Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100-ქულიანი მართვის მოწმობა - ათვლა დაიწყო


2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად ე.წ. 100-ქულიან სისტემასაც აწესებს. მძღოლების ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება მათ კუთვნილ მართვის მოწმობებზე 100 ქულის დარიცხვის შესახებ. ახალი სისტემა გულისხმობს, რომ საგზაო წესების ყოველი დარღვევისას 100 ქულას ქულები დააკლდება და, შესაძლოა, გაუფრთხილებელი მძღოლი მართვის მოწმობის გარეშეც კი დარჩეს.

100-ქულიანი მართვის მოწმობა - ათვლა დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00
გადმოწერა

პირველი ივლისიდან ყველა მძღოლს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ჰყავს ავტომობილი, მართვის მოწმობაზე დაერიცხება 100 ქულა, რომელიც ძალაში იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე. ქულები ამ 100 ქულას დააკლდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევს. თუ ისე მოხდა, რომ ქულების რაოდენობა 0-მდე შემცირდა, მართვის მოწმობის მფლობელს ავტომობილის მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება. მან უნდა ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა, რისი შანსიც ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიეცემა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმ პირს, რომლის ქულების რაოდენობა 50-მდეა შემცირებული და შემდეგში 20 ქულამდე შემცირდება, ინფორმაცია მართვის უფლების გაუქმების საფრთხის შესახებ მიეწოდება ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

აი, მაგალითად, თუ ავტომობილს მართავთ ნასვამ ან მთვრალ მდგომარეობაში, ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ჩამოგაკლდებათ 30 ან 40 ქულა; თუ თქვენს ავტომობილს არ გაუვლია სავალდებულო ტესტირება, 15 ქულა დაგაკლდებათ, ღვედის გარეშე მგზავრობისას - 5, მობილურ ტგელეფონზე ლაპარაკის შემთხვევაში - 15. უფრო დეტალურად ქულების კლების ჩამონათვალი შსს-ს ვებსაიტზე დევს.

100-ქულიანი მართვის მოწმობა - ათვლა დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00

შსს მოუწოდებს მძღოლებს დააკვირდნენ ჯარიმის ქვითარს, სადაც ფულადი ჯარიმის ოდენობასთან ერთად მითითებული იქნება სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ქულა და მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულების ოდენობა. გიორგი მღებრიშვილის ბრძანების თანახმად, ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.

21 წლის გიორგი 100-ქულიანი სისტემის შემოღებას და კანონის გამკაცრებას ზედმეტ სანქციად აღიქვამს და ამბობს, რომ საგზაო მოძრაობის კანონდამრღვევებზე ეს წესები მაინც არ იმოქმედებს:

„მე მაინც მგონია, რომ ფულთან და ჯარიმებთან არის დაკავშირებული ეს ცვლილება, რომ დაიწეროს ბევრი ჯარიმა, ჩამოგეჭრას ქულები და მერე იხადო ფული მართვის მოწმობის აღებაში“.

ასე არ ფიქრობენ საკანონმდებლო ცვლილებათა მომზადების პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და იმედი აქვთ, რომ ცვლილებები საგზაო მოძრაობის მხრივ ქვეყანაში არსებულ კრიტიკულ სურათს შეცვლის. მათი რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა, როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა თქვა რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“, კვლავაც რჩება რამდენიმე საკითხი, რომელთა მიმართ არასამთავრობო სექტორი მეტ სიმკაცრეს მოითხოვდა. მაგალითად, ბავშვების მგზავრობის წესები:

„კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ სამ წლამდე ბავშვი ჩავსვათ ან სავარძელში, ან უკანა სავარძელზე ზრდასრულმა პირმა ჩაისვას კალთაში, თუმც კი ამ პირს ღვედი შეკრული უნდა ჰქონდეს. ჩვენი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ბავშვის დაცვა მგზავრობის დროს და ბავშვი, რომლის სიმაღლე არის, დაახლოებით, 135-140 სანტიმეტრი, ის უნდა აუცილებლად იჯდეს ან სპეციალურ სავარძელში, ან სამაგრში, რომ ღვედმა დარტყმის დროს შეასრულოს თავისი ფუნქცია“.

„საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ეს ცვლილებები არ არის საშიში კანონმორჩილი მძღოლებისათვის. ხოლო ვინც მოძრაობის წესებს არღვევს, მათთვის კარგი გაფრთხილება იქნება. რაც შეეხება მოლოდინს, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ეს ცვლილება, ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ამას მალევე გამოაჩენს საგზაო შემთხვევების სტატისტიკა:

„ეს ცვლილება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. და რით ფასდება საგზაო უსაფრთხოება? - საგზაო შემთხვევებით, ავარიებით და დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობით. თუ ეს საშინელი სტატისტიკა არ შეიცვალა, ყველაფერი ფუჭი იქნება. არადა, ყოველ წელს, სამწუხაროდ, სტაბილური სტატისტიკა გვაქვს: წელიწადში 600 დაღუპული და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი“.

არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, რომელთაც, შალვა ოგბაიძის აზრით, კანონით დარეგულება სჭირდება. უკანა სავარძლების ღვედების გამოყენების აუცილებლობაც მათ შორისაა.

„ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევა და აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ უკანა ღვედების ამოქმედებაც დაიწყოს“.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება უჩერდება. მართვის უფლება ვადამდე აღუდგება გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ. თუმცა გამოცდის ჩაბარებაც და ჯარიმის გადახდაც პირს სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეეძლება. მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის 16 წლამდე პირის მიერ კალთაში ჩასმით გადაყვანის შემთხვევაში სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. დაუშვებელია ერთი მგზავრის მიერ კალთაში ერთზე მეტი ბავშვის ჩასმა. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომად 200-ლარიანი ჯარიმა დაწესდა.

კიდევ ერთი სიახლე უკონტაქტო პატრულირების წესს შეეხება, რომლის თანახმად, პოლიციას უფლება ეძლევა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავიანთ ავტომობილებში დაამონტაჟოს ფოტო ან ვიდეოტექნიკა, ასევე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში, ხოლო მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინახება, თუ ის ასახავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ან დანაშაულს. უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა გამოიწერება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG