Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უსაშველო" ატამი


კახეთში გლეხები ატმის რეალიზებას ვერ ახერხებენ. არის შემთხვევები, როცა ატამს ან მინიმალურ ფასში ყიდიან, ან ყრიან კიდეც. ექსპერტები ხელისუფლებისგან ფერმერების მეტ მხარდაჭერას მოითხოვენ, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ატმის ჩაბარების კუთხით პრობლემები არ არის.

"უსაშველო" ატამი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:05 0:00
გადმოწერა

„ძალიან ძვირი ჯდება მისი მოყვანა და როგორ ვყიდი, აბა? მყიდველი არავინაა“, - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, რომ წელსაც იგივე მოხდა, რაც წინა წლებში ხდებოდა. მისი თქმით, მდგომარეობის გამოსწორებაზე, კერძოდ, საწარმოების გახსნაზე ან ექსპორტის გაზრდაზე არც არავის უფიქრია. შესაბამისად, სიტუაციაც არ შეცვლილა.

საექსპორტო კუთხით ატმის რეალიზაციას არანაირი პრობლემა არ გააჩნია, თუმცა მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან კმაყოფილები ატმის სეზონის მიმდინარეობით, რადგან ფასები არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება ფერმერებს უნდოდეთ. თუმცა ფასი ყალიბდება ბაზარზე მოთხოვნით და მიწოდებით...
ლევან დავითაშვილი

„ეს მხოლოდ ატმის პრობლემა არ არის, კარტოფილზეც იგივე მოხდა შარშან. ჩვენი ასოციაციის წევრმა ერთმა ფერმერმა ლამის თავი მოიკლა, რადგან ძალიან დიდი თანხა ჰქონდა აღებული ბანკიდან და საადრეო კარტოფილი თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც ვერ გაყიდა, რადგან თურქეთიდან კიდევ უფრო იაფად შემოვიდა“.

19 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ატმის თემას შეეხო სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი თქმით, წელს ატმის მოსავალი მხოლოდ კახეთში 30 ათას ტონაზე მეტი იყო, თუმცა სეტყვისა და წვიმის გამო მოწეული ხილი დაბალხარისხიანია. მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის 17 000 ტონაზე მეტი ატამი უკვე რეალიზებულია, აქედან 13 000 ტონა ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 3 700 ტონაზე მეტი ექსპორტზე გაიტანეს.

„საექსპორტო კუთხით ატმის რეალიზაციას არანაირი პრობლემა არ გააჩნია, თუმცა მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან კმაყოფილები ატმის სეზონის მიმდინარეობით, რადგან ფასები არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება ფერმერებს უნდოდეთ. თუმცა ფასი ყალიბდება ბაზარზე მოთხოვნით და მიწოდებით. ფასი ყალიბდება იმისდა მიხედვით, თუ როგორი კონიუნქტურაა საერთაშორისო ბაზრებზე, როგორია მოსავალი და, ზოგადად, მოსავალი წელს საკმაოდ დიდია. წელს საექსპორტო ფასები ნაკლებია, წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, ეს აისახება სხვა ყველა პროდუქტზეც, თუმცა კარგი ხარისხის ატმის ექსპორტის პრობლემა არ არსებობს“.

მინისტრი ამბობს, რომ ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა უკვე არსებულ საწარმოებს ხილის ჩაბარება შეუფერხებლად შეუძლიათ:

„სამრეწველო სიმძლავრეები არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა იყოს, და ეს ერთ-ერთი გამოწვევა იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და ქვეყნის მთავრობისთვის“.

რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიზმები არ არსებობს. მისი თქმით, დღეს სოფლის მეურნეობის ყველა კულტურა, კენკროვნების გარდა, წამგებიანად ითვლება, თუმცა, თუ ბაზარი არ დარეგულირდა, მალე, შესაძლოა, კენკრამაც ვეღარ მოიტანოს სარგებელი. გიგაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტი ისა აქვს, რომ სახელმწიფო კერძო ბიზნესში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ:

„თუ ეს ის თემაა, რომელსაც არ სჭირდება მხარდაჭერა, მაშინ რატომ გვაქვს მხარდამჭერი პროექტები? ერთი მხრივ, ვაფინანსებთ ფერმერს, რომ გააშენოს ბაღები. ამაზე იხარჯება ბიუჯეტის ფული და დონორებიც გვეხმარებიან. მეორე მხრივ, მოწეული მოსავალი სად წავიღოთ, არ ვიცით. ამიტომ გასაღების ბაზარი არის მთავარი“.

მერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბევრი პროდუქტი მხოლოდ პირველადი მოხმარებისთვის გამოიყენება, მაშინ როცა შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში იმავე პროდუქტს გაცილებით დიდი მოგების მოტანა შეუძლია. ამის მაგალითად მას თხილი მოჰყავს:

„როდესაც, უბრალოდ, ვაგროვებთ თხილს და ექსპორტზე გაგვაქვს და ამაში, არ ვიცი, ვთქვათ, ხუთასი ადამიანია დასაქმებული, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ გავაკეთოთ შოკოლადების ქარხანა, რომელიც თხილს გამოიყენებს...“

მისი თქმით, მსგავსი პროექტები გაცილებით მეტ ადამიანს მისცემდა დასაქმების შესაძლებლობას და ქვეყანაც მეტ მოგებას მიიღებდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG