Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


ჯონ კერი, ვლადიმირ პუტინი
ჯონ კერი, ვლადიმირ პუტინი

მსოფლიო თანამეგობრობისთვის კარგია, როცა შეერთებული შტატები და რუსეთი საერთო პოზიციაზე შეთანხმებას ვახერხებთო, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთში მისი ვიზიტის ფონს ქმნის ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობა, რომელსაც რამდენიმე საკითხში, მათ შორის, სირიის კრიზისის მოგვარების მხრივ, განსხვავებული პოზიციები იწვევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ 18 დეკემბერს ნიუ-იორკში გაიმართება დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრა სირიის კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა ჯონ კერისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, რომელიც 15 დეკემბერს, გვიან საღამოს, მოსკოვში გაიმართა. ლავროვის განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება ნაბიჯებზე, რომლებიც უფრო შედეგიანსა და უკეთ კოორდინირებულს გახდის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას.

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იდეას, რომ ამ პარასკევს, 18 დეკემბერს, ნიუ-იორკში გაიმართოს სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მინისტრების დონეზე და იმედი გვაქვს, რომ, შეხვედრის შედეგად, მისი ყველა მონაწილის მხარდაჭერით, შევძლებთ გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველად გავიტანოთ რეზოლუციის პროექტი“, - განაცხადა ლავროვმა მას შემდეგ, რაც მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ პრეზიდენტი პუტინი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. განცხადება გააკეთა ჯონ კერიმაც. მან გამოთქვა ვაშინგტონის მზადყოფნა, რუსეთთან ითანამშრომლოს „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად. მისივე თქმით, საუბრის დროს შეთანხმდნენ სირიელი ოპოზიციონერების რომელი ჯგუფების მიწვევას მიიჩნევენ მიზანშეწონილად ნიუ-იორკში 18 დეკემბრის შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეებს შორის არ იქნებიან არც „ისლამური სახელმწიფოს" და არც ალ-ყაიდის მოკავშირე "ალ ნუსრას ფრონტის" წარმომადგენლები.

„შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები არ ვცდილობთ ე. წ. რეჟიმის შეცვლას, როგორც ეს სირიაშია ცნობილი. ჩვენ ის ვთქვით, რომ არა გვგონია თვითონ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეეძლოს მომავალში სირიის გაძღოლა. დღეს ყურადღებას ვამახვილებთ არა ჩვენ შორის აზრთა სხვაობაზე იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ან არ შეიძლება გაკეთდეს ახლა, დაუყოვნებლივ. ჩვენ პროცესზე ვართ ფოკუსირებული“ - კერის სიტყვები, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები არ ცდილობენ „რეჟიმის შეცვლას“, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ სირიის პრეზიდენტად მომავალშიც დარჩეს ბაშარ ალ-ასადი, მიანიშნებს ერთ-ერთ მთავარ პუნქტზე, რომელიც უთანხმოებას იწვევს სირიის კრიზისის მოგვარების საკითხში.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს აერთიანებს მიზანი, დაამარცხონ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ, ამავე დროს, ერთმანეთისაგან განსხვავებულად ესახებათ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ბედი. სირიის პრეზიდენტი რეგიონში რუსეთის მთავარი მოკავშირეა და მოსკოვი გადაჭრით მოითხოვს, სირიელმა ხალხმა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების სათავეში. დასავლეთი კი მიუღებლად მიიჩნევს პრეზიდენტად ბაშარ ალ-ასადის დარჩენას მას შემდეგ, რაც ასიათასობით ადამიანი შეიწირა თითქმის ხუთი წლის წინ დაწყებულმა სამოქალაქო ომმა.

ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ რუსეთის ზოგი დარტყმა მიმართული იყო სირიელი ზომიერი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ნაცვლად. და მიხარია იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაითვალისწინა ეს მოსაზრება...
ჯონ კერი

ჯონ კერი პირველად შეხვდა ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთმა სექტემბრის მიწურულს დაიწყო სამხედრო-საჰაერო კამპანია სირიაში. ამასთან, დასავლეთში ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ რუსეთის სამხედრო დარტყმები მიმართულია, უმეტესწილად, ზომიერი ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ეს კრიტიკა მოსკოვში 15 დეკემბრის ვიზიტის დროსაც გაიმეორა ჯონ კერიმ.

„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ რუსეთის ზოგი დარტყმა მიმართული იყო სირიელი ზომიერი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ნაცვლად. და მიხარია იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაითვალისწინა ეს მოსაზრება“, - განაცხადა ჯონ კერიმ მოსკოვში.

ცნობების თანახმად, ბაშარ ალ-ასადის მომავალზე აზრთა სხვაობა კვლავაც რჩება. კერის განცხადებით, მან პუტინსა და ლავროვთან საუბრისას კვლავ გაიმეორა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების პოზიცია: დაუშვებელია ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლებაში დარჩეს.

XS
SM
MD
LG