის 100 მეტრის მოშორებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, რომელიც თითქმის გამოუყენებელია სოფლის მეურნეობისა თუ სხვა ტიპის სამუშაოებისთვის. ამიტომ, აცხადებს ილია ელოშვილი, კომპრომისი არ იქნება და ელექტოგადამცემი ბოძები მაინც დამონტაჟდება. ამის სანაცვლოდ კი, სოფელ ცდოში გაიყვანენ წყალს, ააშენებენ ეკლესიას და გადაიხდიან კომპენსაციას.

ზაზა წიკლაურის თქმით, ცდოს მოსახლეობა უარს ამბობს კომპენსაციის მიღებაზე და ითხოვს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააუქმოს კომპანიისთვის მიცემული მშენებლობის ნებართვა და ხელისუფლებამ მოსახლეობის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზის შესწავლა დაიწყოს.

გასული კვირის მიწურულს ზოგმა მედიაკომპანიამ გამოაქვეყნა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის, არაოფიციალური გზით მოპოვებული, შედეგები. გამოკვლევის შედეგები IRI-მ თავად გააცნო პოლიტიკური პარტიების ნაწილს, ნაწილს კი ჯერ ისევ აცნობს. არაოფიციალური გზით გავრცელებული მონაცემების თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 20 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19 %, „თავისუფალი დემოკრატები“ - 13 %.

XS
SM
MD
LG